№ას-165-159-2012 2 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე –მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს „ო. ლ-ის” წარმომადგენლის მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „პ. ჯ. დლ”-ს სარჩელის გამო მოპასუხე შპს „ო. ლ-ის” მიმართ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ო. ლ-ის” წარმომადგენლის მ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 2475.575 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2012 წლის 20 თებერვალს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 4 დღით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგეენელს მ. ს-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 24 თებერვალს (ს.ფ.85), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 28 თებერვალს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ო. ლ-ის” წარმომადგენლის მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.