№ას-184-177-2012 30 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწოფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ს-ას მიმართ მოპასუხისათვის სტუდენტად ყოფნის პერიოდის სწავლის გადაუხდელი საფასურის – 1500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2005 წლის 27 ოქტომბრის №3-168 ბრძანების საფუძველზე ა.ს-ა ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2005 წელს უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტმა იკისრა ვალდებულება, მოპასუხე უზრუნველეყო სწავლა-აღზრდის პირობებით, ბინით საერთო საცხოვრებელში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკის ფონდით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, თავის მხრივ, მოპასუხემ იკისრა უნივერსიტეტის შინაგანაწესის, ადმინისტრაციის ბრძანებებისა და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობაში. ამდენად, ა.ს-ას ამავე უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №ვ-694 ბრძანებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. 2005 წლის 27 ოქტომბრიდან 2008 წლის 29 დეკემბრამდე მოპასუხე სამართლებრივად სტუდენტად ითვლებოდა და მას ერიცხებოდა სწავლის საფასური. ა.ს-ას, როგორც 2010 წლის 4 თებერვლამდე სტატუსშეწყვეტილ პირს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების საფუძველზე, სწავლის საფასურის გადახდის შემთხვევაში, უფლება აქვს მობილობის უფლებით სარგებლობისა, აღნიშნულის თაობაზე მას გაეგზავნა შეტყობინება, რომელითაც განესაზღვრა ვადა თანხის გადახდისათვის, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული არ განუხორციელებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მოპასუხის განმარტებით, ის მართლაც ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2005-2007 წლების სწავლის საფასური – 2000 ლარი მას მთლიანად აქვს დაფარული, 2007 წლის 31 დეკემბერს ა.ს-ამ წერილობით მომართა უნივერსიტეტს და აცნობა, რომ, ოჯახური პირობების გამო, თავს ანებებდა უნივერსიტეტში სწავლას. უნივერსიტეტში მისულ ა.ს-ას, რომელსაც აინტერესებდა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მისი მიმართვის საფუძველზე, დეკანის მოადგილემ აცნობა, რომ გარიცხული იყო უნივერსიტეტიდან ლექციებზე გამოუცხადებლობის გამო და, ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდის შემთხვევაში, აღდგენილი იქნებოდა მისი სტატუსი. უკანონოა 2008 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით სტატუსის შეწყვეტა, რადგანაც მოპასუხეს სწავლა 2007 წლის 21 დეკემბრიდან აღარ გაუგრძელებია, შესაბამისად, ნაცვლად 2007 წლის 31 დეკემბრისა 2008 წლის 29 დეკემბერს გამოცემული ბრძანება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რაც გახდა მოპასუხის მიერ უნივერსიტეტიდან მოთხოვნილი დავალიანების დაფარვაზე უარის თქმის საფუძველი, მოპასუხის მითითებით, დარღვეულია ასევე სარჩელის წარდგენისათვის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2005 წლის 27 ოქტომბრის №3-168 ბრძანებით ა. ს-ა ჩაირიცხა ჰუმანიტარული რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის პირველ კურსზე. 2005 წლის 23 სექტემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა. ს-ას შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოპასუხეს რექტორის 2005 წლის 15 სექტემბრის №1-52 ბრძანებით, დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან და გაირიცხებოდა. ა. ს-ამ გადაიხადა 2005-2006, 2006-2007 სასწავლო წლების სწავლის საფასური სულ – 2000 ლარი. უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანების მიხედვით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ა. ს-ას შეუწყდა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი. ა.ს-ას 2011 წლის 26 აპრილს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ.ლ-ის მიერ გაეგზავნა შეტყობინება-გაფრთხილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. მოპასუხესთან შემდეგ სასწავლო წლებში წერილობითი სასწავლო ხელშეკრულება აღარ გაფორმდა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ 2007-2008 წლის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილება ვალდებულების შესრულების შესახებ. ა. ს-ას 2007-2008 და 2008-2009 სასწავლო წლებში ლექციებზე არ უვლია და საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია. მოპასუხის განმარტებით, ოჯახში შექმნილი მძიმე ეკომომიური პირობების გამო, მოუხდა სწავლის მიტოვება, რის თაობაზეც 2007 წლის დეკემბერში გააფრთხილა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მან წერილობითი განცხადებით მიმართა ფაკულტეტის დეკანატს სწავლის შეწყვეტის შესახებ. დეკანის მოადგილე ჟ. მ-ემ აცნობა, რომ გარიცხული იყო უნივერსიტეტიდან ლექციებზე დაუსწრებლობის გამო და, თუ ჯარიმის სახით გადაიხდიდა 1000 ლარს, აღდგებოდა სტუდენტის უფლებებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შეწყვიტის თაობაზე. ა.ს-ა 2007-2008 სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადაუხდელობისა და სწავლის მიტოვების გამო, ამ პერიოდიდან უნივერსიტეტთან აღარ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, შესაბამისად, მას მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა. დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოებაც, რომ სადავო პერიოდში მხარეთა შორის ზეპირი ფორმით გაგრძელდა ხელშეკრულება. 2005 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს რექტორის 2005 წლის 15 სექტემბრის №1-52 ბრძანებით დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან და გაირიცხებოდა. მითითებული ხელშეკრულებისა და უნივერსიტეტის სხვა შიდა აქტებით მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, იგი გაირიცხებოდა უნივერსიტეტიდან და შეუწყდებოდა სტუდენტის სტატუსი, ამიტომ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხეს განცხადებით უნდა მიემართა უნივერსიტეტისათვის და ამის შემდეგ შეუწყდებოდა სტატუსი. მოპასუხემ დაარღვია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის გადახდის წესები. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ (წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 10 სექტემბრის №01 გადაწყვეტილებით ,,სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ“) მე-4 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, დადგენილი წესების თანახმად, მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის (გარიცხვის) საფუძველი არსებობდა იმ დროიდან, როცა მან არ გადაიხადა 2007-2008 წლის სწავლის საფასური, ამასთან, უნივერსიტეტის დებულების მე-4 მუხლის 25-ე ნაწილის მიხედვით, სტუდენტის მიერ ორი თვის სწავლის თვითნებურად მიტოვების ვითარებაში უწყდება სტატუსი და შემდეგი პერიოდის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება აღარ უნდა დაეკისროს. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სტუდენტს უნივერსიტეტის შინაგანაწესით, წესდებით, „სწავლის საფასურის გადახდის წესებითა“ და ხელშეკრულებით არ აკისრია ვალდებულება, უნივერსიტეტისაგან საგანმანათლებლო მომსახურების მიუღებლობის შემთხვევაშიც გადაიხადოს სწავლის საფასური. ასეთი ვალდებულების არსებობა არ დასტურდება. დადგენილ იქნა ის გარემოებაც, რომ სარჩელი უსაფუძვლოსთან ერთად ხანდაზმულიცაა. მოსარჩელეს მოპასუხის მიერ 2007 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემდეგ წარმოეშვა სწავლის საფასურის გადახდაზე მოთხოვნის უფლება. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2011 წლის 20 ივნისს, სასარჩელო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი 3-წლიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატამ განმარტა შემდეგი: მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა თანახმად სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლისა. სასამართლოს მითითებით, იგივე გამომდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდანაც. კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის, ამიტომ სტუდენტი ვალდებულია, გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამის მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. ა. ს-ას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007-2008 და 2008-2009 წლებში არ უსწავლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები, რის გამოც სახეზეა საპროცესო ნორმის დარღვევა, რასაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, პალატამ იურიდიულად სრულყოფილად ვერ დაასააბუთა ის გარემოება, სამართლებრივად თუ რატომ არ ითვლებოდა მოპასუხე 2008 წლამდე უნივერსიტეტთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ პირად. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტუდენტს სტატუსი შეუწყდება მხოლოდ განცხადების საფუძველზე, თუ ის თვითნებურად მიატოვებს სწავლას და/ან არ გადაიხდის საფასურს და არა სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში. ხანდაზმულობის ვადის ათვლაც, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისა, უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ბოლო შესასრულებელი ვალდებულების დარღვევიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დარღვეულად ითვლებოდა სტუდენტის მიერ საფასურის ზედიზედ სამჯერ გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც საკმარისი იყო მოპასუხისათვის სტატუსის შეწყვეტისა, შესაბამისად, რექტორის 2008 წლის დეკემბრის ბრძანება კანონშესაბამისია და სასარჩელო ხანდაზმულობაც სწორედ 2008 წლიდან უნდა აითვალოს. სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტის აქტის გამოცემამდე უნივერსიტეტმა მიმართა მას ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მისგან უარის მიღების შემდეგ მომართა სასამართლოს. სტუდენტის თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ლექციაზე გამოუცხადებლობა არ წარმოშობს უნივერსიტეტის ვალდებულებას, ზემოაღნიშნულის დარღვევის გამო, სტუდენტს შეუწყვიტოს სტატუსი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი არასწორად ჩათვალეს, რომ სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება სტუდენტს მხოლოდ ლექციებზე გამოცხადების პერიოდში ეკისრება. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გემოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 20 იანვარს №111 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 20 იანვარს №111 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.