Facebook Twitter

№ას-162-156-2012 2 მარტი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 5 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე ლ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის გადაუხდელი სწავლის საფასურის დაკისრება, რომელიც მთლიანობაში შეადგენდა 3125 ლარს (ს.ფ. 2-12).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 52-60).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ( ს.ფ. 64-75).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ლ. ბ-ე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით, ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე;

2006 წლის 21 სექტემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლ. ბ-ეს შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ლ. ბ-ეს, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან;

ლ. ბ-ეს უნივერსიტეტში არ უსწავლია და არც სწავლის საფასური გადაუხდია;

უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანებით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ლ. ბ-ეს შეუწყდა უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი;

2011 წლის 15 აპრილს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლ. ბ-ეს გაუგზავნა შეტყობინება-გაფრთხილება, რომლითაც აცნობა, რომ მას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და მოსთხოვა უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, ხოლო საფუძვლიანობის შემთხვევაში – ხანდაზმული.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური; მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. ამიტომ, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ბ-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არც უსწავლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების თანახმად, ლ. ბ-ეს აპელანტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2006-2007 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრების დაწყებიდან, შესაბამისად, 30-30 დღის ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა აპელანტს მოთხოვნის უფლება. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, აპელანტი ვალდებული იყო აღეძრა სარჩელი, მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა სარჩელი აღძრა 2011 წლის 5 ივლისს, ანუ გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო საფუძვლიანობის შემთხვევაშიც კი (ს.ფ. 120-125).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვა, რითაც დაირღვა საპროცესო ნორმები. საქმე შეეხება ისეთ ურთიერთობას, რომელზეც ჩამოყალიბებული არ არის სასამართლო პრაქტიკა, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კერძოდ, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ჩათვალა მოპასუხე 2008 წლამდე პერიოდში სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად. კასატორი მიუთითებს მოსარჩელე უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ზედიზედ სამი სამესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; აგრეთვე, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებაზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშული სამართლებრივი აქტები პირდაპირ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მოთხოვნის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ბოლოს შესასრულებელი ვალდებულებიდან;

კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ითვლება არანაკლებ სამი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ანუ 2008 წლიდან, რაც გახდა კიდეც საფუძველი სტუდენტის მიმართ სტატუსის შესაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის. საბოლოოდ, წარმოება დასრულდა 2008 წლის დეკემბრის ბრძანებით. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტატუსშეწყვეტილი პირების მიერ რსუ-ს სტუდენტის სტატუსის ხელახლა მოპოვება შესაძლებელი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის დეკემბრიდან, ვინაიდან უნივერსიტეტი ამ დრომდე მოპასუხეს მიიჩნევდა მის სტუდენტად, შესაბამისად თვლიდა, რომ მასთან იყო სამართლებრივ ურთიერთობაში, რადგანაც არსებობდა შესაძლებლობა დამატებითი ძალისხმევის გარეშე სტუდენტს სწავლა გაეგრძელებინა. აქედან გამომდინარე, მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის აქტის გამოცემისთანავე უნივერსიტეტს წარმოეშვა უფლებამოსილება დარღვეული უფლების აღსადგენად მიემართა სტუდენტისათვის, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ სასამართლოსათვის;

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ლექციაზე არდასწრების გამო, ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან, ვინაიდან სტუდენტს სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უფლება აქვს ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში (ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი) უნივერსიტეტში, თუ დაუგროვდება აკადემიური დავალიანება (გაუვლელი საგნები) – დაარეგისტრიროს (ისწავლოს) იგი მომდევნო სემესტრებში და ა.შ.; კასატორის მითითებით, ზემოთ მოყვანილი მოსაზრების საპირისპიროდ, პირველი ინსტანციისა და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. ამგვარი დასაბუთება კი ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ აქტებს და საერთოდ, ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას (ს.ფ. 127-135).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისa და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 8 თებერვალი, საგადასახადო დავალება № 255, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.