Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-1755-1736-2011 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ლ. თ-ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სესხისა და ზიანის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია, გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. თ-იას მიმართ სესხის – 10000 აშშ დოლარის, მიყენებული ზიანის – 680 აშშ დოლარის ანაზღაურებისა და ქ.თბილისში, ბ-ში, წ-ის გზატკეცილის მე-4 კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე 20 კვ.მ იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი ფართიs რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა ლ. ბ-ესა და ლ. თ-იას შორის 2099 წლის 27 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. თ-იას ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა, თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ლ. თ-იას კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ..., ლ. ბ-ეს მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ლ. თ-იას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. თ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია 2009 წლის 27 ნოემბერს.

2010 წლის 27 ნოემბერს (დათარიღებული 5 ნოემბრით) ლ. ბ-ესა და ლ. თ-იას შორის სამი თვის ვადით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის თანხად განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით თვეში 7% სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად 2009 წლის 3 დეკემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა იპოთეკის უფლება ლ. თ-იას კუთვნილ ქ. თბილისში, ბ-ში, წ-ის გზატკეცილის მე-4 კორპუსში მე-9 სართულზე მდებარე 20 კვ.მ-ზე საკადასტრო კოდით №....

ლ. ბ-ეს ლ. თ-იასაგან მიღებული აქვს სესხის (10000 აშშ დოლარი) 3 თვის სარგებელი 2100 აშშ დოლარი.

ლ. თ-იას ლ. ბ-ისათვის 2009 წლის 27 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა არ დაუბრუნებია.

სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი შეფასების შედეგად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ლ. ბ-ესა და ლ. თ-იას შორის დადებული 2009 წლის 27 ნოემბრის (დათარიღებული 5 ნოემბრით) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ლ. თ-იას მოტყუებით არ დადებულა. ასევე, მისი შინაარსი არ არის ბუნდოვანი. ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ აქვს იურიდიული განათლება და არ შეეძლო, გაეგო ხელშეკრულებში გამოყენებული ტერმინები, ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულება არ არის გრამატიკულად გამართული, არ შეიძლება გახდეს მისი ბათილობის საფუძველი, რადგან მასში ნათლად არის გადმოცემული მონაწილე მხარეები, ნათლად არის აღნიშნული კონკრეტული თანხა და ის გარემოება, რომ სესხის უზრუნველსაყოფად ხდება ლ. თ-იას კუთვნილი ბინის იპოთეკით დატვირთვა. ამასთან, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას სიტყვა „უზრუნველყოფასთან“ დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნული ტერმინი სამართლებრივადაც და ყოფით ცხოვრებაშიც ერთი და იმავე მნიშვნელობისაა და მისი მნიშვნელობა ყველასათვის ცნობილია. გარდა ამისა, აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე თავად დაადასტურა, რომ იცოდა, თანხის გამსესხებელი იყო ლ. ბ-ე. იგი წინასწარ ბინაშიც იმყოფებოდა მასთან, რათა შეეფასებინა სესხის უზრუნველყოფის საგანი.

საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე გამსესხებელმა მსესხებელს სრულად გადასცა სესხის თანხა, ხოლო მსესხებელმა სრულად მიიღო იგი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 27 ნოემბრის (დათარიღებულ 5 ნოემბრით) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 10000 აშშ დოლარი გადაეცა ლ. თ-იას.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხიდან მხოლოდ 1500 აშშ დოლარი მიიღო, თანხის დარჩენილი ნაწილი ლ. ბ-ემ გადასცა ლ. ქ-ას და ი. ქ-ეს. აღნიშნულის დასადასტურებლად აპელანტმა წარადგენა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენი.

აღნიშნული განაჩენით დადგენილია მ. ხ-ას, ლ. ქ-ას და ი. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედება, თაღლითობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. აღნიშნული განაჩენით არ დგინდება ლ. ბ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენით ვერ დადგინდება განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

მოცემულ შემთხვევაში, სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ლ. ბ-ემ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა –10000 აშშ დოლარი გადასცა მსესხებელ ლ. თ-იას, რაც დასტურდება მსესხებლის ხელმოწერით. მართალია, ზემოაღნიშნული განაჩენით დგინდება, რომ აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 1500 აშშ დოლარი დარჩა ლ. თ-იას, ხოლო 8500 აშშ დოლარი მიიღეს მ. ხ-ამ, ლ. ქ-ამ და ი. ქ-ემ, მაგრამ მითითებული გავლენას ვერ მოახდენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ. თ-იას ვალდებულებებზე ლ. ბ-ის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 316-ე-317-ე, 361-ე და 623-ე-624-ე მუხლებით.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებელს დაუბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამასთან, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უძრავი ნივთი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ლ. თ-იამ 2009 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულებით ლ. ბ-ისაგან ისესხა 10000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, მაგრამ ამ ვადის გასვლის მიუხედავად, თანხა არ დააბრუნა. ამავდროულად დადგენილია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის იპოთეკით არის დატვირთული ლ. თ-იას კუთვნილი უძრავი ნივთი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. თ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში არ დგინდება მხარეები, ანუ კონკრეტულად ვინ ვის გადასცა თანხა და რა ნება გამოხატეს მათ.

პალატას არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ კასატორს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსი არ ჰქონდა გაცნობიერებული. იგი ვარაუდობდა, რომ 1500 აშშ დოლარი მიიღო სამი თვით კუთვნილი ბინის დათმობის სანაცვლოდ. ლ. ბ-ემ კი იცოდა, რომ ფაქტობრივად 10000 აშშ დოლარი ლ.თ-იას არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ლ. თ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. თ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. თ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.