Facebook Twitter
saqme #as-224-210-2011 7 marti, 2011 weli

№ას-160-154-2012 19 მარტი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ნ-ის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 31 მაისს ი. კ-სა და ი. ნ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №100521330. სესხი - 5000 აშშ დოლარი გაიცა ორი თვის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2010 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში რიცხლი ¼ ნაწილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, გ-ის ქუჩა №9-ში. მოპასუხემ არ შეასრულა მის მიერ აღებული ვალდებულება.

მოპასუხე ი. ნ-მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ი.ნ-ის გამოუცხადებლობის გამო, ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი.ნ-მა და მოითხოვა 2011 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ბაჟის სახით 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 5 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მასვე განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ ი. ნ-ს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 20 დეკემბერს. შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 21 დეკემბერს და დასრულდა 2011 წლის 26 დეკემბერს, ხოლო განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ აპელანტის მიერ წარმოდგენილ იქნა 2011 წლის 29 დეკემბერს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა, მიუხედავად იმისა, რომ განემარტა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები, არ შეასრულა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება, კერძოდ, ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ნ-მა, შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 29 დეკემბერს ი.ნ-მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სასამართლო ხარჯის – ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. განცხადებას დართული ჰქონდა კერძო საჩივრის ავტორის მშობლების გარდაცვალების მოწმობები (ასლები) და შპს „პ-ას“ მიერ გაცემული ცნობები. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატას 2011 წლის 8 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის ობიექტურობაზე არ უმსჯელია, რაც ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ამდენად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში, ი.ნ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის) წარდგენა სასამართლოში, რისთვისაც განესაზღვრა 5 დღის ვადა. იმავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დადასტურდა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ი.ნ-ს პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 20 დეკემბერს. მითითებულ დროს გზავნილის მიღების ფაქტი მხარეს კერძო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. ასევე სადავოს არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტ ი.ნ-ისათვის სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დანიშნული ხუთდღიანი ვადის გასვლა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გასაჩივრებული განჩინება, რომ არ უმსჯელია 2011 წლის 29 დეკემბერს წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებზე, რომელიც მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას ადასტურებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი წარდგენილი მტკიცებულებები იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ი.ნ-ი სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში წარადგენდა მათ, კერძოდ, 2011 წლის 21 დეკემბრიდან ამავე წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო აღნიშნული მტკიცებულებების სასამართლოს მიერ მითითებულ ვადის გასვლის შემდეგ 2011 წლის 29 დეკემბერს წარდგენა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ი.ნ-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.