№ას-200-193-2012 30 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა-ში (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწოფო უნივერსიტეტმა სარჩელი არძრა სასამართლოში ე. ა-შის მიმართ მოპასუხისათვის სტუდენტად ყოფნის პერიოდის – 2008-2010 წლების სწავლის გადაუხდელი საფასურის – 2250 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანების საფუძველზე ე.ა-ში ჩაირიცხა უნივერსიტეტში. მოპასუხემ დაარღვია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტისა და 44-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რის გამოც ე.ა-შს ამავე უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 20 ივლისის №3-307 ბრძანებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, ხოლო 2008 წლიდან 2010 წლამდე მოპასუხე სამართლებრივად სტუდენტად ითვლებოდა და მას ერიცხებოდა სწავლის საფასური.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
2008 წლის 29 იანვარს ე.ა-შმა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა არა ჩარიცხვის, არამედ გამოცდაზე დაშვების თხოვნით, მხარეთა შორის რაიმე ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მოპასუხეს არც სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოშობია, შესაბამისად, უნივერსიტეტის რექტორის №3-370 ბრძანება უსაფუძვლოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ე. ა-ში სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სამაგისტრო სპეციალობაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წლის 20 ივლისის №3-307 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანება ე.ა-შის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო და მას შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. ამავე ბრძანებით განემარტა ე.ა-შს, რომ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეფარა რიცხული დავალიანება 2250 ლარის ოდენობით. დავალიანების შესახებ შეტყობინება ე.ა-შს გაეგზავნა 2011 წლის მაისში და განესაზღვრა ვადა თანხის გადასახდელად. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2008 წლის 16 ივლისს დამტკიცებული უნივერსიტეტის შინაგანაწესის 32-ე მუხლის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია, დადგენილი წესითა და ვადებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, გადაიხადოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასური. სწავლის საფასურის გადახდის წესი, ვადები და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესით“. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ თანახმად, სწავლის საფასურის გადახდის საფუძველია სასწავლო წლის დასაწყისში მასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელთა გაფორმებას უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის იურიდიული და საფინანსო სამსახურები ყოველი წლის დასაწყისიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხესთან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, შესაბამისად, გაურკვეველია სწავლის საფასურის გადახდის ვადები, წესი, ოდენობა, სტუდენტის ვალდებულება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 394-ე, 407-ე, 411-ე, 414-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვალდებულების დათქმულ დროში შესრულება გულისხმობს შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მხოლოდ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით შეუძლია ერთ მხარეს მოსთხოვოს მეორეს ვალდებულების შესრულება. იმაზე მითითებით, რომ არ არსებობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც მოწესრიგებული იქნებოდა თვით უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შინაგანაწესით, ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა არც ფაქტიური ურთიერთობა – მოპასუხის სასწავლო პროცესში მონაწილეობა, მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა, რადგანაც ურთიერთვალდებულებათა არარსებობისას, მოსარჩელის მიერ ზიანზე მითითება უსაფუძვლოა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები, რის გამოც სახეზეა საპროცესო ნორმის დარღვევა, რასაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, პალატამ იურიდიულად სრულყოფილად ვერ დაასააბუთა ის გარემოება, სამართლებრივად თუ რატომ არ ითვლებოდა მოპასუხე 2008 წლიდან 2010 წლის 20 მაისამდე სტუდენტად, არამედ მიუთითა მხოლოდ ხელშეკრულების არარსებობის ფაქტზე. როგორც პირველი, ისე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ემყარება მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ სტუდენტმა სწავლის საფასური მხოლოდ მაშინ უნდა გადაიხადოს, თუ ის ესწრება ლექცია-სემინარებს, ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს უნივერსიტეტში მოქმედი აქტიდან, კერძოდ, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან, 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის მე-13 პუნქტიდან. რაც შეეხება ლექციებზე დასწრებისა და შეფასების მიღების ფაქტს, აღნიშნული მხოლოდ მოპასუხის ქმედების ბრალეულობას ადასტურებს და არ წარმოშობს უნივერსიტეტის ვალდებულებას, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნულის დარღვევის გამო, სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტას. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გემოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 414-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 25 იანვარს №129 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 25 იანვარს №129 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.