№ას-153-147-2012 22 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. უ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა. გ-ე, გ. გ-ე, ს. დ-ე, შ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. და გ. გ-ეებმა, ს. დ-ემ და შ. მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. უ-ისა და თ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის, მათ სასარგებლოდ, სოლიდარულად ვალის _ 35000 ლარისა და 73 284 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 120 918 ლარის, სულ _ 155 418 ლარის დაკისრება, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 3000 ლარის და ადვოკატის მომსახურების _ 1500 ლარის, სულ _ 4500 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ა. გ-ის, გ. გ-ის, ს. დ-ისა და შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: ნ. უ-ესა და თ. გ-ეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 35000 ლარისა და 73 284 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ასევე მოსარჩელეთა მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 3000 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 1500 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება მისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ნ. უ-ეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, 1400 ლარისა და 2931 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა) ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ორჯერ მის მიერ მითითებულ მისამართზე, საიდანაც დაბრუნდა მინაწერით: „ნამდვილადნ ცხოვრობს, სახლში არ იყო, შეტყობინებას არ გამოეხმაურა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ასევე 73-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მხარისათვის ჩაბარებულად ჩათვალა და ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. უ-ე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ, მართალია ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფება და გვიან ბრუნდება სამსახურიდან, შესაბამისად, გზავნილის ჩამბარებელი მას არ შეხვედრია და ამასთან, არც კურიერის შეტყობინება დახვედრია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ნ. უ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. უ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, 1400 ლარისა და 2931 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა) ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ორჯერ მის მიერ მითითებულ მისამართზე, საიდანაც დაბრუნდა მინაწერით: „ნამდვილადნ ცხოვრობს, სახლში არ იყო, შეტყობინებას არ გამოეხმაურა“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ასევე 73-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, სასამართლომ განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მხარისათვის ჩაბარებულად ჩათვალა და, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, მაგრამ დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფება და გვიან ბრუნდება სამსახურიდან, შესაბამისად, გზავნილის ჩამბარებელი მას არ შეხვედრია და ამასთან, არც კურიერის შეტყობინება დახვედრია.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ბარდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული 73-ე მუხლის 11 ნაწილით კი, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ამდენად, სასამართლოს მხრიდან მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის ორჯერ გაგზავნის შედეგად გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება მაშინაც, თუ იგი, სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით, მხარეს არ ჩაბარდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება ნ. უ-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მაგრამ განმეორებით გაგზავნილი შეტყობინებაც არ ჩაბარდა ბინაზე არყოფნისა და შენახვის ვადის გასვლის გამო, ამდენად, მითითებული მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. უ-ეს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა, თუმცა მას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული კი, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით ნ. უ-ემ დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.