№ას-1729-1711-2011 12 მარტი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მესამე პირები – 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო; 2. ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ ბაღდათის რეგიონული ორგანიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბაღდათის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (შემდგომში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) მოპასუხე ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა 2002 წლის 23 ივლისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 10000 ლარის მისთვის დაბრუნება, აგრეთვე, ამ თანხის 0.03%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2002 წლის 23 ივლისიდან 2005 წლის 15 თებერვლამდე შეადგენდა 2526 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 3-5).
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განჩინებებით აღნიშნულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო, აგრეთვე, ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ ბაღდათის რეგიონული ორგანიზაცია (ტომი 2, ს.ფ. 157, 158).
ამავე სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა, ასევე, 2526 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა (ტომი 2, ს.ფ. 212-218).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 2, ს.ფ. 228-245).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი 3, ს.ფ. 126-131).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეზე თავდაპირველი მოსარჩელის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ტომი 3, ს.ფ. 195-201).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა: ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 12526 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2001 წლის 29 დეკემბერს საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდსა (შემდგომში დამფინანსებელი) და ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ს“ (შემდგომში შემსრულებელი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება №101. შემდგომში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ს“ შორის გაფორმდა 2002 წლის 23 ივლისის №32/IV-7 ხელშეკრულება, რომლითაც გაუქმდა წინამორბედი №101 ხელშეკრულება;
ხელშეკრულებებით ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ს“ (შემსრულებელს) ინვალიდთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ევალებოდა ბაღდათის რაიონში ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (დამფინანსებელი) იღებდა ვალდებულებას აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის გადაეხადა 25000 ლარი, რაც შესრულდა 2002 წლის 8 თებერვალს და 15 აგვისტოს 15000 ლარის და 10000 ლარის გადარიცხვებით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ;
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 თვით.
ხელშეკრულების თანახმად ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ს“ (შემრულებელს) დაევალა: ჩარიცხული თანხა განეკარგა მკაცრად განსაზღვრული მიზნობრივი დანიშნულებით; ყოველი თვის 15 რიცხვამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (დამფინანსებლისათვის) წარედგინა ანგარიში; პროექტის რეალიზაცია განეხორციელებინა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში; პროექტის განხორციელებისას დაესაქმებინა ფიზიკური პირები. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შემსრულებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, პროექტის ხელშეკრულების ვადაში რეალიზაცია და ფიზიკური პირების დასაქმება. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსრულებელმა – ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-მა“, ხელშეკრულების პირობები დაარღვია.
ხელშეკრულების 4.3.6 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო პროექტის თანხის არამიზნობრივად ხარჯვის ან ხელშეკრულების პირობების სისტემატიური შეუსრულებლობის შემთხვევაში დამფინანსებლისათვის დაებრუნებინა გადარიცხული თანხა. შემსრულებელი ასევე ვალდებული იყო (ხელშეკრულების 4.3.7 პუნქტი) დაუყოვნებლივ ეცნობებინა დამფინანსებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობისა და ხელის შემშლელი დაბრკოლებების შესახებ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მას არ განუხორციელებია;
საქმეზე დგინდებოდა, რომ შემსრულებელს დამფინანსებლისათვის არანაირი შეტყობინება არ განუცხადებია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებებით გათვალსიწინებულ ვალებულებებს საფრთხე ელოდა;
ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხები, რომლის 5.1 პუნქტის თანახმად: შემსრულებელს საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან ეკისრებოდა სრული პასუხისმგებლობა ჩარიცხული თანხების მიზნობრივად გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მხრეები დავალდებულდნენ ჯარიმის სახით, ჩარიცხული თანხის 0.03%-ის გადახდის თაობაზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
2002 წლის 20 ივნისს „წმინდა თ. მ. ო-ის” ბაღდათის რეგიონალურმა ორგანიზაციამ დამფინანსებელს წარუდგინა ანგარიში პირველი ტრანშის, 15000 ლარის ხარჯვაზე, რაზეც ამავე წლის 3 ივლისს მხარეების მიერ შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და დამფინანსებლის მიერ სამუშაო შესრულებულად ჩაითვალა;
რაც შეეხებოდა მეორე ტრანშს, გადარიცხვა 10000 ლარის ოდენობით დაამფინანსებელმა განახორციელა 2002 წლის 15 აგვისტოს (აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ არ ხდიდა მოპასუხე). მითითებული თანხის ხარჯთაღრიცხვა შემსრულებელმა ვეღარ წარუდგინა დამფინანსებელს, ასევე არ შემდგარა მიღება- ჩაბარების აქტი სამუშაოს შeსრულების თაობაზე. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ ბაღდათის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ამირან დათაუშვილმა განმარტა და დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ პროექტის დასრულების ხელშემშლელი გარემოებების თაობაზე შემსრულებელს არ უცნობებია დამფინანსებლისათვის, რასაც ხელშეკრულების 4.3.7 პუნქტი პირდაპირ ავალდებულებდა შემსრულებელს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსრულელის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების 4.3.3, 4.3.4, 4.3.7, 4.3.9 პუნქტები, რის გამოც მას ამავე ხელშეკრულების 4.3.6 და 5.2 პუნქტების საფუძველზე უნდა დაკისრებოდა გადარიცხული თანხის დაბრუნება დამფინანსებლისათვის, მასვე უნდა დაკისრებოდა ჯარიმა 0.03%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობით უნდა მოწესრიგებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცეს და ვარგისიანობას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ ნორმის დისპოზიციის შინაარსი, ანუ კანონმდებლის ნება, რაც მითითებულ მუხლშია დაფიქსირებული მხარეებმა ურთიერთშორის დადებულ 2002 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაშიც ერთგვარად გადაიტანეს, და ასახეს, სახელდობრ: ხელშეკრულების 4.3.7 პუნქტში, როცა გააკეთეს დათქმა იმის თაობაზე, რომ თუ მხარეები ხელშეკრულების შესრულების პროცესში რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს წააწყდებოდნენ, რომელთა გამოც ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ეს მხარე ვალდებული იყო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობებინა დამფინანსებლისათვის.
როგორც საქმეზე უდავოდ დადგინდა, არანაირი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ პროექტის რეალიზაცია ვერ ხდებოდა – შემსრულებელს დამფინანსებლისათვის არ შეუტყობინებია.
მოპასუხემ აღიარა და მას არ უარყვია ის ფაქტი, რომ პროექტის რეალიზაცია და დასრულება გარკვეულ მიზეზთა გამო არ ჩატარებულა და ამის თაობაზე არც წინასწარ უცნობებია ხელშემკვრელი მხარისათვის. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არასებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვალდებული იყო აენაზღაურებინა ხელშემკვრელი მხარისათვის ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება როგორიცაა პირგასამტეხლო, რომელიც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი საშუალებაა, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის დროს.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ 2002 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების 5.2 პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჩარიცხული თანხის 0.03 პროცენტის ოდენობით.
ზემოაღნიშნული გარემოებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რომლითაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო და მისი ოდენობა – სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაკისრებოდა 2526 ლარის ოდენობით.
რაც შეეხებოდა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე არასწორად განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, სააპელაციო სასამართლომ ეს მოსაზრება გაიზიარა და მიიჩნია, რომ რამდენადაც დავის საგანი იყო კერძოსამართლებრივი ხასიათის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის არსებული დავა, საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევა წარმოადგენდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, მაგრამ ეს დარღვევა ვერ გახდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ემუხლიდან.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა მოსაზრებას საქმის განმხილველი სასამართლოს (ბაღდათის რაიონული სასამართლოს) არაგანსჯადობის შესახებ, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შესრულების ადგილს წარმოადგენდა ბაღდათის რაიონი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება საქმეში თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არასათანადოობასთან დაკავშირებით, რადგან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე სწორედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იყო. აღნიშნულს ცხადყოფდა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განჩინება უფლებამონაცვლედ ჩაბმის შესახებ. აქვე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული განჩინება მხარეებს და საქმეში მონაწილე პირებს არ გაუსაჩივრებიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი 3, ს.ფ. 256-279).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოთხოვნა მოტივირებულია შემდეგი არგუმენტებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 თვით. სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რის საფუძველზე დაადგინა ეს გარემოება;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ (შემსრულებლის) მხრიდან პროექტის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში რეალიზაციის, აგრეთვე, ფიზიკური პირების დასაქმების ფაქტი. ამიტომ, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შემსრულებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ისინი ადასტურებენ შემსრულებლის მიერ ხელშეკრულების შესრულებას – თანხების მიზნობრივ გახარჯვას და ფიზიკური პირების დასაქმებას;
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შემსრულებელს დამფინანსებლისათვის არ უცნობებია ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და ხელის შემშლელი დაბრკოლებების შესახებ. კასატორის განმარტებით, აპელანტმა და მესამე პირმა (ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ ბაღდათის რეგიონულმა ორგანიზაციამ) სასამართლო სხდომაზე მიუთითეს, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულების პირობები შესრულდა, წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები სათანადო მოწყობილობებისა და ნედლეულის შეძენის შესახებ, ასევე, სახელფასო უწყისი, რომლითაც დასტურდება საამქროს ამუშავების ფაქტი. ამასთან, ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ ბაღდათის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ა.დ-მა პროცესზე მიუთითა, რომ საამქროს მუშაობის შემდგომი გაჩერება განაპირობა შეკვეთების არარსებობამ, რის თაობაზეც იგი ატყობინებდა სათანადო ორგანოებს;
სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო სამართალურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობად. ნარდობა გულისხმობს მენარდის მიერ შემკვეთისათვის სამუშაოს შესრულებას უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენით და ამაში ანაზღაურების მიღებას. აპელანტს არ გააჩნდა მოწინააღმდეგე მხარისათვის ნაკეთობის წარდგენის რაიმე ვალდებულება. მიუხედავად ამისა, თუკი ჩავთვლით რომ სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება, მაშინ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სამოქალაქო კოდექსით ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნა შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე. თუკი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, როგორც სასამართლომ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრა 3 თვით, მაშინ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2002 წლის 23 (29) ოქტომბრიდან და დასრულდეს 2003 წლის 23 (29) ოქტომბერს. შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი ხანდაზმულად უნდა მიეჩნია (ტომი 3, ს.ფ. 286-309).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინვალიდთა და ვეტერანთა „წმინდა თ. მ. ო-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.