Facebook Twitter
saqme #as-571-539-2011 25 maisi, 2011 weli

№ას-231-223-2012 19 მარტი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-ისა და მ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ე. მ-სა და მ. მ-ეს შორის 2011 წლის 4 თებერვალს, თბილისში, გ-ის ქ.№49-ში მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით ე. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. მ-ისა და ე. მ-ის წარმომადგენელ ს. მ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ე. მ-ს პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 29 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო ე.მ-ის წარმომადგენელ ს. მ-ისათვის გზავნილის ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2011 წლის 1 დეკემბერს და იგი დასრულდა 2011 წლის 15 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ _ 2012 წლის 11 იანვარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. მ-მა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორის მიერ, კანონით დადგენილ ვადაში იქნა გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ე.მ-ისათვის ცნობილი არ ყოფილა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, წარმომადგენელს ს. მ-ეს 2011 წლის 30 ნოემბერს ჩაჰბარდა. აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ე. მ-ისათვის აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ე.ი 2011 წლის 29 დეკემბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე. მ-ის წარმომადგენელ, ს. მ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ე. მ-ს პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 29 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო უწყების ერთ-ერთი პირისათვის – მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარების შემთხვევაში, ითვლება, რომ მხარე კანონის მოთხოვნათა დაცვითაა გაფრთხილებული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და არაფერი იცოდა წარმომადგენელ ს.მ-ისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გარანტირებული აქვს უფლება, რომ საქმე აწარმოოს სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავდროულად, კანონი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) ავალდებულებს სასამართლოს, საპროცესო მოქმედებების თაობაზე გააფრთხილოს პროცესში მონაწილე სუბიექტთაგან ერთ-ერთი მათგანი: ან მხარე, ან უფლებამოსილი წარმომადგენელი, რის შედეგადაც ამ მხარეზე მონაწილე ყველა პირი განსახორციელებელ საპროცესო მოქმედების თაობაზე, გაფრთხილებულად მიიჩნევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. ამ ვადის დასაწყისი კანონით იმპერატიულადაა დადგენილი, რაც გამორიცხავს მისი განმარტების სხვაგვარ შესაძლებლობას.

აღნიშნული ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მხარისათვის, ან მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან და ერთ-ერთი მათგანისათვის ჩაბარება საკმარისია იმისათვის, რომ საპროცესო მოქმედება (ჩაბარება) შესრულებულად ჩაითვალოს. ამასთან, ამ ვადის ათვლაზე გავლენას ვერ მოახდენს, სასამართლოს მიერ მოგვიანებით ამავე შეტყობინების განმეორებით გაგზავნა იმავე მხარეზე მყოფი პირისა ან მისი წარმომადგენლისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა 2011 წლის 1 დეკემბრიდან სწორად აითვალა და, აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო საჩივრის 2012 წლის 11 იანვარს შეტანით ზემოხსენებული ვადის დარღვეულად მიჩნევა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, ხოლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.