Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-196-189-2012 22 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ მის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილ №1-ში მდებარე ლ. გ-ის სახელზე რიცხული 40,34 კვ.მ საბაზრო ღირებულების 25%-ის მოპასუხისათვის გადახდის სანაცვლოდ აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მ. მ-ა არ არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უძრავი ქონების მოსარგებლე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 დეკემბრის №332804 წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქალაქ თბილისში, რ-ის გზატკეცილ №1-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ლ. გ-ის, რიფსიმე გ-ისა და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა საკუთრების უფლება.

ამავე საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, რ-ის გზატკეცილ №1-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ლ. გ-ისა და თანამესაკუთრეთა საკუთრების უფლება.

საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობით დასტურდება, რომ მ. მ-ა 1985 წლის 5 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქალაქი თბილისი, რ-ის გზატკეცილი, №1.

ტექნიკური პასპორტის მიხედვით, სადავო სახლის პირველი სართული დაყოფილია ლიტ ,,ბ-ბ1’’ და ლიტ ,,ა-ა1’’ ნაწილებად. ამასთან, მესაკუთრეებად მითითებულია არმენიკ, გერასიმ და პროხ გ-ები, თუმცა, როგორც აღნიშნული ნახაზით დგინდება, თითოეული მათგანის წილი საერთო ქონებაში განსაზღვრული არ არის. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2011 წლის 15 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის – ლ. გ-ის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე ცხოვრობს ლიტერ ,,ა’’ ნაწილში, მოსარჩელე მ. მ-ა კი პრეტენზიას აცხადებს სადავო სადგომის ლიტერ ,,ბ’’ ნაწილზე, რომელსაც მოპასუხე არ ფლობს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე და მოსარგებლე. კანონის მიზანია, მოაწესრიგოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილი ურთიერთობა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც იცავენ, როგორც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის, ასევე, მოსარგებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივი დაცვის აღნიშნული მექანიზმი ვლინდება საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის შესახებ მესაკუთრისა და მფლობელის უფლებების რეალიზაციის თავისებურებებში.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სასამართლომ აღნიშნა, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ სადავო უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებულია ლ. გ-ის, რიფსიმე გ-ის და სახლთმფლობელობის თანასაკუთრების უფლება. ასევე, სადავო გარემოებას წარმოადგენს, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სახლის რომელი ნაწილის მესაკუთრედ ცნობას მოითხოვს მოსარჩელე მ. მ-ა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და დაადგინოს განსახილველი სარჩელი აღძრულია თუ არა ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა (ქონებრივ) უფლებებსაც უშუალოდ შეიძლება შეეხოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე მ. მ-ამ, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ კანონის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვერ დაადასტურა, რომ სადავო ფართში რეგისტრაციასთან ერთად იხდიდა კომუნალურ გადასახადებსაც. ამდენად, სადგომში მარტოოდენ რეგისტრაციის ფაქტი პირის ამ კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ მიჩნევის საკმარისი საფუძველი არ არის.

მოსარჩელე ზემოხსენებულ მოსარგებლედ ვერ ჩაითვლება ვერც მის მიერ წარდგენილ ხელწერილზე დაყრდნობით, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით არ ირკვევა, ვინ ვის მიჰყიდა ფართი და ვინ აწერს ხელს ხელწერილს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.