№ას-1750-1731-2011 1 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ო. კ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ... კლინიკა“, კლინიკური მედიცინის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ... კლინიკისა“ და კლინიკური მედიცინის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის მიმართ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის – 25000 ლარისა და მორალური ზიანის – 20 000 ლარის გადახდის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2010 წლის 9 ივლისიდან 19 ივლისამდე ო. კ-ი იმყოფებოდა თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კლინიკა „კ-ში” სტაციონარულ მკურნალობაზე დიაგნოზით – მარცხენა ქვემო კიდურის მწვავე არტერიალური გაუვალობა, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, მარცხენა ბარძაყის არტერიის თრომბოემბოლია. ანამნეზის თანახმად, პაციენტს სტაციონარში მოთავსებამდე ორი დღით ადრე უეცრად დაეწყო ძლიერი ტკივილები მარცხენა ტერფის და წვივის არეში. აღენიშნა სიცივისა და დაბუჟების შეგრძნება, რომელმაც მიიღო პროგრესირებადი ხასიათი, რის გამოც სასწრაფო დახმარების მიერ მოთავსებულ იქნა კლინიკაში. 9 ივლისს, ადგილობრივი გაუტკივარებით გაუკეთდა ოპერაცია –თრომბემბოლექტომია მარცხენა ბარძაყის არტერიიდან. ბარძაყის არტერიის სიმფატექტომია, ენდასტერექტომია. ოპერაციის შემდგომ პერიოდში უტარდებოდა სათანადო მკურნალობა, სისხლის მიმოქცევა გაწერისას კიდურში კომპენსირებული იყო.
შპს „... კლინიკის” მიერ 2010 წლის 3 აგვისტოს გაცემული ცნობით (ფორმა №IV_100/ა) დასტურდება, რომ მოსარჩელე ო. კ-ი 2010 წლის 29 ივლისს მოთავსებულ იქნა შპს ...კლინიკაში”, საიდანაც გაეწერა 2010 წლის 3 აგვისტოს. ო.კ-ი სტაციონარში მოთავსდა 2010 წლის 29 ივლისს ანამნეზით – აწუხებს ტკივილი მარცხენა ქვედა კიდურში მოსვენებით მდგომარეობაში. ცნობის თანახმად, ავადმყოფს 2010 წლის 9 ივლისს გაკეთებული აქვს ოპერაცია – თრომბექტომია. სტაციონარში მოთავსდა კონსერვატიული მკურნალობის ჩასატარებლად. ავადმყოფს ჩაუტარდა ანგიოლოგის და კარდიოლოგის კონსულტაციები, მუცლის ღრუს ექოსკოპია. ნანახი იქნა თირკმლებში 1-3მმ დიამეტრის მქონე მრავლობითი ჰიპერექოგენური ჩანართები. მენჯი დილატირებულია. ლაბორატორიულ კვლევებში აღსანიშნავია ჰემატურია, რომელიც გრძელდებოდა სტაციონარში ყოფნის პერიოდში. ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტკივილი ქვედა კიდურში მოსვენებით მდგომარეობაში არა აქვს. კიდურის მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული მკურნალობა: ტრენტალი, სოლკოსერილი, ინტრავენური გადასხმები. სტაციონარში მოთავსდა საშუალო სიმძიმით და 2010 წლის 3 აგვისტოს გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. დასკვნითი სრული დიაგნოზი: ზოგადი ათეროსკლეროზი, ქვემო კიდურების სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება. მარცხენა თეძო-ბარძაყის სეგმენტის ოკლუზია ქრონიკული იშემია IIბ. (ბარძაყის არტერიის თრომბექტომია 07. 2010 წ. გულის იშემიური დაავადება, კარდიოსკლეროზი, მოციმციმე არითმია, შარდ-კენჭოვანი დაავადება.
2010 წლის 29 ივლისს, შპს ...კლინიკაში” მოთავსებისას ო. კ-მა და მისმა შვილმა უფროს ექთანს ნაზიბროლა ფარცხალაძეს შეატყობინეს, რომ პალატაში შესვლისას პაციენტი წაიქცა და, სავარაუდოდ, მიიღო ფეხის მოტეხილობა. ნაზიბროლა ფარცხალაძემ აღნიშნულის თაობაზე აცნობა განყოფილების გამგე იგორ მიქაძეს, რომელმაც კლინიკური შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ პაციენტს მოტეხილობის სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ექიმის განკარგულებით, გამოძახებულ იქნა შპს „... ინსტიტუტის” ლაბორანტი გადასატანი რენტგენის აპარატით და პაციენტს გადაუღეს რენტგენოგრამა. გადაღებული რენტგენის ფირის შესწავლის საფუძველზე შპს „... ინსტიტუტის” რენტგენოდიაგნოსტიკის ექიმმა გასცა დასკვნა, რომ პაციენტს ბარძაყის ძვალში ხილული პათოლოგიური ან ტრავმული ცვლილებები არ აღენიშნებოდა.
შპს „... კლინიკიდან” გამოწერის შემდეგ, 2010 წლის 18 აგვისტოს ო. კ-ს დამატებით გადაუღეს რენტგენოგრამა, რომლის საფუძველზე გაიცა დასკვნა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობა და მარცხენა ბოქვენის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე. ო. კ-ვს რენტგენოგრამა გადაუღეს ასევე 2010 წლის 30 აგვისტოს. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, პაციენტს აღენიშნება ციბრუტებზე გამავალი მოტეხილობა ხანდაზმული, პრაქტიკულად შეხორცებული.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 1007-ე, 992-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხეებისათვის როგორც სოლიდარულად, ისე პერსონალურად ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა, ერთ-ერთი პირობის არარსებობაც კი გამორიცხავს ზიანის ანაზღაურებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. კერძოდ, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ო. კ-მა ფეხის მოტეხილობა მიიღო შპს „... კლინიკის” სტაციონარში იატაკის საფარის დაზიანების გამო. შესაბამისად, არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის მიერ ტრავმის მიღებასა და მოპასუხის ქმედებას შორის.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ასევე ვერ დაამტკიცა, რომ მას შპს ...კლინიკაში” სათანადო ანგიოლოგიური მკურნალობა არ ჩაუტარდა, რის გამოც მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი ან მისი მდგომარეობა გაუარესდა.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მდგომარეობა, მისი დიაგნოზის გათვალისწინებით, განსხვავებული დანიშნულებით მკურნალობის პირობებში შესაძლებელია სხვაგვარად განვითარებულიყო.
ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების ჩადენა და ზიანის დადგომის ფაქტი, ხოლო იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა მოპასუხის არამრთლზომიერი ქმედება და ზიანის არსებობა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაამტკიცებდა მიზეზობრივ კავშირს მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „... კლინიკისთვის” ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად ან პერსონალურად დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება შპს „... ინსტიტუტის” პასუხისმგებლობის საკითხს, მართალია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ სამედიცინო დაწესებულების რენტგენოლოგიის განყოფილების ექიმის მიერ 2010 წლის 29 ივლისს გადაღებული რენტგენოგრამით ო. კ-ის მიერ მოტეხილობის მიღების ფაქტი არ დაფიქსირდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს „... ინსტიტუტისათვის” ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები არ არსებობდა.
სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოტეხილობის რამდენიმე დღის დაგვიანებით აღმოჩენით ზიანი მიადგა მოსარჩელის ჯანმრთელობას, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიერ ზედმეტად (მისი წარმომადგენლის განმარტებით, 5000 ლარის და შემდგომში 20000 ლარის ოდენობით) ხარჯის გაწევის აუცილებლობა, ვიდრე მას ჩვეულებრივ მოტეხილობის მკურნალობისთვის მოუწევდა. მოსარჩელემ ვერ შეძლო, დაემტკიცებინა მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის დადგომა და მის ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.
პალატამ ჩათვალა, რომ, რადგან მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა არ დადასტურდა, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორედ შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია საქმის არასწორი გადაწყვეტა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა მიზეზობრივი კავშირის არსებობა მიღებულ ტრავმასა და მოპასუხის ქმედებას შორის, ასევე კასატორისათვის არასწორი ანგიოლოგიური მკურნალობის ჩატარება, რა დროსაც დაეყრდნო მოპასუხის აბსურდულ განმარტებას, რომ „სამინისტრო არ გასცემდა ლიცენზიას, თუ კლინიკას არ ექნებოდა რემონტი“.
სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ 10-დღიანი მკურნალობის ნაცვლად ო. კ-ს ჩაუტარეს 5-დღიანი კურსი, მდგომარეობა მიიჩნიეს დამაკმაყოფილებლად და გაწერეს საავადმყოფოდან. ოთხ დღეში ქრონიკული დაავადებების გაუმჯობესება გამორიცხული იყო.
იგორ მიქაძის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ საავადმყოფოში დაწოლის დღეს კასატორს დამოუკიდებლად შეეძლო გადაადგილება. პაციენტის გასინჯვის ბარათებში მითითებული იყო და ნათლად ჩანდა, რომ ო. კ-ს ყოველდღე აღენიშნებოდა ტკივილები ბარძაყის არეში, რის გამოც ოთხი დღის განმავლობაში 13-ჯერ გაუკეთეს სხვადასხვა სახის ტკივილგამაყუჩებლები.
კასატორის მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნით ცალსახად დგინდება და სასამართლომაც დაადგინა, რომ ო. კ-მა მოტეხილობა მიიღო 2010 წლის 29 ივლისს, ანუ საავადმყოფოში მისვლის შემდეგ, სადაც ის დამოუკიდებლად მივიდა, თავდაპირველად, 28 ივლისს კონსულტაციისათვის და შემდგომ 29 ივლისს, როდესაც პალატაში დააწვინეს.
მოპასუხეებმა შეგნებულად დაუმალეს მოტეხილობის ფაქტი, გამოიჩინეს არაპროფესიონალიზმი და გულგრილობა, რის გამოც მას მიადგა ფიზიკური და სულიერი ტრავმა და ასევე, იქცა ხეიბრად, იგი ეტლის გარეშე ვეღარ გადაადგილდება.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მატერიალური ზიანის ოდენობა, თუმცა საქმეში წარდგენილი ქვითრებით დასტურდება 2008 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი. საავადმყოფოდან გაწერის შემდგომ კასატორი მკურნალობდა სახლში, იღებდა ექიმებს, უკეთდებოდა რენტგენი, თუმცა შესაბამისი ქვითრები მათ არ გაუქციათ.
როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში კასატორმა წარადგინა რიგი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის ამჟამინდელ მძიმე მდგომარეობას, თუმცა სასამართლომ სააპელაციო ინსტანციაში მტკიცებულებათა წარდგენის დაუშვებლობის მოტივით, უარი განაცხადა საქმეზე მათ დართვაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ო. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ო. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.