Facebook Twitter
№ას-1829-1802-2011 15 მარტი, 2012 წელი

№ას-1829-1802-2011 15 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – 1. გ. დ-ი

2. ს. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორ ს. ს-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

კასატორ გ. დ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება და მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდა, მხარეებს შორის შეწყდა 2004 წლის 3 ივლისს, ქ. ტყიბულის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი მნ №...).

მეუღლეთა თანასაკუთებიდან წილის გამოყოფის ნაწილში სარჩელი დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუსხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში ისინი ეწეოდნენ ინდ. მეწარმეობას, კერძოდ, ქ. ტყიბულში, ლ-ის მოდანი №1-ში ჰქონდათ მაღაზია, რომელიც გ. დ-ის სახელზეა აღრიცხული. საქმიანობის გაფართეობის მიზნით, გადაწყვიტეს ფოტოების საბეჭდი აპარატის ყიდვა, რომლის შესაძენი თანხაც მისცა მოსარჩელის მამამ – გ. ს-ემ. ასევე, შეიძინეს კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი, საერთო ხარჯებით მოაწყვეს მაღაზია. ს. ს-ე ოჯახიდან წამოვიდა იძულებით, რის შემდეგაც, გ. დ-ს 2010 წლის პირველი აგვისტოდან მისთვის მაღაზიის მოგებიდან წილი არ მიუცია, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ასევე, სამი თვის მიუღებელი თანხის - 2100 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ინდ. მეწარმე იყო არა თვითონ, არამედ თავისი ძმა და მას ს. ს-ესთან არანაირი საკუთრება არ გააჩნია. ამასთან, არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ საქმიანობაში ჩადებული 10000 აშშ დოლარი ს. ს-ეს ეკუთვნოდა, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი ნაწილობრვ დაკმაყოფილდა, გ. დ-ს დაევალა ს. ს-ისათვის – მეუღლეთა თანასაკუთრებიდან 3750 ლარის გადაცემა, მასვე, ს. ს-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 2100 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ს. ს-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

გ. დ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. დ-ს ს. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2100 ლარის გადახდა, გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილშიც, რომლითაც გ. დ-ს ს. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 177.50 ლარისა და ადვოკატის მომსახურების – 200 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. ს-ის სარჩელი გ. დ-ის მიმართ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული თანხის, ყოველთვიურად 700 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გ. დ-ს ს. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ს. ს-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 112.50 ლარი და ს. ს-ის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი – 150 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხე გ. დ-ი რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ 2007 წლის 6 ივნისიდან, ხოლო. მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 თებერვლის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით.

საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 28 ივნისის 1307/19 2011 - საექსპერტო დასკვნით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტოების საბეჭდი აპარატის ღირებულება იყო 6500 ლარი, ქსეროქსის აპარატის – 800 ლარი, ხოლო კომპიუტერის საბაზრო ღირებულება – 200 ლარი. (ტ.1. ს/ფ. 162-165).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168.1-ე მუხლზე მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონება მხარეებმა ერთობლივად შეიძინეს ქორწინების განმავლობაში, რისი გათვალისწინებითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოთხოვნა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების ნახევრის მიკუთვნების ნაწილში საფუძვლიანი იყო.

ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მაღაზიის მოგებიდან ყოველთვიურად იღებდა 700 ლარს, ვინაიდან ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სარჩელში მითითებული გარემოებები ს. ს-ემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ დაადასტურა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ს. ს-ის სააპელაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ს. ს-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტიელბის მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1168-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლებით.

კასატორის მითითებით, გარდა საქმეში არსებული მტკიცებულებებისა სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მოსამზადებელ სხდომაზე მან დააყენა შუამდგომლობა საბუღალტრო დოკუმენტების გამოთხოვაზე, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შემოღებული ჰქონდათ ჟურნალი, რომელშიც აწარმოებდნენ შემოსავლისა და გასავლის აღრიცხვას, მაგრამ მოპასუხე გ. დ-მა და მისმა წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე აღიარეს, რომ 700 ლარის გადახდას სადავოდ არ ხდიდნენ, რის გამოც სასამართლომ მათი შუამდგომლობა ხსენებული მტკიებულებების გამოთხოვაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილდა, რის გამოც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სააპელაციო წესით გადაწყვეტილებასთან ერთად არ გაუსაჩივრებიათ. ამდენად, აღნიშნული ახალი გარემოებაა და ამ ნაწილში კასატორმა მოითხოვა საქმის დაბრუნება მტკიცებულებების გამოთხოვის მოტივით.

კასატორის მოსაზრებით, მაღაზიის რეგისტრაცია გ. დ-ის სახელზე არ ნიშნავს, რომ შემოსავალი პირადად მას ეკუთვნის. მოგება შეადგენს მხარეთა თანასაკუთრებას.

კასატორის აზრით, დავის ფაქტობრვი შემადგენლობა საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და სასამართლომ სწორად გამოიყენა შესაბამისი ნორმები სადავო ნივთების მიმართ და თუ აღნიშნული ნივთები სასამართლომ მხარეების თანასაკუთრებად მიაჩნია, რატომ არ უნდა გაევრცელებია იგივე უფლებები მაღაზიის მოგებაზე, რაც დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე და 1168-ე მუხლებით.

კასატორმა გ. დ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიღო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, 2011 წლის 22 სექტემბრის სხდომის ოქმი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა სასამართლო გადაწყვეტილების შედეგს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით ს. ს-ის, ხოლო 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ს-ისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300-300 ლარის) 70% – 210-210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ს-ისა და გ. დ-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ს. ს-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ს-ის მიერ №... საგადასახადო დავალებით 2012 წლის 12 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (200 ლარი) 70 %– 140 ლარი და 2011 წლის 22 დეკემბერს ნანული ბუაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (100 ლარი) 70% – 70 ლარი შემდეგი ანგარისიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი – 200122900, მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - №300773150;

3. კასატორ გ. დ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №3 შემოსავლის ორდერით 2012 წლის 17 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70 %– 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.