Facebook Twitter
საქმე №ას-230-222-2012 12 მარტი, 2012 წელი

№ას-230-222-2012 12 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „...კლინიკა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...კლინიკის“ მიმართ 1999-2004 წლებში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის განუსაზღვრელი ვადით სესხად გადაცემული თანხის – 22285 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება აპელანტ მ. კ-ის წარმომადგენელ ტ. ჩ-ს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 16 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებით დასტურდება, რომ ტ. ჩ-ი იცავს მ. კ-ის ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში და სარგებლობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით წარმომადგენლისათვის მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით (სააპელაციო საჩივარი ასევე შემოტანილია მის მიერ). საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ადვოკატების ერთიანი სიის შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ტ. ჩ-ი მოქმედი ადვოკატი და ასოციაციის წევრია (www.gba.ge). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გზავნილის ტ. ჩ-ისათვის ჩაბარება პალატამ მიიჩნია აპელანტ მ. კ-ისათვის ჩაბარებადაც. მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილია 2011 წლის 1 დეკემბერს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე და განმარტა, რომ მ. კ-ს სადავო გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა ამ გადაწყვეტილების 2011 წლის 16 ნოემბერს წარმომადგენლისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში _ 2011 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში შეტანილია 2011 წლის 1 დეკემბერს, რის გამოც იგი დაუშვებელია კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-ის წარმომადგენელმა ტ. ჩ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მ.კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევა, რაც არასწორია, რადგანაც სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში და არ არსებობს მის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2012 წლის 7 მარტს მ. კ-ის წარმომადგენელმა ტ.ჩ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელმა ინტერესი დაკარგა დავის მიმართ, რის გამოც უარი განაცხადა კერძო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის წარმომადგენელ ტ. ჩ-ის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მ. კ-ის უფლებებს იცავს ადვოკატი ტ. ჩ-ი, წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, სხვა უფლებებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულს მინიჭებული აქვს უფლება, მარწმუნებლის სახელით ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე (იხ. ს.ფ.15-17).

2012 წლის 7 მარტის განცხადების თანახმად, მ.კ-მა უარი თქვა კერძო საჩივარზე დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმადაც თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

დასახელებული ნორმის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა ანალოგიის წესის გამოყენების შესაძლებლობა იმ საპროცესო ურთიერთობების რეგულირებისათვის, რომლებიც კანონის ზოგადი ან სპეციალური დანაწესით არაა მოწესრიგებული.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი უარს აცხადებს რა კერძო საჩივარზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 კარით განსაზღვრული კერძო საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმები ზემოაღნიშნულს არ ითვალისწინებს, რის გამოც, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული ურთიერთობა უნდა გადაწყდეს ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე უფლებამოსილია უარი თქვას სარჩელზე, საკასაციო პალატა დასაშვებად მიიჩნევს ანალოგიური შესაძლებლობის კერძო საჩივრის მიმართ გამოყებასაც.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის წარმომადგენელ ტ. ჩ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საფუძვლანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, საქმის წარმოება მოცემულ კერძო საჩივაზე უნდა შეწყდეს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლისა და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს ძლაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ტ. ჩ-ის მიერ 2012 წლის 8 თებერვალს №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის წარმომადგენელ ტ. ჩ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება მ. კ-ის კერძო საჩივარზე შპს „...კლინიკის მიმართ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

4. განემარტოს კერძო საჩივარის ავტორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. მ. კ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ტ. ჩ-ის მიერ 2012 წლის 8 თებერვალს №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 50 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე