№ას-190-183-2012 15 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,... ბანკი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ბ-ისა და შ. ბ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით შ. ბ-ეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო განსაზღვრული დავის საგნის ღირებულება და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით შ. ბ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, შ. ბ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო განსაზღვრული დავის საგნის ღირებულება და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება კასატორ შ. ბ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 29 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 1 მარტიდან და ამოიწურა ამავე წლის 5 მარტს. 2012 წლის 5 მარტს შ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა 200 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, კერძოდ არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
შ. ბ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ვ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 200 ლარი (2012 წლის 5 მარტი, საგადახდო დავალება #2) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.