Facebook Twitter
saqme #as-224-210-2011 7 marti, 2011 weli

№ას-154-148-2012 19 მარტი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,მ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. მ-ე, ი. წ-ი, უ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,მ-ის“ მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „მ-ის“ დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 680000 ლარის, სარგებლის - 750 000 ლარისა და ძირითადი თანხის 500 000 ლარის 18 %-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, პირგასამტეხლოს - 413 667 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 680 000 ლარის 0,2 %-ის გადახდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ-იმ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,მ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ-იმ“ და დ. მ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს ,,მ-ისა“ და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. მ-ემ, ი. წ-მა და უ. მ-ემ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დ. მ-ის უფლებამონაცვლედ ი. წ-ისა და უ. მ-ის ცნობა და მათზე სააღსულებო ფურცლის გაცემა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ის, ი. წ-ისა და უ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,მ-იმ“ შემდეგი დასაბუთებით: გასაჩივრებული განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებები და მოცემულ დავაში ი. მ-ის უფლებამონაცვლეებად ცნო ი. წ-ი და უ. მ-ე. აღნიშნული ქმედებით სასამართლო გასცდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს, რადგან გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული ნორმა – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი განსაზღვრავს საპროცესო უფლებამონაცვლეობის შემთხვევებს საქმის განხილვის დროისათვის და შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოება დასრულებულია. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით 300 000 ლარისა და პირგასამტეხლოს თანხის ყოველდღიური 100 ლარის გადახდის ნაწილში დ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა უ. მ-ე, 110000 ლარის გაადხდის ნაწილში – ი. წ-ი, ხოლო დანარჩენ 300 400 ლარის ნაწილში კრედიტორად დარჩა დ. მ-ე. 2011 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შპს „მ-იმ“ დ. მ-ის მიმართ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშზე 2011 წლის 30 ივლისს – 150000 ლარი, 2011 წლის 8 აგვისტოს – 150000 ლარი, ხოლო 2011 წლის 31 აგვისტოს – 10000 ლარი ჩარიცხა, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიღების დროისათვის შპს „მ-ის“ უკვე გადახდილი ჰქონდა დ. მ-ის მიმართ არსებული დავალიანება 310000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, დ.მ-ის 300400 ლარის ნაწილში კრედიტორად მითითება დაუსაბუთებელია.

ამასთან, 2012 წლის 3 თებერვალს, შპს „მ-ის“ წარმომადგენელმა ი. ჟორჟოლიანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული №2/ბ-1390 სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება კერძო საჩივრის განხილვამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,მ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 500000 ლარის, პროცენტის - 180 000 ლარის, პირგასამტეხლოს - 30 400 ლარის, სულ 710 400 ლარის, ამასთან, პირგასამტეხლოს თანხის ყოველდღიური 100 ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 2011 წლის 28 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დ.მ-ის უფლებამონაცვლედ მოვალე შპს „მ-ის“ მიმართ 300 000 ლარისა და პირგასამტეხლოს თანხის ყოველდღიური 100 ლარის გადახდის ნაწილში, გადაწყვეტილების აღსრულებამდე კრედიტორად მიეთითა უ. მ-ე, 110 000 ლარის დაკისრების ნაწილში - ი. წ-ი, ხოლო 300 400 ლარის ნაწილში კი, დ. მ-ე. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

შპს „მ-ი“ არაკანონიერად მიიჩნევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უფლებამონაცვლეობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა არის მოთხოვნის დათმობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზეც. ხოლო მოთხოვნის დათმობა კი, შეიძლება მანამ სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უ. მ-ისა და ი. წ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობასთან დაკავშირებით მართებულია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებაში დ. მ-ის კრედიტორად მითითება 300 400 ლარის ნაწილში არასწორია. 2011 წლის 16 დეკემბრის განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარეები მოითხოვდნენ მხოლოდ უ. მ-ისა და ი. წ-ის დ. მ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობას სასამართლოს მიერ დაკისრებული მოთხოვნის ნაწილში. სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატა გასცდა განმცხადებლების მოთხოვნას, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 248-ე მუხლების მოთხოვნებს.

შპს „მ-ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მას 310000 ლარის ნაწილში ვალდებულება შესრულებული აქვს გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე. სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს დ.მ-ის მოთხოვნის ოდენობა შპს „მ-ის“ მიმართ გასაჩივრებული განჩინების მიღების დროისათვის, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ისეთი მოთხოვნის გადასვლას ახალ კრდიტორზე, რომელიც მოთხოვნის დათმობის დროისათვის არსებობდა და ეკუთვნოდა მოთხოვნის დამთმობს.

რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებული განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეჩერდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული №2/ბ-1390 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება განსახილველ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და სადავო უფლებამონაცვლეობის ფარგლების დადგენამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 418-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,მ-ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

შეჩერდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინების და მის საფუძველზე გაცემული №2/ბ-1390 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება განცხადების განხილვამდე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.