№ას-163-157-2012 2 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ლ. გ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: ა. გ-ის, გ. გ-ისა და მესამე პირის – აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით, გ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 95 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ჩარიცხხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2012 წლის 27 თებერვალს გ.გ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს, სადაც განმარტა, რომ მას არ აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, არის უმუშევარი და უკიდურესად გაჭირვებული. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ აუცილებლად გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს, მაშინ, როცა დაუბრუნებებნ თავის კუთვნილ თანხას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადებისა და ოდენობის შემცირების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა შუამდგომლობის ავტორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდისაგან გათავისუფლების, გადახდის გადავადებისა და მისი ოდენობის შემცირების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს რა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა თუ გადავადების თაობაზე, მას არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის რთული ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. გ-ს დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.