№ას-23-23-2012 15 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ამხანაგობა „თ-ი-88-ის“ თავმჯდომარე ზ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. წ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობიდან გასვლის გამო, განხორციელებული შენატანის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. წ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ამხანაგობიდან გასვლის გამო, ამხანაგობაში მის მიერ 1990 და 1993 წლებში განხორციელებული შენატანის - 40 000 და 25 000 000 რუსული მანეთის ეროვნულ ვალუტაში ლარებში დაბრუნება, კეძროდ, მოპასუხისათვის 186 648 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, ტ. წ-ა 1990 წელს გაწევრიანდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი 88“-ში ხუთოთახიანი ბინის მისაღებად, ფართობით 130 კვ.მ, აივნების გარეშე. 1990 წლის 18 ოქტომბერს მოსარჩელემ ამხანაგობაში განახორციელა შენატანი 40 000 რუსული მანეთი, 1993 წლის 5 ივლისს კი – 25 000 000 რუსული მანეთი. წლების განმავლობაში მშენებლობის დასრულება არ მოხერხდა, ბოლოს ამხანაგობამ მოსარჩელეს მის მიერ განხორციელებული შენატანის სანაცვლოდ, შესთავაზა ამხანაგობის მიერ აშენებულ ბინაში მხოლოდ 20 კვ.მ. ფართობი. აღნიშნულის გამო, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი 88-ის“ მიმართ და მოითხოვა 130 კვ.მ ბინის მესაკუთრედ ცნობა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, ამხანაგობაში მის მიერ განხორციელებული შენატანი საკმარისი იყო თუ არა 130 კვ.მ ბინის ასაშენებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. წ-ამ მოითხოვა ამხანაგობიდან გასვლის გამო მის მიერ განხორციელებული შენატანის დაბრუნება ამჟამინდელი კურისის გათვალისწინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ შეტანილი რუსული 40 000 მანეთი სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოადგენდა 0.04 ლარს, ხოლო რუსული 25 000 000 მანეთი – 25 ლარს, შესაბამისად მოპასუხე ინდივიდულაური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,თ-ი 88-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25, 04 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. წ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით ტ. წ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. წ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ტ. წ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. უზენაესმა სასამართლოს მითითებით, უნდა დადგენილიყო, თუ რა ფართის ბინა შეიძლებოდა აშენებულიყო აღნიშნული თანხით და, შესაბამისად, განესაზღვრულიყო მისაღები ფართის, ხოლო ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში ამ ფართის საბაზრო ღირებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. წ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ტ. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამხანაგობა ”თ-ი 88”-ს ტ. წ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ამხანაგობა ”თ-ი 88”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი ბაჟი – 3981.48 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისში, თ-ის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით შეიქმნა ამხანაგობა (ტომი 1-ლი, ს.ფ. 15-17). ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე 2000 წლის 8 დეკემბერს (ტომი 1-ლი, ს.ფ 18-20) მიღებულ იქნა ამხანაგობის ახალი დებულება და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ”თ-ის 88” გამოცხადდა 1988 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით შექმნილი ამხანაგობის უფლებამონაცვლედ (ტომი 1-ლი, ს.ფ. 18-22). 2003 წლის 20 ნოემბერს ამხანაგობის დებულებაში საერთო კრებამ შეიტანა ცვლილებები (ტომი 1-ლი, ს.ფ 23-27). საერთო კრების მიერ მიღებული დებულება, რომელიც წარმოადგენს ამხანაგობის წევრებს შორის დადებულ ხელშეკრულებას, ითვალისწინებდა ამხანაგობიდან წევრის გასვლის, გარიცხვის და ახალი წევრის მიღების შესაძლებლობას;
თბილისში, თ-ის ქუჩაზე მშენებარე მრავალბინიან კორპუსში ხუთოთახიანი ბინის მიღების მიზნით, თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით, ტ. წ-ა წარმოადგენს ამხანაგობის წევრს (ტომი 1-ლი, ს.ფ. 6).
ტ. წ-ამ ამხანაგობაში შენატანის სახით 1990 წელს გადარიცხა 40 000 რუსული მანეთი (ტომი 1-ლი, ს.ფ. 7), ხოლო 1993 წლის 05 ივლისს - 25 000 000 რუსული მანეთი. აღნიშნული შენატანი არ იყო საკმარისი ხუთოთახიანი ბინის აშენებისათვის.
აღნიშნული ფაქტები დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელიც გამოტანილია სამოქალაქო საქმეზე წინამდებარე საქმეში მონაწილე მხარეებს შორის და ამდენად, პალატის მითითებით, შესაბამისი ფაქტები მოცემულ საქმეზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის დანაწესით;
ტ. წ-ამ ამხანაგობა ”თ-ი 88”-ის წევრობაზე უარი განაცხადა და 2007 წლის 21 ოქტომბერს წარდგენილი სარჩელით მოითხოვა შენატანის უკან დაბრუნება (ტომი 1-ლი, ს.ფ. 2-5);
საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამხანაგობა ”თ-ი 88”-ის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების უფლება 2008 წლისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა.
პალატის მოსაზრებით, 1990 წლისათვის ტ. წ-ას მიერ გადახდილი 40 000 რუსული მანეთისა და 1993 წელს გადახდილი 25 000 000 რუსული მანეთის გათვალისწინებით, ტ. წ-ას წილი ამხანაგობაში ერთობლივი საქმიანობიდან მისი გასვლის დროისთვის უნდა შეფასებულიყო 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობაში არსებული წილის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა უნდა მომხდარიყო ისეთი მტკიცების არსებობის პირობებში, თუ რა ფართის ბინის ყიდვა იყო შესაძლებელი ამხანაგობაში შეტანილი თანხით შეტანის დროს არსებული ფასების მიხედვით. ამგვარი მტკიცება მოსარჩელეს არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ გაწევრიანება განხორციელდა ხუთოთახიანი ბინის მიღების უფლებით, თუმცა შეტანილი თანხა არ იყო საკმარისი აღნიშნული უფლების სრულად მიღებისათვის.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 24 სექტემბრის წერილის შესაბამისად კი, 1990 წლის 18 ოქტომბერს 7186 აშშ დოლარი უდრიდა ოფიციალური კურსით 3999,72 რუსულ რუბლს, ხოლო 1993 წლის 05 ივლისის მდგომარეობით 23 630 აშშ დოლარი - 25 024 170 რუსულ რუბლს (ტომი 1-ლი, ს.ფ. 44). ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, ამხანაგობაში მისი შენატანის შესაბამისი წილის ღირებულება უნდა განისაზღვრულიყო შენატანის მსყიდველუნარიანობის მიხედვით - 30816 აშშ დოლარის ოდენობით.
ამხანაგობა ”თ-ი 88”-ის სიტყვიერი მტკიცებით, ამხანაგობის არსებული ფინანსური მდგომარეობისა და მისი წევრების ინტერესებისა თუ უფლებების მხედველობაში მიღებით, ტ. წ-ას მიმართ ამხანაგობის ვალდებულება არ შეიძლება, შეფასდეს 10 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხად (ტომი მე-2, 2011 წლის 13 ოქტომბერი).
მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალსწინებით, რომ ამხანაგობის მიზნიდან გამომდინარე, მასში წილის ღირებულების განსაზღვრა გამომდინარეობს ბინის ღირებულებიდან, რომლის მიღების უფლებაც გააჩნია წევრს წილის შესაბამისად, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობის მიზნის მიღწევამდე მის წევრებს ეკისრებათ გარკვეული ვალდებულებები ერთობლივი საქმიანობის ამოწურვამდე, პალატის მოსაზრებით, შენატანის მსყიდველუნარიანობა ვერ გათანაბრდებოდა წილის ღირებულებასთან.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი ღირებულების დადგენა საამისოდ საჭირო მტკიცებულებათა სიმწირის პირობებში, შესაძლებელი იყო გონივრული განსაზღვრის პრინციპით, კერძოდ, შენატანის მსყიდველუნარიანობისა და ამხანაგობის მდგომარეობიდან გამომდინარე მათი პოზიციის თანაფარდობით - 20 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ ამხანაგობა “თ-ი 88” შეიქმნა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით და წინამდებარე დავის განხილვის დროისთვის მიზნისთვის არ მიუღწევია - ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებად აშენებული ბინები არ არის დარეგისტრირებული, შესაბამისად, არსებული სამართალურთიერთობა წარმოადგენს ერთობლივ საქმიანობას და მისი რეგულირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამისი ნორმები.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან ამხანაგობის წევრის გასვლა ერთობლივი საქმიანობიდან შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 938-ე მუხლით დადგენილი წესით, გასვლის შედეგად წარმოიშობა არა შენატანის დაბრუნების მიღების უფლება, როგორც ეს ამავე კოდექსის 352-ე მუხლითაა გათვალისწინებული, არამედ - ამხანაგობაში არსებული წილის შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლება, რაც ცალსახად გულისხმობს ამხანაგობიდან გასვლის დროისთვის ამხანაგობის წილის ღირებულებას. წილი კი, როგორც წესი, უნდა განიმარტოს, როგორც ამხანაგობის მიმართ არსებული უფლების ღირებულება და არა როგორც ცალკე აღებული თავდაპირველი შენატანი ვალუტისა და მისი კურსის ცვლილებით.
მოცემულ შემთხვევაში იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ტ. წ-ა გაწევრიანდა ამხანაგობაში ხუთოთახიანი ბინის მიღების უფლებით, თუმცა აღნიშნული უფლების წარმოშობისათვის საჭირო შესრულება მისი მხრიდან სრულად არ განხორციელებულა, პალატამ კი, განსაზღვრა, რომ ტ. წ-ას წილის ღირებულება შეადგენდა 20 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ამხანაგობიდან გასვლის გამო წილის კომპენსაციის მიღების თვალსაზრისით მხოლოდ 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობა ”თ-ი 88”-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის გამო, მოსარჩელეს წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლისა და მის შედეგად წილის კომპენსაციის მიღების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი-88-ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება, რომლის საშუალებითაც სასამართლოს შეეძლო განესაზღვრა ამხანაგობაში ტ. წ-ას წილის ოდენობა 20000 აშშ დოლარით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება და მოპასუხის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ იმსჯელა, თუ რა ფართის ბინა აშენდებოდა მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანებით. ასეთ პირობებში, სასამართლოს მიერ თანხის განსაზღვრა სცდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპს- დისპოზიციურობის პრინციპს, რაც სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევაზე მიუთითებს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ტ. წ-ას მიერ შეტანილი 25 000 000 მანეთი იყო მხოლოდ ვიდეო-სამეულის ღირებულება და მეტი არაფერი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით დავის მოსაწესრიგებლად უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის 930-940-ე მუხლები, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, პრეიუდიციად ითვლება 2003 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამხანაგობის ურთიერთობები წესრიგდება 1512, 208-232 მუხლებით, რაც ცხადყოფს, რომ გადაწყვეტლება სამართლებრივად არასწორია, ვინაიდან აღნიშნულ დავაზე უნდა განხორციელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 352-405-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი-88“-ის ტავმჯდომარე ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი-88“-ის თავმჯდომარე ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი-88“-ის თავმჯდომარე ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1669.00 ლარი) 70% – 1168.3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი-88“-ის თამვჯდომარე ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი-88“-ის თამვჯდომარე ზ. თ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №1 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 29 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1669.00 ლარი) 70% – 1168.3 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.