№ას-1487-1496-2011 9 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „პ-ო“, ი. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხლშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ნატურით დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ც-მა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ს მიმართ და მოითხოვა სოფელ ო-ში მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლის რეკონსტრუქციისა და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანის ხარჯის 76 755,67 აშშ დოლარის (საქართველოს ეროვნული ბანკსი მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად 135343,27 ლარი), სახლის მშენებლობისათვის შეძენილი მასალის საფასურის 7306 აშშ დოლარის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად 12688 ლარი), უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავალის 10600 აშშ დოლარისა (საქართველოს ეროვნული ბანკსი მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად 18690,98 ლარი) და ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად მიუღებელი შემოსავალის 22500 აშშ დოლარის, მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, სოლიდალურად დაკისრება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ს მოსარჩელე გ. ც-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული ზიანის, კერძოდ, სახლის რეკონსტრუქციისა და მისი ვარგისიან მდგომარეობამდე მიყვანის ხარჯის _ 76 755.76 აშშ დოლარის, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის (მიუღებელი შემოსავალის) _ 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის და უსაფუძვლოდ მიღებული თანხის _ 17 806 (ჩვიდმეტი ათას რვაასექვსი) აშშ დოლარის ანაზღაურება; მოსარჩელე გ. ც-ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით 10 500 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „პ-ომ“ და გ. ც-მა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: შპს „პ-ოს“ და ი. მ-ის მოსარჩელე გ. ც-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული ზიანის, კერძოდ სახლის რეკონსტრუქციისა და მისი ვარგისიან მდგომარეობამდე მიყვანის ხარჯის _ 72 355.76 (სამოცდათორმეტი ათას სამას ორმოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და სამოცდათექვსმეტი ცენტი) აშშ დოლარის, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის (მიუღებელი შემოსავალის) _ 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარისა და უსაფუძვლოდ მიღებული თანხის _ 17 806 (ჩვიდმეტი ათას რვაასექვსი) აშშ დოლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 15 აპრილს შპს „პ-ოსა“ და მოსარჩელე გ. ც-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სახლის მშენებლობის ზედამხედველობის შესახებ, რომლის თანახმად, შპს „პ-ო“ ვალდებული იყო განეხორციელებინა მშენებლობის ზედამხედველობა და ეზრუნა სოფელ ო-ში მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებაზე მშენებლობის დაწყებიდან მაქსიმუმ 100 დღის განმავლობაში, ანუ არაუგვიანეს 2009 წლის 25 ივლისამდე (ტ. I. ს.ფ. 17-18).
მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო თანხები (72000 ლარის და 39000 აშშ დოლარის ოდენობით) გადაეცა შპს „პ-ოს“ წარმომადგენელ ი. მ-ს (ტ. I. ს.ფ. 19).
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და ი. მ-ისათვის თანხების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტით დადგინდა, რომ მოსარჩელე გ. ც-სა და შპს „პ-ოს“ დირექტორ ი. მ-ს შორის არსებობდა ზეპირი გარიგება საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ. ამასთან, მხარეებს შორის არსებული შეთანხმებით, მშენებლობისათვის საჭირო მასალების შეძენაზე პასუხისმგებელი პირი იყო ი. მ-ი. მხარეებს შორის სამუშაოს მიღების შესახებ წერილობითი დოკუმენტი არ გაფორმებულა.
გ. ც-ის წარმომადგენლის – ქ. ქ-ას 2010 წლის 23 ივნისის წერილით პალატამ დაადგინა, რომ მან შპს „პ-ოს“ დირექტორს – ი. მ-ს აცნობა, რომ შპს „პ-ოს“ და ი. მ-ის მხრიდან დარღვეული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებები, კერძოდ: მშენებლობა ჩატარებული იყო უხარისხოდ, გარკვეული სამუშაოები შესრულებული არ იყო, არ არსებობდა შენობის შიდა სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისად, თანხების ხარჯვის კანონიერება ეჭვს ბადებდა. მთელი რიგი სამშენებლო მასალები, ღირებულებით 7 206 დოლარი, შეძენილი იყო გ. ც-ის მიერ, ხოლო თანხა მიღებული ჰქონდა ი. მ-ს. ასევე, არ იყო დასრულებული სახლის მშენებლობა, რის შედეგადაც ზიანი ადგებოდა დამკვეთს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „პ-ომ“ მოითხოვა დაუყონებლივ, არაუგვიანეს 2010 წლის 10 ივლისამდე, დაებრუნებინა გ. ც-ისათვის სამშენებლო მასალებში გადახდილი 7 206 აშშ დოლარი და ასევე, განუხორციელებელი სხვა ვალდებულებებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა _ 15 521 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის გამო აენაზღაურებინა ზიანი _ 6,200 აშშ დოლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, შპს „პ-ოს“ უნდა წარედგინა დამკვეთისთვის მის მიერ სახლის შიდა და გარე სამუშაოების ჩასატარებლად შეძენილი მასალების სრული ხარჯთაღრიცხვა, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია და დაესრულებინა სახლის და მის გარეთ ჩასატარებელი სამუშაოები დამკვეთისათვის მისაღები ხარისხით 2010 წლის 01 აგვისტომდე (ტ. I. ს.ფ. 44).
საქმეში არსებული მასალებით პალატამ ასევე დაადგინა, რომ შპს „პ-ოს“ აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, რაიმე ქმედება არ განუხორციელებია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული წერილი შემკვეთის მიერ წარდგენილ იქნა სამუშაოს მიღებიდან 1 წლის შემდეგ, ვერ მიიჩნეოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სათანადო გაფრთხილებად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტთა მითითება პრეტენზიის წარდგენის გონივრულ ვადაზე, მაშინ, როდესაც მის მიერ საბუღალტრო დოკუმენტაციის წარუდგენლობა ადასტურებდა, რომ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაო არ მიუღია, იყო სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. საბუღალტრო დოკუმენტებში ზედმიწევნით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვა ნათლად დაადასტურებდა იმ ფაქტს, თუ როდის, რისთვის, რამდენი თანხა იქნა დახარჯული, რა სამუშაო იქნა შესრულებული და სადამდე მიყვანილი.
მოსარჩელის თხოვნით, საამშენებლო კომპანია შპს „ა-მა“ შეისწავლა შენობა და დაადგინა შენობის დემონტაჟისა და ანალოგიური შენობის აშენების ღირებულება, რაც შეადგენს 76755,67 აშშ დოლარს (დღგ-ს ჩათვლით) (ტ. I. ს.ფ. 46).
სამშენებლო მასალების გარკვეული ნაწილი, რომელიც შეტანილი იყო შპს „პ-ოს“ მიერ წარმოდგენილ წინასწარ ხარჯთაღრიცხვაში (7206 აშშ დოლარი – ლამინატის, კარ-ფანჯრის, შიდა კარებების, მეტლახის და სველი წერტილების მოწყობილობის ღირებულება) გადახდილი იყო მოსარჩელის მიერ, ხოლო თანხა მიღებული ჰქონდა ი. მ-ს (ტ. I. ს.ფ. 17-28).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, პალატამ დაადგინა, რომ საცხოვრებელ სახლს აღენიშნებოდა მთელი რიგი დარღვევები და სამშენებლო ნორმებიდან გადახვევები, ცალკეული დარღვევები არის კონსტრუქციული ხასიათის, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ, როგორც შენობის საერთო მდგრადობაზე და კონსტრუქციული ელემენტების მზიდუნარიანობაზე, ასევე _ კონსტრუქციული ელემენტების მზიდუნარიანობაზე, ხოლო ცალკეული მათგანი საინტერიერო დეფექტებითა და დიზაინერული ხარვეზებით ხასიათდებიან, რომლებიც ძირითადად საყოფაცხოვრებო პირობებს აუარესებენ და დისკომფორტს ქმნიან (ტ. I. ს.ფ. 31-34).
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას უნდა გათვალისწინებულიყო ის გარემოება, რომ მშენებლობის დასრულებიდან ექსპერტიზის ჩატარებამდე გასული იყო საკმაოდ დიდი დრო, რა პერიოდშიც მოსალოდნელი იყო ნაკლოვანებები წარმოშობილიყო სხვადასხვა მიზეზებით (მაგალითად: ტემპერატურა, ქარი, კლიმატური პირობები და ა.შ.). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო კლიმატისა და ტემპერატურის ცვალებადობას ისეთი უარყოფითი გავლენა მოეხდინა სამშენებლო ნორმების შესაბამისად აგებულ სახლზე, რომ ეჭვქვეშ დამდგარიყო მისი მდგრადობის საკითხი. მოპასუხეებისათვის გადახდილი თანხის ნაწილზე, კერძოდ, 1060 აშშ დოლარის შესახებ, არ არსებობდა ინფორმაცია (არ შეესაბამება წინასწარი ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ თანხას), თუ რა საფუძვლით იქნა აღნიშნული თანხა მიღებული და გამოყენებული.
მშენებლობის დასრულების ვადაგადაცილების გამო (საცხოვრებელი სახლი დღესაც გამოუსადეგარია საცხოვრებლად), იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვადაგადაცილების გამო საცხოვრებელი სახლი ვერ გამოიყენა საცხოვრებლად, მას ადგება ზიანი.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი იყო, როგორც ი. მ-ი, ასევე – შპს „პ-ო“. სახლის მშენებლობის ზედამხედველობის შესახებ ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხსენებული ხელშეკრულება დადებულ იქნა გ. ც-სა და შპს „პ-ოს“ შორის, რომელსაც წარმოადგენდა ი. მ-ი. სამშენებლო სამუშაოების თანხები მიღებული აქვს და სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას ხელს აწერს ი. მ-ი, რომელიც იმავდროულად არის შპს „პ-ოს“ დირექტორი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა და მასზე ზედამხედველობა ევალებოდა ერთსა და იმავე სუბიექტს –ი. მ-სა და შპს „პ-ოს“, შესაბამისად, ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი არის, როგორც ი. მ-ი, ასევე – შპს „პ-ო“ და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მენარდე იყო ი. მ-ი, არა როგორც იურიდიული პირის დირექტორი, არამედ – როგორც ფიზიკური პირი და შპს „პ-ო“ არ წარმოადგენდა სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 28 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გ. ც-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 4400 აშშ დოლარით, არსებული სახლის დემონტაჟისათვის საჭირო თანხის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 69.1-ე, 319.1-ე, 362-ე, 463-ე, 464-ე, 361-ე, 644-ე, 405-ე, 649-ე, 646.2-ე, 385-ე, 982-ე, მე-400 მუხლებით და მიიჩნია, რომ შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასხელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „პ-ომ“ და ი. მ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, მხარეებმა: შპს „პ-ო“, ი. მ-მა და გ. ც-მა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხეები შპს „პ-ო“ და ი. მ-ი თანხმობას აცხადებენ მოსარჩელე გ. ც-ს სოლიდარულად გადაუხადონ 44000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით; თანხის გადახდა მოხდება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, თითოეულ თვეს არანაკლებ 7333,3 (შვიდი ათას სამას სამოცდაცამეტი და ოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით;
2. მითითებული თანხის გადახდა იწარმოებს გ. ც-ის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. თანხის გადახდა უნდა მოხდეს ყოველი თვის 25-30 რიცხვებში. გრაფიკის დარღვევად ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილება მომდევნო 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში. ყოველთვიური გრაფიკის დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას ვადაგადაცილებულ დღეზე 0,001%-ის ოდენობით იმ თვეში გადასახდელი თანხიდან. პირგასამტეხლო შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ს დაეკისრებათ სოლიდარულად.
3. გ. ც-ი თანახმაა მორიგების აღნიშნულ პირობებზე. იგი გონივრულ ვადაში მიაწვდის მოწინააღმდეგე მხარეს თავის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს. იგი ასევე აცხადებს, რომ მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში, მომავალში შპს „პ-ოსა“ და ფიზიკურ პირ ი. მ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნება, ასევე, აშენებული სახლის ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. მიღებული თანხით იგი სრულად უზრეუნველყოფს ყველა ხარვეზის აღმოფხვრას და სახლის ვარგისიანად აღიარებას შესაბამისი ორგანოების მეშვეობით. ასევე აცხადებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებით, ის ჩაიბარებს საცხოვრებელ სახლს.
4. თანხის გადახდის საერთო გრაფიკის დარღვევად ჩაითვლება 2012 წლის 7 სექტემბრისათვის 44000 აშშ დოლარის გადაუხდელობა, რის საფუძველზეც, გ. ც-ი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ს სოლიდარულად დაეკისრებათ 100000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორებს: შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ს უნდა დაუბრუნდეთ ო. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხეები შპს „პ-ო“ და ი. მ-ი თანხმობას აცხადებენ მოსარჩელე გ. ც-ს სოლიდარულად გადაუხადონ 44000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით; თანხის გადახდა მოხდება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, თითოეულ თვეს არანაკლებ 7333,3 (შვიდი ათას სამას სამოცდაცამეტი და ოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით;
2. მითითებული თანხის გადახდა იწარმოებს გ. ც-ის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. თანხის გადახდა უნდა მოხდეს ყოველი თვის 25-30 რიცხვებში. გრაფიკის დარღვევად ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილება მომდევნო 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში. ყოველთვიური გრაფიკის დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დაკისრებას ვადაგადაცილებულ დღეზე 0,001%-ის ოდენობით იმ თვეში გადასახდელი თანხიდან. პირგასამტეხლო შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ს დაეკისრებათ სოლიდარულად.
3. გ. ც-ი თანახმაა მორიგების აღნიშნულ პირობებზე. იგი გონივრულ ვადაში მიაწვდის მოწინააღმდეგე მხარეს თავის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს. იგი ასევე აცხადებს, რომ მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში, მომავალში შპს „პ-ოსა“ და ფიზიკურ პირ ი. მ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნება, ასევე, აშენებული სახლის ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. მიღებული თანხით იგი სრულად უზრეუნველყოფს ყველა ხარვეზის აღმოფხვრას და სახლის ვარგისიანად აღიარებას შესაბამისი ორგანოების მეშვეობით. ასევე აცხადებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებით, ის ჩაიბარებს საცხოვრებელ სახლს.
4. თანხის გადახდის საერთო გრაფიკის დარღვევად ჩაითვლება 2012 წლის 7 სექტემბრისათვის 44000 აშშ დოლარის გადაუხდელობა, რის საფუძველზეც, გ. ც-ი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ს სოლიდარულად დაეკისრებათ 100000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;
4. კასატორებს: შპს „პ-ოსა“ და ი. მ-ს დაუბრუნდეთ ო. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე 2011 წლის 25 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - №300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.