№ას-151-145-2012 15 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. მ-ის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 411-ე და 414-ე მუხლების საფუძველზე და მოითხოვა სწავლის საფასურის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
ვ. მ-ე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის ისტორიის სპეციალობაზე. 2006 წელს უნივერსიტეტსა და მ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. კერძოდ, სტუდენტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები. ხოლო უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება რომ, ყველა პირობას შეუქმნიდა სტუდენტს სწავლა-აღზრდისათვის, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფდა მას საერთო საცხოვრებელში ბინით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკის ფონდით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ზემოაღნიშნული წესები, რის გამოც მას რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანებით შეუწყდა რსუ-ს სტუდენტის სტატუსი. გამომდინარე იქიდან, რომ 2006 წლის 30 სექტემბრიდან 2008 წლის 29 დეკემბრამდე ვ. მ-ე სამართლებრივად ითვლებოდა სტუდენტად, შესაბამისად მასზე, როგორც სტუდენტზე ირიცხებოდა სწავლის საფასური. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2150 ლარის დაკისრება. მხარემ დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეს, როგორც 2010 წლის 4 თებერვლამდე სტატუსშეწყვეტილ პირს, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, შეუძლია აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, თანახმად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებისა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მისი უსაფუძვლობის გამო და განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, გამომდინარე აქედან, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მოპასუხე მხარეს გაეგზავნა წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება და საკასაციო საჩივრის ასლი.
2012 წლის 9 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ლია გაბაიძემ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. მოპასუხე 2012 წლის 13 მარტს შემოსული განცხადებით აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათ გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა, რომელსაც მოპასუხე ვ. მ-ეც ეთანხმება. ამდენად არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ლია გაბაიძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად, ამასთან, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი დარჩეს განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
3. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საიდენთიფიკაციო ...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან (ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE79 BR00 0000 0033 0500 01.) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №59 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 16 იანვარს გადახდილი 300 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.