№ას-194-187-2012 12 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „უ. დ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი – ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. დ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „უ. დ-ის“ მიმართ 2008 წლის 1 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების აუნაზღაურებლობის გამო 32375 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „უ. დ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 32375 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „უ. დ-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „უ. დ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამავე განჩინებით აპელანტს დაუბრუნდა სააპელაციო წარმოებისათვის გადახდილი ბაჟი შემდეგი გარემოებების გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „უ. დ-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის მხარეს განესაზღვრა ვადა 10 დღით. აღნიშნული განჩინება შპს „უ. დ-ის“ წარმომადგენელ გ. ფ-ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის გაეგზავნა და ჩაბარდა 2011 წლის 28 ოქტომბერს, რაც სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა უფლებამოსილი პირისათვის შეტყობინების ჩაბარებად, რადგანაც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ამ დროისათვის ვადა ჰქონდა გასული, სასამართლომ აღნიშნული განჩინება გაუგზავნა შპს „უ. დ-ს“ და 2011 წლის 28 ნოემბერს საზოგადოების დირექტორ ბ. ჩ-ეს ჩააბარა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და ჩათვალა, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენა 2011 წლის 29 ნოემბრიდან დაიწყო და ამოიწურა 2011 წლის 8 დეკემბერს, სამუშაო დღეს – ხუთშაბათს. ბ. ჩ-ემ ხარვეზის გამოსწორების განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2011 წლის 9 დეკემბერს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 65-ე, 59-ე, 63-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა შემდეგი: საპროცესო ვადის დარღვევით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, თუნდაც ნაწილობრივ, მართალია, ადასტურებს მხარის ინტერესს სააპელაციო საჩივრის მიმართ, მით უმეტეს, თუ ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტმა ბაჟიც გადაიხადა, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ამავე კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით და, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, საპროცესო ნორმის დარღვევით შესრულებული მოქმედების ნამდვილად მიჩნევით ირღვევა მეორე მხარის საპროცესო უფლება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „უ. დ-ის“ დირექტორმა ბ.ჩ-ემ, მოითხვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და საქმის არსებითად განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება 2011 წლის 28 ოქტომბერს ჩაბარდა შპს „უ. დ-ის“ წარმომადგენელ გ. ფ-ეს, რომელსაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადა გასული ჰქონდა, რაც სასამართლომ უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად არ მიიჩნია და 2011 წლის 28 ნოემბერს აღნიშნული განჩინება ჩააბარა შპს „უ. დ-ის“ დირექტორს, რა დროსაც მას აღარ ჰყავდა იურისტი, აღარ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, აენაზღაურებინა იურიდიული მოსახურების ხარჯები, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით კი აპელანტს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა. საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას შპს „უ. დ-ი“ ასევე წარმომადგენლის გარეშე იცავდა ინტერესებს, რაც გახდა მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანისა და არასწორად მოთხოვნილ დავალიანებაზე – 9150 ლარზე შეუსაბამოდ მაღალი, ორჯერ მეტი საურავის – 23225 ლარის დაკისრების საფუძველი, აპელანტის ინტერესებიდან გამომდინარეობდა ხარვეზის დროულად გამოსწორება, თუმცა, განჩინების ჩაბარებისას შპს „უ. დ-ის“ დირექტორს არასწორად განემარტა საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა. ის ფაქტი, რომ მხარემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ადასტურებს მისი ინტერესის არსებობას სააპელაციო წარმოების მიმართ, სასამართლოს განმარტებით კი, მან საპროცესო ვადა დაარღვია 1 დღით, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა გაშვებული საპროცესო ვადის საპატიდ მიჩნევა და მისი აღდგენა მოითხოვა თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „უ. დ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება შემდეგი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „უ. დ-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებათა განსახორციელებლად საპროცესო ვადა განესაზღვრა 10 დღით (იხ. ტII, ს.ფ.3-6), განჩინება 2011 წლის 28 დეკემბერს ჩაბარდა გ. ფ-ეს, აპელატის წარმომადგენელს, რომლის წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც ვადა ჰქონდა საპროცესო მოქმედების განხორციელებისას გასული (იხ. ტII, ს.ფ.8, ტ.I, ს.ფ.47), ხოლო 2011 წლის 28 ნოემბერს სააპელაციო პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინება პირადად ჩაიბარა შპს „უ. დ-ის“ დირექტორმა ბ. ჩ-ემ (იხ. ტII, ს.ფ 9). სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბ. ჩ-ე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს საზოგადოების წარმომადგენლობაზე მისი უფლებამოსილება სადავოდ არ გაუხდია და ასეთი არც საქმის მასალებითაა დადასტურებული, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ.ჩ-ისათვის შეტყობინების ჩაბარება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანამად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახებული ნორმიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ბ.ჩ-ისათვის შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან – 2011 წლის 29 ნოემბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 8 დეკემბერს, ხუთშაბათს, საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით კი დასტურდება, რომ ბ.ჩ-ემ სასამართლოს მიმართა 2011 წლის 9 დეკემბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით (იხ. ტII, ს.ფ 10). ამ მიმართებით, საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არსებობდა შპს „უ. დ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის გამოსწორებით მხარემ დაადასტურა მისი ინტერესის არსებობა სააპელაციო წარმოების მიმართ. გასაჩივრებული განჩინებით, პალატამ მართებულად განუმარტა მხარეს, რომ საქმის განხილვის ინტერესის არსებობის პირობებშიც კი, საპროცესო ვადის დარღვევით განხორციელებული მოქმედების საპატიოდ მიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უმნიშვნელოვანეს პრინციპს – შეჯიბრებითობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმ-ს, რომ მხარეს არასწორად განემარტა საპროცესო მოქმედების განხორციელების წესი და მან ხარვეზის 1 დღის დაგვიანებით გამოსწორებით დაადასტურა მისი ნამდვილი ინტერესი დავის მიმართ, ასევე იმას, რომ იურიდიული მომსახურების უქონლობა საპატიო მიზეზს წარმოადგენს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარე ვალდებულია სარწმუნოდ დაადასტუროს მოთხოვნასა თუ შესაგებელში მითითებული გარემოებები და, არსებობის შემთხვევაში, წარადგინოს პოზიციის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება ან მიუთითოს კონკრეტულ ფაქტზე, ისე, რომ მხოლოდ ზეპირი განცხადება ამა თუ იმ ფაქტის დადგენილად მიჩნევის უალტერნატივო წინაპირობა არაა. განსახილველ შემთხვევაში, ბ.ჩ-ემ განმარტა, რომ მას არასწორად განემარტა საპროცესო ვადის ამოწურვის თაობაზე, თუმცა მითითებულის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ სააპელაციო პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლის შინაარსის გონივრულად განსჯის შედეგად საპირისპირო დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი. რაც შეეხება საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასა და ამ ვადის აღდგენის მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმ-ით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. დასახელებული ნორმისა და ბ.ჩ-ის მიერ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატა თვლის, რომ მხარემ საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურა, რაც გამორიცხავს საპროცესო ვადის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად აღდგენის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „უ. დ-ის“ დირექტორ ბ. ჩ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „უ. დ-ის“ დირექტორ ბ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.