Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

ას-1693-1677-2011 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. ნ. პ-ი (მოპასუხე)

2. ი. კ-ი (მოპასუხე)

3. თ. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. შ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. კ-ის, თ. ს-ის, ნ. პ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი-ის“ მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი-ის“ (ნ. 2005-ის) 2008 წლის 3 დეკემბრის №9 ოქმის, 2009 წლის 5 დეკემბრის №80 კრების ოქმისა და 2010 წლის 12 იანვრის №82 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი-ის“ (ნ. 2005-ის) 2008 წლის 3 დეკემბრის №9 ოქმი ნ. პ-ისათვის ვარკეთილი ... კორპუსის პირველ სადარბაზოში არსებული 37,05 კვ.მ-ის საკუთრებაში გადაცემის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ი-ის“ 2009 წლის 5 დეკემბრის №80 კრების ოქმი ი. კ-ისათვის ვარკეთილი ... კორპუსში მდებარე 80 კვ.მ-ის საკუთრებაში გადაცემისა და 2010 წლის 12 იანვრის №82 კრების ოქმი თ. ს-ისათვის ვარკეთილი ... კორპუსში მდებარე 80 კვ.მ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. პ-მა, ი. კ-მა და თ. ს-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 მუხლებით, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 მუხლით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ერთი მხრივ, როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებითაც აღინიშნა, სადავო ფართი წარმოადგენს თავისუფალ სივრცეს რკინა-ბეტონის სვეტებს შორის, რომლებზეც დაყრდნობილია საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დადგენილია, რომ სადავო ფართი (ამხანაგობის კრების სადავო გადაწყვეტილებების მიღების მომენტში) არ იყო იზოლირებული (შემოსაზღვრული) კედლებით, არ წარმოადგენდა ნაგებობას, რომელიც განკუთვნილი იყო საგნების, მოძრავი ნივთების შესანახად, შესაბამისად, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა აღნიშნული ფართის ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად და არა სამეურნეო სათავსებად მიჩნევის შესახებ. მეორე მხრივ, ასეც რომ ყოფილიყო (სადავო ფართი სამეურნეო სათავსები რომ ყოფილიყო), კრების ოქმებით გადაცემული ფართის კანონის ამოქმედების მომენტისათვის მოპასუხეთა ინდივიდუალურ მფლობელობაში ყოფნა არ დადასტურდა. ამდენად, გასაჩივრებული კრების ოქმები წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო გარიგებებს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ისინი ბათილად.

სასამართლომ განმარტა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ შესახებ საქართველოს კანონი აწესებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვის ვალდებულებას და მისი განხორციელების მექანიზმია ამხანაგობის მართვის ორგანო – ამხანაგობის წევრთა კრება.

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 მუხლის ,,ი” პუნქტის მიხედვით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ამხანაგობების კრების სადავო გადაწყვეტილებით მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება და გავლენა მოახდინა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. ასეთი მოქმედების განხორციელებისათვის კი აუცილებლობას წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უკლებლივ ყველა წევრის თანხმობა, ანუ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ კრებაზე ერთსულოვნად მიღებული გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

სასამართლოს მითითებით, აპელანტები სააპელაციო საჩივრით ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებენ ასევე მის წინმსწრებ 2011 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების სახით 16-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ტიპიური პროექტის დართვის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატა სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინების დასაბუთებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. კ-მა და თ. ს-ემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულია არსებითი ხასიათის ფაქტობრივი უსწორობა, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის სადავო კრებები ჩატარდა ამხანაგობის წევრთა ხმების 100%-ით მაშინ, როცა კანონი დღის წესრიგში დასმული საკითხების გადაწყვეტას მოითხოვდა ხმათა 2/3-ით, რაც ასევე განხორციელდა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სადავო ოქმებით, ამხანაგობის წევრთა ხემოწერებით, მოწმეთა და მხარეთა განმარტებებით.

საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილია თბილისის მერიის ტერიტორიათა განთავსების სააგენტოს „თბილქალაქპროექტიდან“ მიღებული ტიპიური 16-სართულიანი და 90-ბინიანი სახლის პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა თბილისში ყველა ანალოგიური კორპუსის აღმართვა. პროექტითა და საჯარო რეესტრის წერილით დასტურდება, რომ მხარეთა მიერ ფაქტობრივი ფლობით დაკავებული და საკუთრებაში გადაცემული ფართი სამეურნეო დანიშნულებისაა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. პ-მაც, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივებით:

სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, მისცა არასათანადო მხარეს დრო, შეექმნა მტკიცებულებები და აღერიცხა საკუთრება თავის სახელზე. პალატამ არასწორად არ გაიზიარა ბინამესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის შედგენის თარიღი – 2008 წელი და იგნორირება გაუკეთა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობას.

სააპელაციო პალატამ დაარღვია „ბენსამესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომ ნ.პ-ზე აღრიცხული სადავო ფართი არ იყო იზოლირებული და კასატორი მას არ ფლობდა. მხოლოდ მოწმის ჩვენება კი ამ ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი არ არის. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი სადავო ფართთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 დეკემბრის განჩინებით – ნ. პ-ის, 2012 წლის 24 იანვარს კი თ. ს-ისა და ი. კ-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. პ-ის თ. ს-ისა და ი. კ-ის საკასაციო საჩივებრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. პ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნინა კალანდაძისა და ნ. პ-ის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი, თ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის 16 იანვარს №4793118 სალაროს შემოსავლის ორდერით დ. ც-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი, ხოლო ი. კ-ს უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის 3 იანვარს დ. ც-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. პ-ის თ. ს-ისა და ი. კ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ნ. პ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ №300773150, დანიშნულება _ „სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე“ ნინა კალანდაძისა და ნ. პ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

კასატორ ი. კ-ს (პირადი №03001001029) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ №300773150, დანიშნულება _ „სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე“ დ. ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

კასატორ თ. ს-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 16 იანვარს №4793118 სალაროს შემოსავლის ორდერით დ. ც-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.