№ას-1784-1761-2011 1 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს-ი 2007“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ი 2007-ის“ მიმართ მოპასუხისათვის შეუსრულებელი ვალდებულების შესრულების – 21000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ წლების განმავლობაში ინდივიდუალური მეწარმე ს. თ-ე ეწეოდა სალომბარდო საქმიანობას.
საქმეში არსებული ამონაწერით დადგენილია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან შპს „ს-ი 2007“ სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარდა 2007 წლის 9 აგვისტოს. მისი დამფუძნებელია ს. თ-ე (100% წილი). აღნიშნული საწარმო ასევე ეწეოდა სალომბარდო საქმიანობას.
მხარეთა ახსნა–განმარტებებით, მოწმებთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული მინდობილობით დგინდება, რომ ნ. დ-ე იყო ამავე საწარმოს თანამშრომელი, რომელიც საწარმოდან გათავისუფლდა 2008 წელს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით 623-ე, 624-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონის ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარი ლ. დ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს 21 000 აშშ დოლარი მოპასუხე შპს „ს-ი 2007-სათვის“ გადაცემული არ ჰქონდა, მხოლოდ მოწმე ნ. დ-ის ჩვენებით კი ამ ფაქტის დადგენა შეუძლებელია.
რაც შეეხება საქმეში არსებულ ციფრობრივ ჩანაწერებს, რომლებზედაც იკითხება სახელები „ლ. “ და „ბ.“, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნულს ხელს არავინ აწერს და რაიმე ფაქტის დადგენა ამ ჩანაწერებით შეუძლებელია. ამასთან, აპელანტის მითითება, რომ ეს ჩანაწერები შესრულებულია შპს „ს-ი 2007-ის“ დირექტორ ს. თ-ის მიერ, გარდა მოწმე ნ. დ-ის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შპს „ს-ი 2007“ არის ინდივიდუალურ მეწარმე ს. თ-ის სამართალმემკვიდრე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. დ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოექსის 85-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ ლ. დ-ი არ წარმოადგენდა სათანადო მხარეს. იგი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ს. თ-ესთან, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ნდობის საფუძველზე არ მოსთხოვა მას რაიმე წერილობითი დოკუმენტის გადაცემა. სადავო შემთხვევაში კი, ს.თ-ე ცდილობს, მიისაკუთროს სხვისი კუთვნილი თანხა.
სასამართლოს არ შეუთავაზებია კასატორისათვის საქმის განხილვისას თარჯიმნის მონაწილეობა. მართალია, კასატორი ფლობს ქართულ ენას, თუმცა მან არ იცოდა იურიდიული ტერმინოლოგია და შესაძლოა, არასწორად გადმოსცა მოსაზრება ახსნა-განმარტებებში.
აღსანიშნავია, რომ ს. თ-ისადმი სხვა, ეროვნებით ქართველ პირთა მიერ მსგავსი მოთხოვნების განხილვისას სასამართლომ დააკმაყოფილა ამ უკანასკნელთა პრეტენზიები. ამდენად, არსებობს საფუძველი, რომ ეროვნებით სომეხ ლ.დ-ის მიმართ განხორციელდა რასობრივი დისკრიმინაცია.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლები. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება სადავო სესხის არსებობის დასადასტურებლად, თუმცა იგი მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელმოწერილი არ არის.
პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ ნ. დ-ე წარმოადგენს მოწმეს, რეალურად იგი ჯერ ინდივიდუალურ მეწარმე ს. თ-ისა და შემდეგ შპს „ს-ი 2007-ის“ თანამშრომელია, რომელმაც დაადასტურა 2008 წლის ივნისიდან 21000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის არსებობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. დ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 5 იანვარს მის მიერ გადახდილი 1749,41 ლარის 70% _ 1224,587 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ლ. დ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ №300773150, დანიშნულება _ „სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1224,587 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.