Facebook Twitter
№ას-1808-1782-2011 12 მარტი, 2012 წელი

№ას-1808-1782-2011 12 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ხლშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების ნატურით დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ისა და ე. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ნ. ბ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 12 მაისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მ. ხ-სა და ე. ბ-ს შორის 2009 წლის 28 მაისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ქ. ხაშურში, ს-ოს ქუჩა №131ა-ში მდებარე უძრავი ქონების ნატურით დაბრუნებისათვის სადაო ქონების მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, ნ. ბ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 12 მაისს სანოტარო წესით, მოტყუებით დაიდო წერილობითი, სარგებლიანი, ვადიანი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ. ბ-ის უძრავი ქონება მდებარე ქ. ხაშური, ს-ოს ქუჩა №131ა-ში. 2008 წლის 17 დეკემბერს კერძო არბიტარჟის შპს. “ჯ.”-ში განხილულ იქნა მოპასუხე მ. ხ-ის სარჩელი და მოტყებით დადებულ ხელშეკრულებაზე გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რითაც მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებლო ბიუროს განკარგულებით ნატურით მოხდა მოსარჩელის უძრავი ქონების მოპასუხე მ. ხ-ის საკუთრებაში გადაცემა, რის საფუძველზეც იგი აღირიცხა საჯარო რეესტრში სადავო უძრავის ქონების მესკუთრედ. მოპასუხე მ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თაღლითობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენით ნ. ბ-ესთან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან მიმართებით. მ. ხ-სა და ე. ბ-ს შორის 2009 წლის 28 მაისს სანოტარო წესით, მოჩვენებით, დაიდო წერილობითი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც მოტყუებითა და თაღლითობით მ. ხ-ის მიერ საკუთარ სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. ხაშური, ს-ოს ქუჩა №131ა-ში აღირიცხა საჯარო რეესტრში ე. ბ-ის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, ე. ბ-ი არ არის კეთილსინდისიერი შემძენი, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო მოპასუხე მ. ხ-ის მიერ სადაო ქონების თაღლითური გზით ხელში ჩაგდების შესახებ.

მოპასუხე მ. ხ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მოპასუხე ე. ბ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: მ. ხ-სა და ე. ბ-ს შორის 2009 წლის 28 მაისს სანოტარო წესით, დაიდო წერილობითი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც უძრავი ქონება მდებარე ქ. ხაშური, ს-ოს ქუჩა №131ა-ში აღირიცხა საჯარო რეესტრში ე. ბ-ის სახელზე. მოპასუხე ე. ბ-ი არის კეთილსინდისიერი შემძენი ვინაიდან იგი მოპასუხე მ. ხ-თან დანაშაულებრივ გარიგებაში არ იმყოფებოდა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ბ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 12 მაისს დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოტეკის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი მ. ხ-სა და ე. ბ-ს შორის 2009 წლის 28 მაისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ნ. ბ-ე აღიარებულ იქნა ქ. ხაშურში, ს-ოს ქ.№131ª-ში მდებარე უძრავი ქონებისა და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ _ საკადასტრო კოდეით ....

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ბ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 12 მაისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ნ. ბ-ის სარჩელი მ. ხ-სა და ე. ბ-ს შორის 2009 წლის 28 მაისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის ნატურით დაბრუნების თობაზე არ დაკმაყოფილდა, ნ. ბ-ეს ე. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ნ. ბ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 12 მაისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ. ხაშურში, ს-ოს ქუჩა №131ა-ში მდებარე ნ. ბ-ის უძრავი ქონება, დადებულია მოტყუებით, ვინაიდან მსესხებლის განზრახვა მიმართული იყო 5000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის აღებაზე და არა 19500 აშშ დოლარის, როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაშია აღნიშნული. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულ ოდენობით სესხის მიღებაზე იგი თანხმობას არ განაცხადებდა და ამდენად არც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ დაიდებოდა ხალშეკრულებაში ასახული პირობით, რაზეც მეტყველებს დამატებით თანხის საჭიროებაზე ე. ა-ის მხრიდან განზრახვის გამჟღავნებისას, მსესხებელმა ნ. ბ-ემ უარი განაცხადა სესხზე 5000 აშშ დოლარი გადასცა ე. ა-ს გამსესხებელზე დასაბრუნებლად და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (გაუქმება) მოშლა (იხ. ტ. 1 სფ. 33-36, 13-32).

2008 წლის 17 დეკემბერს კერძო არბიტარჟის შპს. “ჯ.”-ში განხილულ და გადაწყვეტილ იქნა №46/08 საქმე მ. ხ-ის სარჩელისა გამო ნ. ბ-ის მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ, არბიტრაჟის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. ბ-ეს დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 19500 აშშ დოლარის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა მაყავალა ხ-ის სასარგებლოდ, რაც შევიდა კანონიერ ძალაში და არბიტრაჟის მიერ 2008 წლის 24 დეკემბერს გაიცა №46/08 სააღსრულებლო ფურცელი, რომელიც მოპასუხე მ. ხ-ის მიერ წარგენილ იქნა აღსასრულებლად სააღსრულებლო ბიუროში, პირველ აუქციონზე 2009 წლის 03 აპრილს იპოთეკით დატვირთული ქონება გატანილ იქნა სარეალიზაციოდ 37452.67 აშშ დოლარად და იგი აუქციონის წესით არ გაიყიდა, მეორე აუქციონზე 2009 წლის 28 აპრილს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გატანილ იქნა სარეალიზაციოდ 18726.33 აშშ დოლარად, რა დროსაც ასევე არ გაიყიდა აუქციონზე მეორედ გატანილი ქონება და 2009 წლის 11 მაისს სააღსრულებლო ბიუროს განკარგულებით იგი ნატურით გადაეცა მ. ხ-ს, რის საფუძველზეც 2009 წლის 21 მაისს მ. ხ-ი აღირიცხა ნ. ბ-ის უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში (იხ. ტ. 2 სფ. 68-75).

მოპასუხე მ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თაღლითობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენით ნ. ბ-ესთან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან მიმართებით, გამამტყუნებელი განაჩენი შესულია კანონიერ ძალში (იხ. ტ. 1 სფ. 13-32, 55).

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიციას, რომ 2009 წლის 28 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას და ე. ბ-ი იყო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო 56-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს, რაც ცხადყოფს, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატის მითიტებით, ნ. ბ-ემ ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მ. ხ-ისა და ე. ბ-ის უკანონო „ურთიერთშეთანხმება“, მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ მათ საერთო ინტერესებზე, რომლებიც გამორიცხავდა იმ განზრახვას, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ე. ბ-მა საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, რის შემდეგაც მის მიერ გამოსახლებულ იქნა ნ. ბ-ე. სააპელაციო პალატის განმარტებით, ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ნ. ბ-ემ შემძენის კეთილსინდისიერების საპირისპიროდ წარმოადგინა, იყო მითითება იმის შესახებ, რომ სადავო ბინაზე ე. ბ-ის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილი იქნა არა ხელშეკრულების დადებისას, არამედ მანამდე, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება კი დაიდო ვალის გაქვითვის მიზნით, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, მიუთითებდა სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე. აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ის გარემოება, რომ ე. ბ-ს ვალის სახით ჰქონდა მიცემული თანხა მ. ხ-ისთვის და ამ ვალის სანაცვლოდ მიიღო ბინა, არ შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ გარიგება მოჩვენებითი ხასიათისაა, ვინაიდან, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე, 312-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ 2009 წლის 28 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო მ. ხ-ის საკუთრების უფლება (ტომი I, ს.ფ. 149). იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ე. ბ-ისთვის ცნობილი იყო, რომ მ. ხ-ი არ იყო სადავო უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრე, სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო მარტოოდენ მ. ხ-ის და ე. ბ-ის ნაცნობობა და მეზობლობა არ შეიძლება მიუთითებდეს ე. ბ-ის არაკეთილსინდისიერებაზე, ანდა ფიქტიური გარიგების დადების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე”, რომლის დადასტურების ტვირთიც აკისრია ნ.ბ-ეს. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მ. ხ-ის მიმართ გამამტყუენებელი განაჩენი გამოტანილია 2010 წლის 28 ივლისს, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2009 წლის 28 მაისს, რაც ასევე მიუთითებდა ე.ბ-ის კეთილსინდისიერებაზე. გარდა ამისა, პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მ. ხ-ზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საფუძველი გახდა: განმეორებითი აუქციონის შესახებ 2009 წლის 28 აპრილის ოქმი და შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს 11.05.2009წ. განკარგულება ქონების ნატურით გადაცემის შესახებ, რომლებიც ძალაშია და მათი გაუქმება არავის არ მოუთხოვია.

სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ 2009 წლის 28 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ ნ. ბ-ეს არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი.

პალატამ განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა, თავისი შინაარსით წარმოადგენდა აღიარებითი ხასიათის სარჩელს. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლზე საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო არბიტარჟის შპს ,,ჯ.’’-ის 2008 წლის 17 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, სადავოდ გამხდარი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ბ-ეს მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 19 500 აშშ დოლარის გადახდა, რომლის გადახდევინებაც უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული, ნ. ბ-ის საკუთრებაში არსებული ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131ა-ში მდებარე უძრავ ქონების რეალიზაციის გზით. ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სადავო უძრავი ქონება ორჯერ იქნა გატანილი აუქციონზე სარეალიზაციოდ, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ქონება ნატურით საკუთრებაში გადაეცა კრედიტორს - მ. ხ-ს. ამდენად, მ. ხ-მა საკუთრების უფლება ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე მოიპოვა აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სარჩელით ცალსახად იკვეთება, რომ 2009 წლის 28 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ მდგომარეობს ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოსარჩელისათვის გადაცემაში, ვინაიდან, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება მ. ხ-მა მოიპოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე. ამასთან, მ. ხ-ის საკუთრების სამართლებრივი საფუძველი ნამდვილია და მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია ხსენებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და აღმასრულებლის განკარგულება, პალატის აზრით, 2009 წლის 28 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ წარმოშობს ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნ. ბ-ისთვის დაბრუნების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის 12 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი და არასწორად მიიჩნია 2007 წლის 12 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოტყუებით დადებულ გარიგებად, ვინაიდან, 5 000 აშშ დოლარზე ხელშეკრულების დადების ნება მოსარჩელეს გააჩნდა და გარიგება მაინც დაიდებოდა, ოღონდ 5 000 აშშ დოლარზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლიგიის კანონიერ ძალში შესული 2010 წლის 16 ნოემბრის №1/ბ-1292-10 გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ მ. ხ-მა და ე. ა-მა განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდნენ დიდი ოდენობით სხვის კუთვნილ თანხას, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ე. ა-ი მ. ხ-თან მიიყვანდა სესხის აღების მსურველებს რა დროსაც მათ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაატვირთინებდნენ თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს. ბინის მესაკუთრეებს მოატყუებდნენ, რომ მათი კუთვნილი ბინები მათთვის სასურველი სესხის უზრუნველსაყოფად იტვირთებოდა, რეალურად კი იპოთეკართაგან აიღებდნენ და მიისაკუთრებდნენ დიდი ოდენობით თანხებს ან მესაკუთრეებს ხელს მოაწერინებდნენ დიდი ოდენობით თანხის მიღებაზე, რის საფუძველზეც შემდგომში შეძლებდნენ მათი საცხოვრებელი სახლების აუქციონის წესით გასხვისებისა და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას. 2007 წლის დასაწყისში ე. ა-ი დაუახლოვდა ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131ა-ში მცხოვრებ ნ. ბ-ეს, რომელსაც სამუშაოდ სურდა იტალიაში გამგზავრება. ე. ა-მა ნ. ბ-ეს განუცხადა, რომ 3500 აშშ დოლარად იტალიაში სამუშაოდ გაამგზავრებდა. ნ. ბ-ე დაეთანხმა ე. ა-ის წინადადებას, თუმცა მას საჭირო თანხა არ ჰქონდა, რითაც ისარგებლა ე. ა-მა და განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მ. ხ-თან შეთანხმებისამებრ მოტყუებით დაუფლებოდნენ ნ. ბ-ის სახელით 19 500 აშშ დოლარს, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ე. ა-მა ნ. ბ-ეს შესთავაზა თანხა ესესხებინა მის მეგობარ მ. ხ-ისაგან. 2007 წლის 12 მაისს, ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, მ-ის ქუჩა №19-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც ნ. ბ-ეს განუმარტეს, რომ ხელს აწერდა 5000 აშშ დოლარის სესხის მიღებაზე, რაც საჭირო იყო იტალიაში გასამგზავრებლად, რეალურად კი ხელშეკრულებაში მიუთითეს თითქოს ამ უკანასკნელს მ. ხ-მა სარგებლით ასესხა 19 500 აშშ დოლარი და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა ნ. ბ-ის კუთვნილი ბინა მდებარე ქ. ხაშური, ს-ოს 131ა-ში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ე. ა-მა ნ. ბ-ეს ფორმალურად გადასცა 5000 აშშ დოლარი, თუმცა განუმარტა, რომ იტალიაში გასამგზავრებლად ეს თანხა საკმარისი არ იყო და საჭირო იყო 4500 ევრო, რაზეც ნ. ბ-ემ უარი განაცხადა და ე. ა-ისაგან მიღებული თანხა უკან დაუბრუნა გამსესხებელზე გადასაცემად. ე. ა-ი ნ. ბ-ეს დაპირდა, რომ გააუქმებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, თუმცა იგი მოატყუა 5000 აშშ დოლარი მართლსაწინაარმდეგოდ მიისაკუთრა, ხოლო მ. ხ-მა ზემოაღნიშნულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე შეძლო გაესხვისებინა ნ. ბ-ის კუთვნილი ქონება და არარსებული სესხის საფუძველზე მიეღო დიდი ოდენობით სარგებელი. სააპელაციო პალატამ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემობაზე, რომ ნ. ბ-ის მოტყუება გამოიხატა არა მარტო თანხის ოდენობაში, არამედ იმაშიც, რომ მას დაპირდნენ იტალიაში სამუშაოდ გამგზავრებას და სწორედ ამ მიზნით ააღებინეს სესხი, სინამდვილეში კი, მისთვის დახმარების განზრახვა სამუშაოდ უცხოეთში გამგზავრებაში, არც ე. ა-ს და არც მ. ხ-ს არ ჰქონია. ამდენად, აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე ნ. ბ-ე სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ 2007 წლის 12 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საკითხზე მსჯელობა არ წარმოადგენდა სასამართლოს უფლებამოსილებას და მისი განხილვა წარმოადგენდა კერძო არბიტრაჟის შპს ,,ჯ.’’-ის კომპეტენციას გამომდინარე იქიდან, რომ ნ. ბ-ემ სცნო საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენცია. აღნიშნულთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო საარბიტრაჟო საქმის მასალები სრულად, რის გამოც პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა საკითხზე - ცნო თუ არა ნ. ბ-ემ კერძო არბიტრაჟის შპს ,,ჯ.’’-ის კომპეტენცია კონკრეტულ საქმეზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მაშინ, როდესაც გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზე, რომ 2009 წლის 28 მაისის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას და ე. ბერეკაშვლი იყო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ე. ბ-ისა და მ. ხ-ის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებაზე და არც იმ გარემოებაზე, რომ მ. ხ-ის აღიარებითი ჩვენებით ხაშურის რაიონულ სასამართლოში ე. ბ-ისათვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების პერიოდში, რომ მას პრობლემები ჰქონდა სადავო სახლის მესაკუთრეებთან.

კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მითითება მასზე, რომ მას არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი, ხოლო, თუ რაში უნდა გამოიხატებოდა

იურიდიული ინტერესი სასამართლოს არ მიუთითებია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია როგორ და რის საფუძველზე მივიდა მ. ხ-ი არბიტრაჟამდე.

კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე არასწორად იმსჯელა ბაჟის დაკისრების საკითხში, რადგან იგი კანონის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ გააანალიზა და არ აღმოფხვრა მ. ხ-სა და ე. ბ-ს შორის წინააღმდეგობები, არ მიუთითა რომელი მათგანია სწორი: ხ-ის განმარტება, რომ მან 40000 აშშ დოლარი მიიღო ნოტარიუსში, თუ ბ-ის განმარტება, რომ მას ფული არ მიუცია და სახლი მიიღო ვალში. ასევე, სასამართლომ არ იმსჯელა თვითონ ხ-მა კეთილსინდისიერი გზით შეიძინა თუ არა ხაშურში მდებარე სახლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, მხარეებმა: ე. ბ-მა და ნ. ბ-ემ წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

კასატორი ნ. ბ-ე კისრულობს ვალდებულებას, მორიგების აქტის დამტკიცებიდან, ამ აქტის მეორე პუნქტში მითითებულ ვადებში და პირობებით გადაუხადოს მოპასუხეს 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. თანხის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგი გრაფიკით:

ა) 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2013 წლის 28 თებერვლისა თავისუფალი გრაფიკით;

ბ) დარჩენილი 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა თავისუფალი გრაფიკით;

თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ე. ბ-ის საბანკო ანგარიშზე, რომელიც წარედგინება ნ. ბ-ეს; თანხის სრულად გადახდამდე, ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე 757 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ..., დარჩეს ე. ბ-ის საკუთრებაში. წინამდებარე აქტის შესაბამისად, თანხის სრულად და დადგენილ ვადებში გადახდის შემთხვევაში, საჯარო რეესტრში მიბმული უფლებით დარეგისტრირდეს ნ. ბ-ის მომავალი საკუთრების უფლება. ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე 757 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელი სახლზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ..., გაუქმდეს ყადაღა. ამ შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული თანხის მეორე პუნქტის შესაბამისი გრაფიკით გადახდის შემთხვევაში, ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე 757 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ..., ხდება ნ. ბ-ის საკუთრება. მორიგებით გათვალისწინებული პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ (მორიგების 2 პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა) შეუსრულებლობის შემთხვევაში, უქმდება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიბმული უფლება ნ. ბ-ის მომავალი საკუთრების უფლებაზე, რაც წარმოეშობოდა თანხის გადახდის შემთხვევაში და გადახდილი თანხის 50% რჩება ე. ბ-ს, 50% კი, უბრუნდება ნ. ბ-ეს. მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაასაჩივრინ მხარეთა მორიგების შესახებ წინამდებარე შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან, 2012 წლის 12 მარტიდან.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს, მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა მოეხსნას ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე, ე. ბ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, 757 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ..., შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, მორიგების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა მორიგების დადებისთანავე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, კერძოდ, ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე, ე. ბ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე – 757 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ..., ყადაღის გაუქმება.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების – ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე, ე. ბ-ის კუთვნილი უძრავი ქონების – 757 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელი სახლის, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ... დაყადაღების, კანონით გათვალისწინებული, ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 284-ე, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

კასატორი ნ. ბ-ე კისრულობს ვალდებულებას, მორიგების აქტის დამტკიცებიდან, ამ აქტის მეორე პუნქტში მითითებულ ვადებში და პირობებით გადაუხადოს მოპასუხეს 10000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. თანხის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგი გრაფიკით:

ა) 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2013 წლის 28 თებერვლისა თავისუფალი გრაფიკით;

ბ) დარჩენილი 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა თავისუფალი გრაფიკით;

თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ე. ბ-ის საბანკო ანგარიშზე, რომელიც წარედგინება ნ. ბ-ეს; თანხის სრულად გადახდამდე, ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე 757 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ..., დარჩეს ე. ბ-ის საკუთრებაში. წინამდებარე აქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრში მიბმული ვალდებულებით დარეგისტრირდეს ნ. ბ-ის მომავალი საკუთრების უფლება თანხის სრულად და დადგენილ ვადებში გადახდის შემთხვევაში. ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე 757 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელი სახლზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ..., გაუქმდეს ყადაღა. ამ შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული თანხის მეორე პუნქტის შესაბამისი გრაფიკით გადახდის შემთხვევაში, ქ. ხაშურში, ს-ოს ქ. №131-ში მდებარე 757 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – ..., ხდება ნ. ბ-ის საკუთრება. მორიგებით გათვალისწინებული პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ (მორიგების 2 პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევა) შეუსრულებლობის შემთხვევაში, უქმდება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიბმული უფლება ნ. ბ-ის მომავალი საკუთრების უფლებაზე, რაც წარმოეშობოდა თანხის გადახდის შემთხვევაში და გადახდილი თანხის 50% რჩება ე. ბ-ს, 50% კი, უბრუნდება ნ. ბ-ეს. მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაასაჩივრინ მხარეთა მორიგების შესახებ წინამდებარე შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან, 2012 წლის 12 მარტიდან.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.