Facebook Twitter
საქმე №ას-22-22-2012 1 მარტი, 2012 წელი

№ას-22-22-2012 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ი, ზ. პ-ი, ს. ე-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-მა, ზ. პ-მა და ს. ე-მა სარჩელი აღზრეს სასამართლოში შპს „გ-ის“ მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „გ-ს“ დაეკისრა ნ. ა-ის სასარგებლოდ – 19 048,31 ლარის, ზ. პ-ის სასარგებლოდ – 4 932,7 ლარის, ხოლო ს. ე-ის სასარგებლოდ 3 780,9 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „გ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით შპს „გ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „გ-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს განესაზღვრა 7 დღის ვადა მის გამოსასწორებლად. აპელანტის წარმომადგენელ ე.პ-ის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ვადა დამატებით 5 დღით გაგრძელდა. აპელანტს განემარტა, რომ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 8 ნოემბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 13 ნოემბერს.

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს დანიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „გ-ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „გ-ის“ დირქტორმა აბდულლაჰ ზორლუმ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შპს „გ-ს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა რიგი მტკიცებულებების წარდგენა, რისთვისაც საზოგადოების დირექტორი გაემგზავრა თურქეთში.

მოგვიანებით მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი ინტერესების წარმომადგენელმა ადვოკატმა ე. პ-ემ უარი განაცხადა აპელანტის უფლებების დაცვაზე, არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული თაობაზე კერძო საჩივრის ავტორმა შეიტყო მხოლოდ 2011 წლის 19 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ შპს „გ-ის“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 7 დღის ვადაში მისი გამოსწორება. აღნიშნული ვადა მხარის თხოვით დამატებით 5 დღით გაგრძელდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს „გ-ის“ წარმომადგენელ ე. პ-ეს ჩაბარდა 2011 წლის 7 ნოემბერს, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

აღნიშნული მეტყველებს, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 8 ნოემბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 14 ნოემბერს (ვინაიდან ვადის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს, იგი ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს). ამ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სხვა რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

საკასაციო სასამართლო აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაშვების საპატიო მიზეზად არ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ შპს „გ-ის“ დირექტორი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ხოლო მისმა ადვოკატმა უარი განაცხადა მხარის დაცვაზე.

უპირველესად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შპს „გ-ის“ წარმომადგენელმა ე. პ-ემ მხარის ინტერესების დაცვაზე უარის თქმის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა ხარვეზის გამოსწორების ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის 17 ნოემბერს. წარმომადგენლის შესაძლო არასწორ მოქმედებაზე რისკი და აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობა კი მხარეს ეკისრება.

სადავო ვადის გაშვების საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება ვერც შპს „გ-ის“ დირექტორის საზღვარგარეთ ყოფნაზე მითითება, რადგან მხარე ვალდებული იყო, უზრუნველეყო თავისი ინტერესების დაცვა სასამართლოში მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებოდა მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გ-ის“ სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებით ე. პ-ის აღმჭურველი მინდობლობა საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, თუმცა აღნიშნული გარემოება თავად საზოგადოებას სადავოდ არ გაუხდია და მისმა დირექტორმა კერძო საჩივარში დაადასტურა კიდეც, რომ ე. პ-ე, ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლობაზე უარის თქმის მომენტამდე, იცავდა შპს „გ-ის“ ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიულ საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლეით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,გ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემრის განჩინებადარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრედება.