№ას-149-143-2012 12 მარტი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 5 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე ე. ს-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის გადაუხდელი სწავლის საფასურის დაკისრება 6625 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2-13).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 94-104).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ( ს.ფ. 108-118).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ე. ს-ე 2005 წლის 27 ოქტომბრის №3-168 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე;
2005 წლის 23 სექტემბერს უნივერსიტეტსა და ე. ს-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი მხარე, ანუ უნივერსიტეტი ყველა პირობას შეუქმნიდა სტუდენტს სწავლა-აღზრდისათვის, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფდა მას საერთო საცხოვრებელში ბინით, დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, სწავლების განმავლობაში მაღალ მეცნიერულ დონეზე ჩაატარებდა სპეციალობის სასწავლო გეგმით და პროგრამით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ სტუდენტს მიეღო სრულფასოვანი საუნივერსიტეტო განათლება. მეორე მხარემ (სტუდენტმა) ასევე აიღო ვალდებულება შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესის მოთხოვნები, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები;
დასახელებული ხელშეკრულების „გ“ პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მოპასუხე რექტორის 2005 წლის 15 სექტემბრის №1-52 ბრძანებით დადგენილ ვადაში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურს, იგი ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან;
მოპასუხეს არ გადაუხდია სწავლის საფასური რექტორის ბრძანებით გათვალისწინებულ ვადაში, ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მას საერთოდ არ უვლია უნივერსიტეტში და არ მიუღია არანაირი მომსახურეობა უნივერსიტეტისაგან;
ე. ს-ე 2006 წელს განმეორებით გავიდა ეროვნულ გამოცდებზე და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით კვლავ ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე;
2006 წლის 15 სექტემბერს მხარეებს შორის კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე ე. ს-ე კვლავ გაფრთხილდა, რომ თუ იგი რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურს, ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან;
ე. ს-ემ ვერ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, მას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც არ გადაუხდია სწავლის საფასური. შესაბამისად, მოპასუხეს არ უვლია უნივერსიტეტში, იგი არ დასწრებია არც ერთ მეცადინეობას და არ უსარგებლია მოსარჩელის მომსახურებით;
ე. ს-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანებით შეუწყდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. მას გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების შესახებ და განესაზღვრა ვადა თანხის გადასახდელად;
სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის მიერ 2008 წელს გაცემული დიპლომის მიხედვით, ე. ს-ე 2004-2008 სასწავლო წლებში სწავლობდა არა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ კოლეჯში. ხსენებული კოლეჯის სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 2008 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა დაწყებითი კლასების ინგლისური ენის მასწავლებლის და კომპიუტერული ტექნიკის ოპარეტორის კვალიფიკაცია.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება. დამატებით მან მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებითად, მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. იგივე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. ამიტომ, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა აპელანტის მოსაზრებები გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ ე. ს-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ უსწავლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია (ს.ფ. 162-173).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ჩათვალა მოპასუხე 2008 წლამდე პერიოდში სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად. კასატორი მიუთითებს მოსარჩელე უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ზედიზედ სამი სამესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; აგრეთვე, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებაზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები პირდაპირ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მოთხოვნის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ბოლოს შესასრულებელი ვალდებულებიდან;
კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ითვლება არანაკლებ სამი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ანუ 2008 წლიდან, რაც გახდა კიდეც საფუძველი სტუდენტის მიმართ სტატუსის შესაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის. საბოლოოდ, წარმოება დასრულდა 2008 წლის დეკემბრის ბრძანებით. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტატუსშეწყვეტილი პირების მიერ რსუ-ს სტუდენტის სტატუსის ხელახლა მოპოვება შესაძლებელი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის დეკემბრიდან, ვინაიდან უნივერსიტეტი ამ დრომდე მოპასუხეს მიიჩნევდა მის სტუდენტად, შესაბამისად თვლიდა, რომ მასთან იყო სამართლებრივ ურთიერთობაში, რადგანაც არსებობდა შესაძლებლობა დამატებითი ძალისხმევის გარეშე სტუდენტს სწავლა გაეგრძელებინა. აქედან გამომდინარე, მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის აქტის გამოცემისთანავე უნივერსიტეტს წარმოეშვა უფლებამოსილება დარღვეული უფლების აღსადგენად მიემართა სტუდენტისათვის, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ სასამართლოსათვის;
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ლექციაზე არდასწრების გამო, ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან, ვინაიდან სტუდენტს სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უფლება აქვს ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში (ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი) უნივერსიტეტში, თუ დაუგროვდება აკადემიური დავალიანება (გაუვლელი საგნები) – დაარეგისტრიროს (ისწავლოს) იგი მომდევნო სემესტრებში და ა.შ. (ს.ფ. 175-183).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (331.25 ლარი) 70% – 231.87 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (331.25 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 16 თებერვალი, საგადასახადო დავალება №60, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 231.87 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.