№ას-187-180-2012 29 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ც-ე, ა. ე-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქ. ც-ემ და მოითხოვა შპს ,,ბ-ი”-ში ა. ე-ის სახელზე რეგისტრირებულ 100%-იან წილზე ყადაღის დადება და ასევე, ა. ე-ისათვის აღნიშნული წილის გასხვისების აკრძალვა იმ საფუძვლით, რომ 2010 წლის 13 მაისს, ქ. ფოთში, სანოტარო წესით გაფორმდა ვალის აღიარების ორი ხელშეკრულება, რომელთაგან ერთი ხელშეკრულება ეხება 46300 აშშ დოლარს, ხოლო მეორე – 238 275 აშშ დოლარს, საერთო ჯამში ვალის ოდენობა შეადგენს 284575 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა გავიდა 2010 წლის 14 აგისტოს, ა. ე-ე უგულებელყოფს მოთხოვნას. ვინაიდან აპირებს სარჩელის აღძვრას ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით, განცხადებელმა მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი წარადგინა ქ. ც-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ქ. ც-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით ქ. ც-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მაისის განჩინება, ქ. ც-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო შპს „ბ-ში“ ა. ე-ის სახელზე რეგისტრორებულ 100%-იან წილს.
2011 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ბ-ის“ დამფუძნებლის, გ. კ-ის წარმომადგენელმა ე. მ-ემ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ნაწილობრივ ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
განმცხადებლის განმარტებით, 2010 წლის 17 მაისს, შპს „ბ-ის“ დირექტორმა ა. ე-ემ თავისი წარმომადგენლის– ლ. კ-ის მეშვეობით შეცდომით წარადგინა განცხადება საჯარო რეესტრში საზოგადოების არსებული წილების შესახებ, რის შედეგადაც მხოლოდ თავისი თავი დაირეგისტრირა 100%-იანი წილის მესაკუთრედ. დამფუძნებელთა უფლების დარღვევა და წილების რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომა ა. ე-ის განმარტებით, მან გამოავლინა 2011 წლის ივლისში, თუმცა ამის შესახებ დამფუძნებლებისათვის არ უცნობებია, საჯარო რეესტრს კი, აცნობა მხოლოდ 2011 წლის 19 ივლისს.
რადგან სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო ა. ე-ის 100%-იან წილს, საჯარო რეესტრი ვერ ახერხებს წილთა შესახებ ჭეშმარიტი მონაცემების რეგისტრირებას. ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლომ ქ. ც-ის სარჩელი ა. ე-ის მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე დააკმაყოფილა, გ. კ-ე და სხვა პარტნიორები კი, სარჩელის განხილვისას მხარეებად არ ყოფილა ჩართული და ვერც მომდევნო ეტაპზე ჩაერთვებიან, აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა შპს „ბ-ის“ 100%-იან წილზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების ბათილად ცნობა და მხოლოდ ა. ე-ის 15%-იან წილზე ყადაღის დადება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ის წარმომადგენელ ე. მ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ე არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს და, შესაბამისად, მისი განცხადება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებელი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და შპს „ბ-ის“ 100%-იან წილზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების ბათილად ცნობა და მხოლოდ ა. ე-ის 15%-იან წილზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ ა. ე-ე შპს „ბ-ის“ 100%-ის მესაკუთრედ შეცდომით დარეგისტრირდა, მის წილს მხოლოდ 15% შეადგენს და შესაბამისად, უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინებით იზღუდება გ. კ-ის, როგორც ერთერთი პარტნიორის უფლებები. შესაბამისად, ვინაიდან დასახელებული განჩინება პირდაპირ ეხება მის კანონით გათვალისწინებულ ინტერესს, გ. კ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან გაჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შeიძლება ბათილად იქნას ცნობილი თუ, პირი, რომლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მოწვეული საქმის განხილვის ეტაპზე.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათიალდ ცნობის მიზეზი შეიძლება გახდეს ის გარემოება, თუ მართალია პირი საქმეში არ ყოფილა ჩაბმული არც მოსარჩელედ, არც მოპასუხედ და არც მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მისი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ, ანუ უშუალოდ შეეხო მის კანონიერ ინტერესებს და ამ დროს იგი არ იყო საქმის განხილვაზე მოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქ. ც-ე სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ვალის აღიარების ხელშეკრულებები, ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა გავიდა 2010 წლის 14 აგისტოს, ა. ე-ე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და ამასთანავე არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი ყოველმხრივ შეეცდება თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გაასხვისოს ან სხვაგვარად ისე დატვირთოს, რომ გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს შემდგომში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თანხის დაკისრების თაობაზე ქ. ც-ის სარჩელზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო შპს „ბ-ში“ ა. ე-ის 100%-იან წილს, მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა მხოლოდ ა. ე-ე.
საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „ბ-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია ა. ე-ე.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ რეესტრის უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობა სათანადო წესით დადასტურებული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მიღებული განჩინებით შეიზღუდა, მისი, როგორც საზოგადოების ერთერთი პარტნიორის, უფლებები და აღნიშნული განჩინება პირდაპირ შეეხო მის კანონით გათვალისწინებულ ინტერესს, ვინაიდან ა. ე-ე შპს „ბ-ის“ 100%-ის მესაკუთრედ შეცდომით არის დარეგისტრირებული და მის წილს მხოლოდ 15% შეადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ გ. კ-ე არ განეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს და, შესაბამისად, მისი განცხადება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.