Facebook Twitter

№ას-246-238-2012 1 მარტი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმომადგენელი - გ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ- ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ- ას მიმართ სწავლის საფასურის სახით 2250 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

2012 წლის 1 მარტს კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოს სარჩელის გამოხმობის შესახებ შუამდგომლობით მომართა. მოპასუხე აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით.

განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სარჩელის გახმობის თაობაზე იშუამდგომლა, ხოლო მოპასუხე ნ. კ- ას წარმომადგენელი ა. ც-ე აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად, ამასთან, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო მოსარჩელეს სრულად დაუბრუნდეს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 831-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო N...) სარჩელი დარჩეს განუხილველად სარჩელის გახმობის გამო;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;

3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს საკასაციო ინსტანციაში 2012 წლის 2 თებერვლის N208 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

4. სახელმწიფო ბაჟი დაბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.