№ას-186-179-2012 15 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. რ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – სარკინიგზო მომსახურებით დარიცხული საფასურის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. რ-ის მიმართ სარკინიგზო მომსახურებისათვის დარიცხული საფასურის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. რ-ს შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13 878,87 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ო. რ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ო. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება მხარეებს გადაეგზავნათ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ო. რ-ის სახელზე გაგზავნილი გადაწყვეტილება, 2011 წლის 25 ნოემბერს პირადად ჩაბარდა მის წარმომადგენელ ნ. ა-ეს.
ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე ნ. ა-ემ სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანა 2011 წლის 21 დეკემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვალა დაიწყო სასამართლოს გზავნილის აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომდევნო დღიდან, რადგან წარმომადგენლისათვის გზავნილის ჩაბარება მისი თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
ამდენად, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასაჩივრების ბოლოს წარმოადგენდა 2011 წლის 9 დეკემბერი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის დანაწესი და მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ო. რ-ის წარმომადგენელმა ნ. ა-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
დასახელებული განჩინება კანონის დარღვევით იქნა მიღებული და იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან განჩინებაში მითითებული მიზეზი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. რ-ის წარმომადგენელ ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა მხარეს შეუძლია დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია, რომ უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება თუ ის მიიღო მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი მოპასუხე მხარის წარმომადგენელ ნ. ა-ეს ჩაბარდა 2011 წლის 25 ნოემბერს, რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყვება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო ამ თარიღის მომდევნო დღეს, 2011 წლის 26 ნოემბერს და ამოიწურა 2011 წლის 9 დეკემბერს. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანა 2011 წლის 21 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებს საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული და განუხილველად დატოვების მითითებული მიზეზი არ არსებობდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. რ-ის წარმომადგენელ ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.