№ას-189-182-2012 26 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ჯ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ. ფ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. დ-ემ, ლ. ლ-მა, ი. კ-მა და მ. ჯ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ქ. ფ-ის“ მიმართ სს „ქ. ფ-ის“ 2007 წლის 30 აპრილის №10-17 ბრძანების ბათილად ცნობისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დაკავებულ თანამდებობებზე მოსარჩელეთა აღდგენის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2002 წლის 16 დეკემბერს სს „ქ-მა ფ-მა“ გამოსცა №20 ბრძანება, რის საფუძველზეც დაიწყო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელის“ („იყავ ნება შენის“) სცენარის დამუშავება, შეიქმნა გადამღები ჯგუფი, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად შედიოდნენ მოსარჩელეებიც: ლ.ლ-ი – ჯგუფის დირექტორი, ი.კ-ი – დამდგმელი ოპერატორი, ა.დ-ე – რედაქტორი და მ.ჯ-ა – მთავარი ბუღალტერი. თითოეულ მათგანთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სამუშაო პირობები. მოსარჩელეები ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სს „ქ- ფ-თან“ მანამ, სანამ არ გაიგეს, რომ დირექტორმა დ.ნ-მა 2009 წელს გამოსცა 2007 წლის 30 აპრილით დათარიღებული №10-07 ბრძანება ფილმის დასრულებასთან და გადამღები ჯგუფის წევრებთან 2007 წლის 1 მაისიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელეებისათვის არც გაუცვნიათ და არც ჩაუბარებიათ. 2007 წლის 30 აპრილის ბრძანება არ არსებობდა და არც იარსებებდა, რადგან არა თუ 2007 წელს, სარჩელის აღძვრის დროისთვისაც კი, ფილმის წარმოება დასრულებული არ არის. 2007-2008 წლებში ჯგუფის წევრები: ფილმის რეჟისორი რ. ჩ-ე, ჯგუფის დირექტორი ლ. ლ-ი, ფილმის რედაქტორი ა. დ-ე და ფილმის მეორე რეჟისორი ნ. ლ-ა აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებით, რამდენჯერმე იყვნენ მივლინებული ქ.მოსკოვში, ხოლო სამივლინებო ბრძანებებზე ხელი მოწერილი აქვს დირექტორ დ.ნ-ს. სადავო ბრძანება დაიწერა 2009 წელს და დათარიღდა 2007 წლით, აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს იძლევა ის, რომ სს „ქ. ფ-ის“ დირექტორს სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული აქვს ლ.ლ-ისა და ნ.ლ-ას მოხსენებითი ბარათები. ლ-ის განცხადებით, მას დ.ნ-მა სთხოვა დაეწერა მოხსენებითი ბარათი მხატვრული ფილმის გადაღებებთან დაკავშირებული საქმიანობების მიმდინარეობის შესახებ, დირექტორისათვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში საუბარია არა ფილმის წარმოებით დასრულებაზე, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების დასრულებაზე (ფილმის გადაღება მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე). საზოგადოების დირექტორმა ლ-ის 2009 წლის მოხსენებითი ბარათი გამოიყენა ბოროტად. აღნიშნული ცნობილი გახდა რა ლ-ისათვის, მან 2010 წლის 25 თებერვალს განცხადებით მიმართა დ.ნ-ს, იმის მითითებით, რომ №10-07 ბრძანებაში მოყვანილი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და მოხსენებით ბარათში საუბარი არ იყო ფილმის წარმოებით დასრულებაზე, თუმცა დირექტორს ამ განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. 2009 წელს გამოცემული, მაგრამ 2007 წლის 30 აპრილით დათარიღებული ბრძანება არღვევს მოსარჩელეთა შრომით უფლებებს.
მოპასუხე სს „ქ-მა ფ-მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
2003 წლის 15 მარტს სს „ქ- ფ-სა“ და „კინოსტუდია ე. სერვისს“ შორის გაფორმდა №1-2003 ხელშეკრულება მხატვრულ ფილმ „იყავ ნება შენის“ გადაღების თაობაზე. სს „ქ- ფ-ს“ მონაწილეობა უნდა მიეღო ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებებში, ხოლო საზღვარგარეთ ფილმის გადაღებას უზრუნველყოფდა „კინოსტუდია ე. სერვისი“. აღნიშნული ხელშეკრულებით, სს „ქ. ფ-ის“ ვალდებულება განისაზღვრა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღების უზრუნველყოფით. 2007 წლის 23 აპრილს სს „ქ- ფ-ის“ დირექტორს მოხსენებითი ბარათით მიმართა ფილმის გადამღები ჯგუფის დირექტორმა ლ. ლ-მა, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებები უკვე განხორციელებული იყო, მსგავსი შინაარსის მოხსენებითი ბარათით მიმართა რეჟისორმა ნ. ლ-ამაც. მხატვრული ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების დასრულების გამო, 2007 წლის 30 აპრილით დათარიღებული ბრძანებით, 2007 წლის პირველი მაისიდან შეწყდა ყველა იმ პირთან დადებული შრომითი და ნარდობის ხელშეკრულებები, რომელთა საგანს წარმოადგენდა ფილმ „იყავ ნება შენის“ შექმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საქმიანობის განხორციელება. მოპასუხემ მიუთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და სადავო ბრძანება კანონიერად მიიჩნია, ამასთანავე განმარტა, რომ მხატვრული ფილმის გადაღება აღარ მიმდინარეობს და არც მომავალში იგეგმება, შესაბამისად, თუ რაში უნდა გამოიხატოს მოსარჩელეთა და სს „ქ. ფ-ის“ შრომითი ურთიერთობები, დაუსაბუთებელია. ბრძანების მიღების საფუძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოსარჩელეთა მიერ შესრულება იყო, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მითითება ბრძანების ძველი რიცხვით გამოცემის თაობაზე, რადგანაც აღნიშნულის მოტივი არც არსებობდა, ხოლო, მოსარჩელეთა მითითება სს „ქ. ფ-ის“ მიერ მათი უცხოეთში ვიზიტის დაფინანსების თაობაზე წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან კეთილ ნებას, მართალია, მოსარჩელეთა გამგზავრება დაკავშირებული იყო მხატვრული ფილმის გადაღებასთან, მაგრამ სს „ქ- ფ-ს“ ამ გადაღებებში მონაწილეობა არ ევალებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ა. დ-ის, ლ. ლ-ის, ი. კ-ისა და მ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის საოქმო განჩინებით აპელანტ ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ლ. ლ-ის, ი. კ-ისა და მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2003 წლის 15 მარტს რუსეთის ფედერაციაში შპს კინოსტუდია „ე.-სერვისსა“ და სს „ქ- ფ-ს“ შორის დაიდო მხატვრული ფილმის – „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთლის“ („იყავ ნება შენი“) ერთობლივი წარმოების შესახებ №1-2003 ხელშეკრულება, რომლის 3.1.1. პუნქტის თანახმად, ფილმის ჟანრია მელოდრამა, ფილმი დაიდგმება დამდგმელ რეჟისორ რ. ჩ-ის მიერ, სცენარისტების: რ. ჩ-ისა და ა. ჯ-ის სცენარის მიხედვით. ფილმი იქნება ჩვეულებრივი ფორმატის, ფერადი, ერთსერიანი, დაიდგმება ერთი მხატვრული ვერსიის სახით, ქ- ენაზე, მისი შემდგომი დუბლირებით, ქართველი მსახიობების მიერ რუსულ ენაზე გახმოვანებით. ფილმის დასრულების შემდეგ მასალები შეინახება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდში. შპს კინოსტუდია „ე.-სერვისს“ ფილმთან მიმართებაში მიენიჭა უფლება დაამტკიცოს: რეჟისორი, გენერალური ხარჯთაღრიცხვა, მთავარი როლების შემსრულებლები, დამდგმელი ოპერატორი, კალენდარული გეგმა, გადაღების პროექტის დასრულების გრაფიკი, მონტაჟორი, კომპოზიტორი და მუსიკალური ნაწარმოები, ფილმის საბოლოო მონტაჟი, წარმოების დასრულების აქტი და ფილმის ჩაბარების აქტი ერთ ფირზე, შეცვლა ან ზემოაღნიშნული ყველა ელემენტის ცვლილების ყველა შემთხვევა. გარდა ამისა, ხელშეკრულების რუსულ მხარეს მიენიჭა სხვა უფლებებიც. ამავე ხელშეკრულებით, სს „ქ. ფ-ი“ დამოუკიდებლად ან მესამე პირთა ჩართვით უზრუნველყოფდა ფილმის გადაღებების წარმოებას საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე გადამღებ ჯგუფს გადამღები აპარატურით, რუსული გადამღები ჯგუფის განთავსებას, გადამღებებისათვის ობიექტების მზადყოფნას. ხელშეკრულების მხარეებს შორის დავა წყდება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ამასთან, თითოეული მხარე დამოუკიდებლად პასუხისმგებელია მესამე პირთა მიმართ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან მათი არაჯეროვნად შესრულებისას, რომლებთანაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისათვის. ხელშეკრულებით, ერთ-ერთი მხარის რეორგანიზაციის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი უფლებები და მოვალეობები გადაეცემა მის უფლებამონაცვლეს. მხარეებმა განსაზღვრეს ფილმის წარმოების კალენდარულ-დადგმითი გეგმა. 2007 წლის ივლისში შპს კინოსტუდია „ე.-სერვისის“ უფლებამონაცვლე გახდა შპს კინოკომპანია „ლ-ა“. მოპასუხე სს „ქ-მა ფ-მა“ 2003 წლის 1 ივლისს გამოსცა №40-წ ბრძანება სრულმეტრაჟიანი ფერადი მხატვრული კინოფილმის – „იყავ ნება შენი“ მოსამზადებელ პერიოდში ჩაშვების შესახებ. ბრძანების მიხედვით, დამტკიცებული სარეჟისორო სცენარის საფუძველზე, დასახელებული ფილმის გადამღები ჯგუფი ჩაშვებულ იქნა მოსამზადებელ პერიოდში 2003 წლის 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სცენარის სარეჟისორო დამუშავების პერიოდი ჩაითვალა გაგრძელებულად 16 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით. ბრძანებით, კინოფილმის დადგმა დაევალა 9 პირს, მათ შორის, მოსარჩელე ფილმის დირექტორ ლ. (ა.) ლ-ს. სს „ქ-მა ფ-მა“ 2003 წლის 1 სექტემბერს გამოსცა №45-წ ბრძანება, რომლის თანახმადაც, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ფილმი ჩაშვებულ იქნა გადაღების პერიოდში. 2003 წლის 1 სექტემბრიდან ფილმის დადგმა დაევალა მოსამზადებელი სამუშაოების ჩამტარებელ 9 პირს, მათ შორის, მოსარჩელე ლ.ლ-ს. ფილმის გადაღების დამთავრების ვადად დადგინდა 2003 წლის 17 დეკემბერი. სს „ქ. ფ-ის“ მიერ 2004 წლის 1 თებერვალს დადებული შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელე ა. დ-ე მიღებულ იქნა სამუშაოდ. მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 400 ლარით, ხელშეკრულება დაიდო ფილმის წარმოებით დამთავრებამდე. სს „ქ. ფ-ის“ მიერ 2004 წლის 16 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელე ი. კ-ი მიღებულ იქნა სამუშაოდ ზემოაღნიშნული ფილმის დამდგმელ ოპერატორად, მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 500 ლარით და ხელშეკრულება დაიდო ფილმის წარმოებით დამთავრებამდე, მოპასუხე სს „ქ. ფ-ის“ მიერ 2006 წლის 1 აგვისტოს დადებული შრომითი ხელშეკრულებით მ. ჯ-ა მიღებულ იქნა სამუშაოდ დასახელებული ფილმის ბუღალტრად, მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 500 ლარით, ხელშეკრულება დაიდო ფილმის წარმოებით დამთავრებამდე, მხატვრულ ფილმ „იყავ ნება შენის“ („მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“) რეჟისორმა (გადამღები ჯგუფის 9 წევრიდან ერთ-ერთი), მოწმედ დაკითხულმა ნ. ლ-ამ მოპასუხის დირექტორის სახელზე შეადგინა 2007 წლის 25 აპრილით დათარიღებული ბარათი, რომლის თანახმადაც: დასახელებული ფილმის „შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე გადაღებები და სხვა სახის სამუშაოები დასრულებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. მხარისთვის ფილმის წარმოება უნდა ჩაითვალოს დასრულებულად.... აუცილებლად უნდა მოხდეს მხატვრული ფილმის... გადამღები ჯგუფის წევრებთან საბოლოო ანგარიშსწორება და მათთან დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტა, ვინაიდან დღეისათვის უკვე აღარ არის საჭირო დასაქმებულთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე საქმიანობის განხორციელება“. ლ. ლ-ის, როგორც ფილმის გადამღები ჯგუფის დირექტორის მიერ, მოპასუხის დირექტორის სახელზე შედგენილ იქნა 2007 წლის 23 აპრილით დათარიღებული მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ფილმის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე გადაღებები დასრულებულია... სს „ქ. ფ-ის“... 2006 წლის 3 იანვრის №01 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ერთ ფირზე ფილმის წარმოების დამთავრების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 31 მაისი. დღეის მდგომარეობით... ფილმის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებები უკვე განხორციელებულია. ლ.ლ-ი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაეთანხმა მოხსენებითი ბარათის შინაარსს. სს „ქ-მა ფ-მა“ გამოსცა №10-წ ბრძანება (დათარიღებული 2007 წლის 30 აპრილით) – მხატვრული ფილმის – „იყავ ნება შენის“ წარმოების დასრულების თაობაზე, რომლის თანახმადაც, მხატვრული ფილმის ერთობლივი წარმოების შესახებ სს „ქ- ფ-სა“ და „კინოსტუდია ე.-სერვისს“ შორის დადებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, ქ. მხარისათვის მხატვრული ფილმის „იყავ ნება შენის“ წარმოება ჩაითვალა დასრულებულად. ამავე ბრძანებით 2007 წლის 1 მაისიდან შეწყდა ყველა იმ პირთან დადებული ხელშეკრულება (შრომითი და ნარდობის კონტრაქტები), რომელთა საგანს წარმოადგენდა მხატვრული ფილმის „იყავ ნება შენის“ შექმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საქმიანობის განხორციელება. ქ. მხარისათვის, მხატვრული ფილმის „იყავ ნება შენის“ წარმოება დასრულდა მოპასუხის 2007 წლის 30 აპრილის №10-წ ბრძანების საფუძველზე 2007 წლის 30 აპრილიდან. ამ ბრძანების გამოცემიდან იმავე წლის 22 სექტემბრამდე შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, ამ პერიოდში მოსარჩელეების მიერ რაიმე სახის სამუშაოს შესრულებას ადგილი არ ჰქონია, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან თითქმის ხუთი თვის გასვლის შემდეგ, ფილმთან დაკავშირებით, გარკვეული სამუშაოების რუსულ მხარესთან ერთად განხორცილების საჭიროებამ განაპირობა ქ. მხარის წარმომადგენელთა, მათ შორის მოსარჩელეთა ნაწილის მივლინება ქ.მოსკოვში, მოსარჩელეებს 2008 წელს სხვადასხვა დროს სახელფასო უწყისებით მიღებული აქვთ თანხები: მ.ჯ-ას – 2008 წლის თებერვალში, ლ.ლ-ს, ა.დ-ეს, მ.ჯ-ას – 2008 წლის მარტში. 2008 წლის მარტის ერთ-ერთ უწყისს ხელს აწერს მ.ჯ-ა, როგორც გადამღები ჯგუფის ბუღალტერი, ოთხივე მოსარჩელეს გარკვეული თანხები მიღებული აქვთ 2008 წლის აპრილში, 2008 წლის სექტემბერში თანხა აქვთ მიღებული ლ.ლ-სა და მ.ჯ-ას, ხოლო ი.კ-ს, ასევე მიღებული აქვს 2000 ლარი 2009 წლის იანვარში. მოსარჩელეთა განმარტებით ეს იყო დავალიანების თანხა, შემდგომში მოპასუხისაგან რაიმე თანხა ხელფასისა თუ დავალიანების სახით არ მიუღიათ. ხელფასის ან დავალიანების გადახდის მოთხოვნით 2010 წლის ივლისამდე მოპასუხისათვის არ მიუმართავთ. მხარეთა შორის (ფილმის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსულ მხარესთან ერთად ჩასატარებელი სამუშაოს დასრულებისთვის) 2007 წლის სექტემბრიდან დაიდო ზეპირი ფორმის შრომითი ხელშეკრულებები სამუშაოს შესრულების ვადით. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სს „ქ. ფ-ის“ კეთილი ნების საფუძველზე ქ.მოსკოვში მოსარჩელეების მივლინების თაობაზე. 2007 წლის სექტემბერში დადებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 2008 წლის 12 ივნისს, როდესაც დასრულდა რუსულ მხარესთან ერთად განხორციელებული ის სამუშაო, რამაც განაპირობა მოსარჩელეების მივლინება ქ.მოსკოვში და, შესაბამისად, მათთან ამის საფუძველზე ხელშეკრულება დაიდო 2007 წლის სექტემბერში. 2008 წლის 12 ივნისის შემდეგ, არც ერთ მოსარჩელეს ფილმთან დაკავშირებით არ შეუსრულებია რაიმე სამუშაო. მათ თავადვე განმარტეს, რომ ფილმის რუსული ვარიანტი მეორე მხარეს ჩაბარდა 2008 წლის მაისში, გაჩერებული იყო ფილმზე მუშაობა, არ იყო დაფინანსება და ა.შ. ლ.ლ-ის განმარტებით, ის აგრძელებდა მუშაობას 2010 წლის თებერვლამდე, არკვევდა სამსახურთან მისი გათავისუფლების მიზეზს, ხოლო 2008 წლის ივნისიდან, მივლინებებში ყოფნის შემდეგ, 2010 წლის თებერვლამდე ფილმისთვის თანხების მოძიებით იყო დაკავებული, მოსარჩელე ი.კ-ის განმარტებით, 2008 წლის მივლინებების შემდეგ, მას კონტრაქტი ჰქონდა ფილმის რეჟისორთან. მოწმე ნ.ლ-ას განმარტებით, მინიმუმ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფილმზე მუშაობა გაჩერებული იყო. 2007 წლის 30 აპრილის შემდეგ მოპასუხეს დასახელებულ ფილმთან დაკავშირებით სამუშაოზე სხვა პირები არ მიუღია.
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა მხატვრულ ფილმ „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელის“ ერთობლივი წარმოების შესახებ 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების 2.3 და 6.3 პუნქტებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ფილმის წარმოებაში სს „ქ. ფ-ის“ მონაწილეობა შემოიფარგლებოდა საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლად ან მესამე პირების ჩართვით ფილმის გადაღებების წარმოების უზრუნველყოფით. მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები დადებულ იქნა სწორედ 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულებით სს „ქ. ფ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში და აღნიშნული ვალდებულებების შესარულებლად. შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად, კონტრაქტების მოქმედების ვადად განისაზღვრა ფილმის წარმოებით დამთავრება. აპელანტები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებები დასრულებულია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-6, მე-7-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სს „ქ. ფ-ის“ 2007 წლის 30 აპრილის ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, მხატვრული ფილმის „იყავ ნება შენის“ წარმოება მიჩნეულ იქნა დასრულებულად ქ. მხარისათვის სს „ქ- ფ-სა“ და კინოსტუდია „ე. სერვისს“ შორის დადებული 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების 2.3. პუნქტიდან გამომდინარე. სს „ქ. ფ-ის“ 2007 წლის 30 აპრილის ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2007 წლის 1 მაისიდან შეწყვეტილ იქნა ყველა იმ პირთან დადებული ხელშეკრულებები, რომელთა საგანს წარმოადგენდა მხატვრულ ფილმ „იყავ ნება შენის“ შექმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საქმიანობის განხორციელება. პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული ბრძანების მეორე პუნქტით დადგენილი შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველია ამავე ბრძანების პირველი პუნქტი, რაც თავის მხრივ, გამომდინარეობს სს „ქ- ფ-სა“ და კინოსტუდია „ე. სერვისს“ შორის დადებული 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების 2.3. პუნქტით განსაზღვრული „ქ. ფ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების ამოწურვასთან. ამასთან, ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოხდა ყველა იმ პირთან ვინც ასრულებდა ზემოხსენებული ფილმის შექმნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის, იმ საქმიანობას, რაც შრომითი კონტრაქტებით მოსარჩელეებს ეკისრებოდათ. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრებება, რომ ბრძანების პირველი პუნქტის შინაარსი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაშია 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების 2.3. პუნქტთან და, გაურკვეველია, თუ ვინ წარმოადგენს ბრძანების სუბიექტებს. სადავო ბრძანების პირველი პუნქტის შინაარსის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მართალია, დასრულებულად იქნა მიჩნეული ფილმის წარმოება, მაგრამ, ვინაიდან, აღნიშნული ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების 2.3. პუნქტი იყო, ცალსახაა, რომ დასრულებულად გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებების წარმოების უზრუნველყოფა, რაც შეადგენდა ფილმის წარმოებაში „ქ. ფ-ის“ მონაწილეობის ფარგლებს და, შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ფილმი წარმოებით არ არის დასრულებული, მაგრამ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის მიერ იმ ვალდებულებების ამოწურვის გამო, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფად და მის ფარგლებში გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები მოსარჩელეებს. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ 2007 წლის 30 აპრილის შემდგომ ფილმთან დაკავშირებით მოსარჩელეების მიერ შესრულებული სამუშაოები წარმოადგენს მოსარჩელეებთან ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას კონკრეტული სამუშაოების შესრულების ვადით. სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის მე-7 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში და არ საჭიროებდა დასაქმებულთა მხრიდან თანხმობის დადასტურებას სხვა რაიმე დამატებითი თანხმობის ფორმით. არ იქნა გაიზიარებული აპელანტების მოსაზრება, რომ მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გაუქმების ბრძანება გამოიცა 2009 წელს 2007 წლის თარიღით და ამის თაობაზე არ იყო ცნობილი მოსარჩელეებისათვის, რადგანაც საქმის მასალებით ცალსახადაა დადგენილი მოსარჩელეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფილმის წარმოებით დამთავრებამდე, რაც გულისხმობდა ფილმის წარმოებაში თავად დამსაქმებლის მონაწილეობის ფარგლებში მისი ვალდებულებების შესრულების პერიოდს. საქართველოს ტერიტორიაზე დასრულებულია ფილმის გადაღებები, ამასთან, ფილმის გადაღებები საქართველოს ტერიტორიაზე დასრულებული იყო ბრძანების გამოცემის თარიღის მომენტისთავისაც, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, ბრძანებით დამსაქმებლის მიერ დადასტურდა 2007 წლის 30 აპრილის მომენტისათვის ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა და, შესაბამისად, ბრძანების გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-ამ, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, არასწორად განმარტა შრომის კოდექსის შესაბამისი მუხლი და 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულება, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ასევე, დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპები, რის გამოც მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ნ. ლ-ასა და ლ. ლ-ის მოხსენებით ბარათებს, ასევე, სასამართლოში მათ მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს. პალატამ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, თუ რატომ იქნა მოხსენებითი ბარათები შედგენილი 2009 წელს და რატომ გახდა საჭირო მათი დათარიღება 2007 წლის 23-25 აპრილით. ყოველგვარი დადასტურებისა და გამოკვლევის გარეშე გაზიარებულ იქნა მოწმე ნ.ლ-ას განმარტება, რომ დირექციის ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით დაიკარგა მოხსენებითი ბარათები, რომელთა აღსადგენად დაიწერა 2009 წელს და დათარიღდა 2007 წლით. ნ.ლ-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ მას არ ახსოვს, ადრე ჰქონდა თუ არა დაწერილი მსგავსი ბარათი. სასამართლომ შეფასება არ მისცა ამავე მოწმის განმარტებას, რომ მოხსენებითი ბარათის შედგენისას მხედველობაში ჰყავდა არა მოსარჩელეები, არამედ დამხმარე პერსონალი. პალატამ ასევე უყურადღებოდ დატოვა ლ.ლ-ის განმარტება, რომ მას მოხსენებით ბარათში მითითებული აქვს არა ფილმის წარმოებით დასრულების შესახებ, არამედ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების დასრულების შესახებ, განსხვავებით ნ.ლ-ას მოხსენებითი ბარათისა, სადაც ეს უკანასკნელი პირდაპირ მიუთითებს ფილმის წარმოების დასრულებაზე. გაუგებარია, თუ რას ნიშნავს ნ.ლ-ას მიერ ასეთი შინაარსის მოხსენებითი ბარათის დაწერა. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ნ.ლ-ას საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების დასრულების შესახებ მოხსენებითი ბარათის დაწერის უფლება არ ჰქონდა, რაც თავადვე აღიარა მაშინ, როცა ფილმს ჰყავს მთავარი რეჟისორი რ. ჩ-ე. სასამართლომ არ გამოიკვლია, რატომ არ იქნა მსგავსი ბარათი შედგენილი მთავარი რეჟისორის მიერ ან რატომ არ იქნა გათვალისწინებული მისი მოსაზრება. შესაძლებელი იყო საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებულ კადრებს ხელახალი გადაღება-შესწორება ან ხელახალი დამონტაჟება და ფილმისთვის საჭირო და აუცილებელი სხვა მოქმედების განხორციელება დასჭირვებოდა, რა დროსაც გათავისუფლებული პირები საჭირო და აუცილებელი იქნებოდნენ. სასამართლომ არ დაადგინა საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების დასრულებასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო თუ არა თანხმობა და საჭირო იყო თუ არა ეცნობებინათ ფილმის მთავარი რეჟისორისათვის ფილმის გადაღებაზე დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ. გასაჩივრებული განჩინებით არ იქნა გამოკვლეული მთავარი საკითხი – მოსარჩელეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც ფილმის წარმოებით დასრულების ვადით იყო გაფორმებული, უკავშირდებოდა, თუ არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების დამთავრებას და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რატომ არ აისახა იგი ხელშეკრულებაში და რატომ არ ეცნობათ ამის შესახებ გათავისუფლებულ პირებს. პალატამ კანონიერად ჩათვალა სს „ქ. ფ-ის“ დირექტორ დ.ნ-ის მიერ 2009 წელს შედგენილი და 2007 წლით დათარიღებული უკანონო მოხსენებითი ბარათები, რომლებიც საფუძვლად დაედო 2009 წელს შედგენილ და 2007 წლით დათარიღებულ ბრძანებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოსათვის სარწმუნო არ აღმოჩნდა ლ-ისა და ლ-ას აღიარება. პალატამ არასწორად განმარტა 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების 2.3 პუნქტი, როცა განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტის თანახმად, ქ. მხარისთვის მხატვრული ფ-ის – „იყავ ნება შენის“ წარმოება დასრულდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების 2.3 პუნქტში მსგავსი რამ საერთოდ არ არის მითითებული. არასწორად იქნა დადგენილად მიჩნეული, რომ 2007 წლის 1 მაისამდე შეწყდა ხელშეკრულებები ყველა პირთან, რომელთა საგანს წარმოადგენდა ფილმის შექმნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საქმიანობის განხორციელება. 2007 წელს არ არსებობდა მსგავსი ბრძანება, ხოლო ფილმზე მუშაობას აგრძელებს და დღემდე გათავისუფლებული არ არის ფილმის მთავარი რეჟისორი რ. ჩ-ე. სასამართლოს განმარტება, რომ 2007 წლის 30 აპრილის №10-07 ბრძანების საფუძველზე ქ. მხარისათვის ფილმის წარმოება დასრულდა 2007 წლის 30 აპრილიდან მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლო ვერ გაერკვა, თუ რას ნიშნავს ფილმის წარმოებით დასრულება და რა კავშირშია იგი ფილმის ერთი კონკრეტული ნაწილის გადაღების დამთავრებასთან. პალატის განმარტება, რომ 2007 წლის 30 აპრილის №10 ბრძანების გამოცემის შემდეგ მოსარჩელეებს რაიმე სახის საქმიანობა არ უწარმოებიათ, არ შეესაბამება სინამდვილეს და წინააღმდეგობაშია სასამართლოს შეფასებასთან, რომ 2007 წლის 30 აპრილის შემდეგ, მოსარჩელეებს აგზავნიდნენ მივლინებაში ფილმის წარმოებასთან დაკავშირებით. გაუგებარია, რატომ არ იცოდნენ მოსარჩელეებმა, რომ ისინი გათავისუფლებულები იყვნენ, ხოლო თუ მათ უკვე შესრულებული ჰქონდათ თავიანთი ვალდებულებები და აღარ არსებობდა მათი საჭიროება, გაუგებარია, სს „ქ-მა ფ-მა“ დამოუკიდებლად და გათავისუფლებულ პირებთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად რატომ გაუშვა ისინი მოსკოვში ფილმზე სამუშაოდ და რატომ დააფინანსა ისინი, ან რატომ ადგენს მ.ჯ-ა ხელფასის უწყისებს, რაც დასტურდება 2008 წლის მარტის თვის უწყისზე მისი, როგორც გადამღები ჯგუფის ბუღალტრის ხელმოწერით ან რატომ იღებდნენ გადამღები ჯგუფის წევრები ხელფასს 2008-2010 წლებში. არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ 2010 წლის ივლისამდე მოსარჩელეებს არ მიუმართავთ მოპასუხისათვის ხელფასის ან დავალიანების მოთხოვნით. პალატამ არ შეაფასა მოსარჩელეთა განმარტება, რომ 2008-2009 წლებში მათ აღებული აქვთ არა ძველი დავალიანების, არამედ სწორედ ამ პერიოდის ხელფასები, ასევე, საყურადღებოა, რომ ი.კ-ს ხელფასი აღებული ჰქონდა 2010 წელშიც, ხოლო ლ.ლ-მა და მ.ჯ-ამ მოპასუხეს განცხადებით მიმართეს, მიეცათ მათთვის ხელფასი, მაგრამ აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია. სწორედ იმის გამო, რომ სს „ქ-მა ფ-მა“ არ მისცა ხელფასი მ.ჯ-ას 2010 წელს, ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს სახელფასო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 30 აპრილის ბრძანების არსებობა. არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელეებთან დადებული იყო ზეპირი ფორმის ხელშეკრულებები. პალატამ არ შეაფასა მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ რაიმე ფორმით ხელშეკრულება არ დაუდიათ მოპასუხესთან. მოსარჩელეებისათვის 2007 წლის 30 აპრილის ბრძანების თაობაზე არ ყოფილა ცნობილი, სს „ქ- ფ-ს“ არ ჰქონდა უფლება, მივლინებით გაეგზავნა მოსარჩელეები ფილმის წარმოებასთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებლის როლი 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით შემოიფარგლებოდა. სს „ქ. ფ-ის“ ფუნქცია და ვალდებულება იყო ფილმის გადაღებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე და არა ქ.მოსკოვში, აღნიშნული გარემოება პალატამაც დადგენილად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი წარმოებით შესაძლებელია არ იყოს დასრულებული, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მოპასუხის მიერ იმ ვალდებულების ამოწურვის გამო, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფად და მის ფარგლებში გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები მოსარჩელეებს. სასამართლო არაერთგზის უსვამს ხაზს, რომ სს „ქ. ფ-ის“ ვალდებულებები იწყებოდა და მთავრდებოდა 2003 წლის 15 მარტის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით, რომ მას სხვა ვალდებულებები არ გააჩნდა, რაც არასწორია. გასაჩივრებული განჩინებით უგულებელყოფილია ხელშეკრულების პუნქტები და შეთანხმებები მხარეებს შორის, ის უფლებები და ვალდებულებები, რაც ამ ფილმის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოეშობოდა სს „ქ- ფ-ს“ და, რომ მხოლოდ ხელშეკრულების 2.3 პუნქტში არ იყო მოცემული სს „ქ. ფ-ის“ ვალდებულებები. თუ მოპასუხეს, როგორც პალატა აღნიშნავს, სხვა ვალდებულება არ გააჩნდა, შესაბამისად, „ქ- ფ-ს“ მოსარჩელეთა თანხმობის გარეშე უფლება არ ჰქონდა, დაევალდებულებინა ისინი შეესრულებიათ სხვა სამუშაო. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია შრომითი ხელშეკრულებების შინაარსს, სადაც მითითებულია, რომ შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა სწორედ ფილმის წარმოებით დამთავრების ვადით და არა საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული გადაღებების დასრულების ვადით. შეფასების გარეშე იქნა დატოვებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფილმის წარმოებით დამთავრებისათვის 2008 წელს სს „ქ- ფ-ში“ ჩარიცხული თანხები, როგორც მიზნობრივი თანხები. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2008 წელშიც სს „ქ. ფ-ის“ მიერ მიმდინარეობდა სამუშაოები ფილმის დასრულებისათვის და ამ საქმეში ჩ. იყო კასატორი, როგორც ბუღალტერი, რომელიც აწარმოებდა ამ თანხებით წარმოებულ სამუშაოებზე ხელფასებისა და სხვა დანახარჯების აღრიცხვა-დაანგარიშებას. სწორედ, ამიტომ იქნა 2008 წლის სახელფასო უწყისი მის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი. პრეზიდენტის მიერ ჩარიცხული თანხა, როგორც მიზნობრივი, ასახულია 2008 წლის ბალანსში. აღნიშნული დადასტურდა მოწმე ნ.ლ-ას მიერაც და მხარეთა ახსნა-განმარტებებითაც. სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ფილმის დაუსრულებლობის შესახებ, ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კასატორისთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მხარეებისათვის, უცნობი იყო გათავისუფლების შესახებ ბრძანების თაობაზე. გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ გათავისუფლებულებმა მოსარჩელეებმა იცოდნენ ხელშეკრულების ვადის გასვლის თაობაზე, არასწორია. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ისრაელში, რუსეთში, რაც არ არის სადავო, სასამართლო ვერ გაერკვა, რომ ფილმის გადაღება არის ერთი მთლიანი პროცესი, რომელიც ითვლება დასრულებულად მაშინ, როცა ის მზად არის ეკრანზე გამოსასვლელად და ფილმის დირექტორი შეადგენს დოკუმენტს ფილმის წარმოებით დამთავრების შესახებ. სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლი და არასწორად ჩათვალა კანონიერად სს „ქ. ფ-ის“ დირექტორის ქმედებები. პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, მან დამტკიცებულად მიიჩნია ისეთი გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურებულიყო მხოლოდ მტკიცებულებებით. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იქნა გაზიარებული მოპასუხის ახსნა-განმარტებები მაშინ, როდესაც უგულებელყოფილ იქნა მხარეთა თანასწორობის პრინციპი. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 337-ე მუხლები, რომლითაც გამოხატულ იქნა ხელშეკრულების მხარეთა, მათ შორის, კასატორის ნება, გაეფორმებინათ ხელშეკრულება ფილმის წარმოებით დასრულების ვადით და არა ცალკეული ეპიზოდების გადაღების ვადით. 2009 წელს შედგენილი სადავო ბრძანების 2007 წლით დათარიღება გამართლებულ იქნა იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციის ახალ შენობაში გადასვლის დროს დაიკარგა დოკუმენტები, მათ შორის, აღნიშნული ბრძანებაც, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ჯ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. კ-ის მიერ 2012 წლის 20 თებერვალს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ მ. ჯ-ას (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. კ-ის მიერ 2012 წლის 20 თებერვალს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.