Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-1703-1687-2011 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ქ. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. დ-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს სესხის – 3000 აშშ დოლარისა და ზიანის – 2 999.25 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიურად 3000 აშშ დოლარის 0,93%-ის – 2.79 აშშ დოლარის ანაზღაურება 2008 წლის 27 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესრულებული ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1450 აშშ დოლარის, ზიანის სახით 472.35 აშშ დოლარისა და 2009 წლის 21 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 20.44 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 5 თებერვალს ქ. დ-ემ ხელწერილით დაადასტურა 6 000 აშშ დოლარის ი. დ-ისათვის გადაცემის ვალდებულება. ხელწერილის თანახმად, ქ. დ-ეს აღნიშნული თანხა ი. დ-ისათვის უნდა დაებრუნებინა 2008 წლის 27 თებერვლამდე.

2008 წლის 1 მაისამდე ქ. დ-ემ ი. დ-ს გადასცა 275 აშშ დოლარი, 2008 წლის 1 მაისს – 3 275 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლის 21 იანვარს – 1 000 აშშ დოლარი.

ქ. დ-ეს 1 450 აშშ დოლარი ი. დ-ისათვის არ დაუბრუნებია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულებები მის მიერ შესრულებულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობის საწინააღმდეგო ფაქტი ქ. დ-ეს არ დაუდასტურებია.

ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მხარეთა მტკიცების ტვირთზე და განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ვალის აღიარების ხელწერილს. რაც შეეხება ვალდებულების შესრულებას, მისი, როგორც შესაგებლის საფუძვლისა და პოზიტიურად მტკიცების ფაქტის (თანხის გადახდის) დადასტურება ეკისრება მოპასუხე მხარეს. საქმის მასალებით კი, სესხის ძირითადი თანხიდან 1450 აშშ დოლარის გადახდის მტკიცებულებების არსებობა არ არის დადასტურებული.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის თანხის გადახდის ხელწერილებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე წარმოიშვა ქ. დ-ის მიერ 2008 წლის 5 თებერვალს წერილობით შესრულებული ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე, რომლის თანახმად ქ. დ-ეს კრედიტორისათვის თანხა უნდა გადაეხადა 2008 წლის 27 თებერვლამდე. დადგენილია, რომ აპელანტის მიერ მითითებული ხელწერილები, თანხის გადახდის შესახებ შესრულებულია 2007 წლის 19 ივნისს, 11 ოქტომბერს და 31 დეკემბერს. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის 5 თებერვალს წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველზე ვალდებულების შესრულების ფაქტი მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად ვერ მიიჩნევა.

სასამართლომ აპელანტის მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდის ფაქტის დადასტურება ვერც მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით ვერ ჩათვალა შესაძლებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის, 430-ე მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად გათვალისწინებულია მტკიცებულების წერილობითი ფორმა. შესაბამისად, მის დასადგენად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები საკმარისი არ არის და აუცილებელია მსესხებლის სავალო ხელწერილის ან სხვა რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება მსესხებლისათვის გარკვეული თანხის ან სხვა ნივთის გადაცემის ფაქტი. კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები კი აპელანტმა ვერ წარადგინა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. დ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ქ. დ-ემ მთლიანად დაფარა ნაკისრი ფულადი ვალდებულება.

სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული არ არის, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, იგი უნდა ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად და უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ქ. დ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ. ღ-ის მიერ 2011 წლის 26 დეკემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ქ. დ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ №300773150, დანიშნულება _ „სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე“ დ. ღ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.