Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-1789-1766-2011 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „... ბანკი“

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ლ-ი“, ნ. ლ-ი, ნუ. გ-ე, მ. გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდივიდუალურმა მეწარმე „ნ. ლ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „... ბანკის“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სარგებლის დაბრუნების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა, ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ისათვის“, ნ. ლ-ის, ნუ. გ-ისა და მ. გ-ისათვის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ს“ და ნუ. გ-ეს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12 717.98 აშშ დოლარის გადახდა, აღნიშნული თანხის ამოღება უნდა მომხდარიყო ნ. ლ-ის საკუთრებაში აღრიცხული ბათუმში, ზ.გ-ის ქ.№29-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, ნუ. გ-ის კუთვნილი ბათუმში, ზ.გ-ის ქ. №48-ში მდებარე №19 ბინისა და მ. გ-ის საკუთრებაში აღრიცხული ბათუმში, ა-ძის/ჭ-ის ქ. №34/97-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით, ინდივიდუალური მეწარმე „ნ. ლ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესრულებულად ჩაითვალა სს ,,... ბანკის” წინაშე ინდივიდუალურ მეწარმე ,,ნ. ლ-ის” ვალდებულება, რომელიც კრედიტის წინმსწრებად დაფარვის დროისათვის შეადგენდა 245 964,82 აშშ დოლარს, იპოთეკისაგან გათავისუფლდა ნ. ლ-ის საკუთრებაში აღრიცხული ბათუმში, ზ. გ-ის ქ. № 29-ში და მ. გ-ის საკუთრებაში აღრიცხული ბათუმში, ჰ. ა-ის/ჭ-ის ქ. №34/97-ში მდებარე უძრავი ქონება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 28 თებერვალს სს ,,... ბანკსა” და ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ №... ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ს“ გაეხსნა საკრედიტო ხაზი და დაუდგინდა საკრედიტო თანხის ლიმიტი 300 000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით და წლიური საპროცენტო სარგებლის მინიმალური 10%-დან მაქსიმუმ 36%-მდე ოდენობით, დოკუმენტური ოპერაციებისათვის 2-14%.

2007 წლის 28 თებერვლის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, 2010 წლის 31 აგვისტოს სს ,,... ბანკსა” და ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი №... ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ზე“ გაიცა საბანკო კრედიტი 250 000 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 29%-ის გადაანგარიშებით, სესხის მიზნობრიობა იყო ბანკში არსებული სესხის რეფინანსირება და უძრავი ქონების შეძენა.

ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც სს ,,... ბანკის” მიმართ არსებული ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ლ-ის საკუთრებაში აღრიცხული ბათუმში, გ-ის ქ. №29-ში მდებარე უძრავი ქონება, ნუ. გ-ის საკუთრებაში არსებული ბათუმში, გ-ის ქ №48, ბინა №19-ში არსებული 43,85 კვ.მ ფართი, ასევე მ. გ-ის საკუთრებაში აღრიცხული ბათუმში, ჰ. ა-ის/ჭ-ის ქ №34/97-ში მდებარე 50.56 კვ.მ.

სესხის უზრუნველსაყოფად სს ,,... ბანკსა” და ნუ. გ-ეს შორის 2010 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ №...დ ხელშეკრულება.

მსესხებელ ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-სა“ და სს „... ბანკს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება კრედიტორის ინიციატივით ვადაზე ადრე შეწყდა, რაც გამოიხატა მისი მხრიდან სესხის წინმსწრებად დაფარვაში.

2010 წლის 31 აგვისტოს სს „... ბანკსა“ და ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის შემადგენელი №... ხელშეკრულების თანახმად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეებმა გაითვალისწინეს გარკვეული სანქციები ხელშეკრულების ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევისათვის. აღნიშნული სანქცია გაიმიჯნა. თუ თანხის ვადაზე ადრე დაფარვა განხორციელებოდა საფინანსო ინსტიტუტებიდან რეფინანსირებით, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრებოდა თანხის 7%-ით, ხოლო პირგასამტეხლოს ვადაზე ადრე დაფარვისათვის სხვა საკრედიტო ინსტიტუტებიდან რეფინანსირების გარეშე, ზედმეტად გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრებოდა გადასახდელი თანხის 1%-ით.

პალატამ არ გაიზიარა სს „... ბანკის“ მოსაზრება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ის“ მიერ თანხის დაფარვა ვადაზე ადრე განხორციელდა რეფინანსირების საშუალებით – რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს (შეგებებული სარჩელის ავტორის) სასამართლოში არ წარუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ გაიზიარა მოსაჩელის განმარტება, რომ ვადაზე ადრე თანხის დაფარვისათვის 2010 წლის 31 აგვისტოს სს „... ბანკსა“ და ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის შემადგენელი №... ხელშეკრულების 2.1.5. პუნქტის გათვალისწინებით სესხის ვადამდე დაფარვისათვის გადასახდელი ჰქონდა პირგასამტეხლო 1%-ის ოდენობით.

პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ კრედიტის წინმსწრებად დაფარვის დღისათვის, 2010 წლის 11 დეკემბრისათვის კრედიტის ძირითად თანხას შეადგენდა – 241 177,40 აშშ დოლარი, აღნიშნული გარემოება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, ასევე მიმდინარე დარიცხული სარგებელი – 1149,72 აშშ დოლარი და კრედიტის წინმსწრებად დაფარვის პირგასამტეხლოს 1% – 2 423.27 აშშ დოლარი. მთლიანობაში, აღნიშნული პერიოდისათვის გადასახდელ თანხას წარმოადგენდა 244 750,39 აშშ დოლარი, რაც ნ. ლ-მა გადაიხადა.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ინდივიდუალურმა მეწარმე „ნ. ლ-მა“ სს „... ბანკის“ წინაშე არსებული ვალდებულება შეასრულა.

სასამართლომ მიუთითა, რომ იპოთეკა და გირავნობა წარმოადგენდა აქცესორულ უფლებას, შესაბამისად, იპოთეკისა და გირავნობის უფლების არსებობის საჭიროება აღარ არსებობდა და ის უნდა გაუქმებულიყო. შესაბამისად, ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-სა“ და სს „... ბანკს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონება უნდა გათავისუფლებულიყო არსებული შეზღუდვისაგან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებოდა მესაკუთრეებს.

პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სს „... ბანკის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს არ გაუსაჩივრებია და იგი შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის აღნიშნული მოთხოვნის ირგვლივ არ იმსჯელა.

პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა ხელშეკრულების 2.1.6. პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

სამართლებრივი თვალსაზრისით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობით უნდა მოწესრიგებულიყო.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 286-ე მუხლის, 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ რეფინანსირება იყო ეროვნული (ცენტრალური) ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი (მეთოდი), რომლის ფორმას, რიგსა და პირობებს იგი თავადვე ადგენს, კერძოდ, ვადაგასასვლელი ან შეცვლილი სასესხო პირობების მქონე ფასიანი ქაღალდების ნაცვლად ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება, ვალის, სესხის პროლინგაცია და/ან მისი გაზრდა, კრედიტის პირობების (დაფარვის გრაფიკი, საპროცენტო განაკვეთი) შეცვლა, რომელსაც ახორციელებს იგივე ან სხვა საფინანსო ინსტიტუტები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ინდივიდუალურმა მეწარმე „ნ. ლ-მა“ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები დაფარა რეფინანსირების გზით (იგივე ან სხვა საფინასო ინსტიტუტებიდან), რის გამოც დაუსაბუთებელია სს „... ბანკის“ მოთხოვნა ჯარიმის სახით ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ლ-ისათვის“ 7%-ის განსაზღვრისა და განსახილველი შემთხვევისათვის ხელშეკრულების 2.1.6. პუნქტის მისადაგების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნებოდა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც გულისხმობდა მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

სასამართლომ მიუთითა, რომ ნ.ლ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა 2009 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ფიზიკურ პირ მერაბ გ-ესა და ნ. ლ-ს შორის. ხელშეკრულების თანახმად, მ. გ-ემ ნ. ლ-ს ასესხა 230 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებიდან ირკვეოდა, რომ სესხი იყო უპროცენტო 5 წლის ვადით.

აქედან გამომდინარე პალატამ დაადგინა, რომ ნ. ლ-მა სს „... ბანკისათვის“ სესხის გასტუმრება შეძლო არა სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან რეფინანსირების გზით, არამდე ფიზიკური პირისგან მ. გ-ისგან აღებული სესხის საშუალებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის ამ ნაწილის სწორად გადაწყვეტისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას. ის გარემოება, რომ ნ. ლ-მა სესხი სს „... ბანკში“ სწორედ სხვა საკრედიტო ინსტიტუტიდან რეფინანსირებით მოახერხა, უნდა ემტკიცებინა მოპასუხეს, რაც სს „... ბანკმა“ ვერ შეძლო.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ლ-ს ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულებისათვის გადასახდელად უნდა განსაზღვროდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ის და არა 7%-ის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. ლ-ის მიერ ვალდებულების შესრულების გამო ამავე ვალდებულებიდან გამომდინარე სამართლებრივი შეზღუდვა უნდა გაუქმდეს და ზემოხსენებული ქონება გათავისუფლდეს იპოთეკისაგან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა ნ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2010 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული №... საკრედიტო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის 2.1.6. ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის ბათილად ცნობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2010 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების დადებისას არ მოქმედებდა არანაირი ამკრძალავი სამართლებრივი დოკუმენტი თუ ნორმა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს მათი ნების გამოხატვაში მითითებულ, სადავო საკითხთან დაკავშირებით დაბრკოლებას შეუქმნიდა. ხელშეკრულების თავისუფლად დადების პრინციპიდან გამომდინარე კი სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავოდ გამხდარი პუნქტი №... საკრედიტო ხელშეკრულების კანონსაწინააღდეგო დათქმას არ შეიცავდა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით და ბანკს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დააკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „... ბანკმა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.ლ-მა ბანკის წინაშე ვალდებულება შეასრულა. ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ დავის საგანი აღარ არსებობს და სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა.

პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებლებში ბანკმა სრულად და ამომწურავად განმარტა ის გარემოებები, რის გამოც სასამართლოს მოსარჩელის მოსაზრებები არ უნდა გაეზიარებინა.

სს „... ბანკი“ ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს ბანკის მხრიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 2 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარდგენილია ადვოკატთან გაფორმებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ, არსებული პრაქტიკის შესაბამისად წარდგენილი უნდა ყოფილიყო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2000 ლარის წარმომადგენლისათვის გადაცემის ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით სს „... ბანკის“ წარმომადგენელ შ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს ,,... ბანკს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 3 იანვარს გადახდილი 1214,18 ლარის 70% – 849,996 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს ,,... ბანკის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ სს ,,... ბანკს” (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 3 იანვარს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1214,18 ლარის 70% – 849,996 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.