Facebook Twitter

№ას-210-203-2012 15 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჯ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ზ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ზ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ჯ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფ. ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ჯ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფ.. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჯ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით ჯ. ჯ-ეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები). დადგენილ ვადაში კასატორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ჯ. ჯ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ჯ. ჯ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და შესაბამისად, კასატორს დაევალა დაზუსტებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ დ. ყ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 29 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 1 მარტიდან და ამოიწურა ამავე წლის 2 მარტს. დადგენილ ვადაში ჯ. ჯ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუმცა აღნიშნული განცხადება არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზებს). შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, კერძოდ არ წარმოუდგენია დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ჯ. ჯ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს დ. ყ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი (2012 წლის 24 თებერვალი, სალაროს შემოსავლის ორდერი #...) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.