№ას-1734-1715-2011 12 მარტი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ფ-ამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნ. ფ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ქონების გამოთხოვა შემდეგი დასაბუთებით: ქ.ბათუმში, ... გამზირ №9-ში, ბინა №47-ში მარტო ცხოვრობს, romelic საკუთრების უფლებით მასზე ირიცხებოდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 2010 წელს ბინაზე ჩუქების ხელშეკრულება გაუფორმა თავისი მეორე ცოლის შვილს, ნ. ფ-ას, რომელიც ჩუქების სანაცვლოდ hპირდებოდა მოვლა-პატრონობას. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოპასუხემ დაარღვია პირობა, აყენებდა შეურაცხყოფას, ავიწროებდა, სისტემატურად ეჩხუბობოდა, უარი თქვა ყოველგვარ დახმარებაზე. მოსარჩელის კუთვნილი პენსია და სახელმწიფოს მიერ მისთვის დაწესებული დახმარებაც კი მიითვისა. მოსარჩელე ულუკმაპუროდ არის დარჩენილი და უმწეოთა სასადილოში იკვებება, მეზობლები აწვდიან საჭმელსა და წამლებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. იძულებული გახდა, საავადმყოფოდან დროებით საცხოვრებლად წასულიყო თავის შვილიშვილთან, მერაბ ღოღობერიძესთან, რომელიც მას დღემდე უვლის და პატრონობს. ნ. ფ-ას მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და უმადურობის გამოჩენის ფაქტებს ადასტურებენ მისი მეზობლები, რომლებიც მრავალჯერ შესწრებიან ასეთ ფაქტებს. მოპასუხის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის გამო მან განცხადებით მიმართა საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-5 განყოფილებას, სადაც, როგორც მოპასუხეს, ისე მოსარჩელის მეზობლებს ჩამოართვეს სათანადო ახსნა-განმარტებები. მოპასუხემ სცადა აღნიშნული ბინის გაყიდვა, მას სხვა საცხოვრებელი არ აქვს და ბინის გასხვისების შემთხვევაში დარჩება ღია ცის ქვეშ.
მოპასუხე ნ. ფ-ამ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: გაჩუქებულ ბინაზე მის მამას, ზ. ფ-ას, საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობის უფლება გააჩნდა მის აწ გარდაცვლილ დედას ლ. ფ-ას. ზ. ფ-ამ 2010 წლის 18 იანვარს აღნიშნულ ბინაზე ჩუქების ხელშეკრულება გაუფორმა მას, რაც დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით და ბინა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე. არც აღნიშნული ხელშეკრულების დადებამდე და არც მას შემდეგ მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია მოსარჩელისთვის და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ცდილობდა, მოევლო მისთვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ზ. ფ-ამ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 6 ივლისს სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ზ. ფ-ას წარმომადგენელ ჯუმბერ დიდმანიძეს, გზავნილით განემარტა მოწინააღმდეგე მხარეს, რომ ხუთი დღის ვადაში უნდა წარმოედგინა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებულ იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 2 აგვისტოს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-, 2321-ე da 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, პალატამ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ფ-ამ გამოიჩინა დიდი უმადურობა ზ. ფ-ას მიმართ ან მიაყენა შეურაცხყოფა, ასევე მჩუქებელი ზ. ფ-ა საცხოვრებელი ბინის გაჩუქებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, არ დგინდება. პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების გაუქმების გარემოებების არარსებობა-იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას. პალატის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ორივე პირობა არსებობდა პირველი– მოპასუხე მხარემ მიერ სარჩელზე – პასუხის (შესაგებლის) დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა და მეორე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად არ გაიზიარა საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ და მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი იყო აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო პასუხის წარუდგენლობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მისთვის, როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, არ გაუგზავნია, არც მის წარმომადგენელ ჯ. დიდმანიძეს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში სადავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუ სპეციალური წესებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით, თუ საპროცესო კოდექსი სააპელაციო ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე არ ადგენს საქმის წარმოებისათვის სპეციალურ ნორმებს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წესებში არ არსებობს ნორმა, რომელიც განსაზღვრავს, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის სახით კანონმდებელი ადგენს დანაწესს, რომლითაც განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა ეს სხვა ურთიერთობაა და ამ ნორმას ვერ გავავრცელებთ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაზე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობისას ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობას ადგენს და მისი შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულები არ მიიღება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (სააპელაციო მოპასუხეს) კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სააპელაციო საჩივრის ასლი; ბ. იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგთან დაკავშირებით; ბ. სააპელაციო საჩივარში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას; გ. არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მისთვის, როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის არ გაუგზავნია და არც მის წარმომადგენელ ჯ. დიდმანიძეს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე რომ მას სააპელაციო საჩივარი არ ჩაჰბარებია, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დადგენილია და სადავო არაა, რომ სააპელაციო საჩივრის ასლი ჩაჰბარდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ზ. ფ-ას წარმომადგენელ ჯუმბერ დიდმანიძეს (ტ.I ს.ფ.173), რაც თავად ადრესატისათვის (ზ. ფ-ასათვის) ჩაბარებად ითვლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის უწყების ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის უწყების ჩაბარებად, მიუხედავად იმისა, უწყების მიმღები გადასცემს თუ არა მას ადრესატს. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრის ასლი არ ჩაჰბარებია, დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
კასატორი დაუსწრებელი გადწყევეტილების გაუქმების საფუძლვლად უთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, არ გამოუკვლევია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის ზემოთ მითითებული მოსაზრება არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, კერძოდ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, ისევე, როგორც სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 230-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას არა მარტო სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მიიჩნევა დამტკიცებულად და თუ ისინი ასაბუთებენ აპელანტის მოთხოვნას, სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.
განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებებიდან გამომდინარე, ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა ზ. ფ-ას სარჩელში მითითებული და საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ. ფ-ამ გამოიჩინა დიდი უმადურობა ზ. ფ-ას მიმართ და მჩუქებელი ზ. ფ-ა საცხოვრებელი ბინის გაჩუქებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, აპელანტმა აღნიშნული გარემოება უარყო. სააპელაციო საჩივარში მითითებული ამ გარემოების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხე ზ. ფ-ას, მაგრამ, ვინაიდან მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო შესაგებელი არ წარადგინა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ნ.ფ-ას ზ. ფ-ას მიმართ არ გამოუჩენია უმადურობა და იგი ბინის გაჩუქებით არ ჩავარდნილა მძიმე მდგომარეობაში. დასახელებული გარემოების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებში მოსარჩელის (ზ. ფ-ას) მოთხოვნის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა სწორედ იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მას აყენებდა შეურაცხყოფას და ბინის გაჩუქებით ჩავარდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ყველა წინაპირობა, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) დადგენილ ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო. შესაბამისად, ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.