№ას-261-252-2012 19 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ო-ის“ დირექტორი ი. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ე, ნ. დ-ი, ნოტარიუსი ხუხა მოსაია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „ო-ის“ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, შეგებებულ სარჩელში – სესხის იპოთეკისა და ვალდებულების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო-ისა“ და ნ. დ-ის მიმართ სესხის გადაუხდელი თანხის, დარიცხული პროცენტებისა და პირგასამტეხლოს – 1 870 656 აშშ დოლარის ნ. დ-ისათვის დაკისრების, ასევე, გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე ყოველთვიურად 1698 აშშ დოლარისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 3000 ლარის დაკისრების მოთხოვნით, პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქ.ბათუმში, მ-ის ქ№48-სა და პ-ის ქ№132-ის კვეთაზე არსებული შპს „ო-ის“ კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 2603 კვ.მ შენობა-ნაგებობების) იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით გადახდევინების დადგენა, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. ქ-ის, ნ. დ-ისა და ნოტარიუს ხუსა მოსიას მიმართ 2007 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, 2008 წლის 21 თებერვლის სესხის, იპოთეკისა და ვალდებულების ხელშეკრულებისა და 2008 წლის 24 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. დ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 566 000 აშშ დოლარის, 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მასზე დარიცხული პროცენტის – 499 916 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 400 000 აშშ დოლარის, სულ 1 465 916 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაას თექვსმეტი) აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე ნ. დ-ს მოსარჩელე დ. ქ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის 3%-ის ყოველთვიურად და გადასახდელი (სესხის ძირითადი თანხის) თანხის 0.01%-ის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად გადახდა, ნ. დ-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3 000 ლარის გადახდა, მოპასუხე შპს „ო-ის“ დირექტორ ი. ჯ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, დადგინდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების გადახდევინება მომხდარიყო იპოთეკის საგნის –ქ.ბათუმში, მ-ის ქ№48-სა და პ-ის ქ№132-ის კვეთაზე არსებული შპს „ო-ის“ კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციიდან ამოღებული თანხის ხარჯზე, მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვა უარი, ხოლო მოპასუხეს, შეგებებულ სარჩელზე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. დ. ქ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თავისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, შპს „ო-იმ“ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ.ქ-ისათვის სარჩელზე მთლიანად უარის თქმა, შპს „ო-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე შპს „ო-ის“ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საოქმო განჩინებების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ო-ის“ სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. დ-ისათვის დ. ქ-ის სასარგებლოდ 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე 2010 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,01%-ის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. დ-ს დ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პროცენტის – 366 202 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 353 184 აშშ დოლარის ანაზღაურება; ნ. დ-ს დ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის – 566 აშშ დოლარის ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული შპს „ო-ის“ საკასაციო საჩივარი.
2011 წლის 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ო-იმ“ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებათა აღსრულების შეჩერება შემდეგი საფუძვლებით:
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე ნ. დ-ი არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში, რომელიც წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის სახით დაიკითხა და შედგა დაკითხვის ოქმი, ვინაიდან მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2010 წლის 11 აგვისტოს, ბუნებრივია, ბრალდებულის სახით ნ.დ-ის დაკითხვის ოქმს წერილობით მტკიცებულებად სასამართლოში ვერ წარადგენდნენ. სააპელაციო სასმართლოში წარდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში დევს თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2010 წლის 24 ნოემბრის მიმართვა სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების დამთავრებისა და საქმის საბრალდებო დასკვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენდა ახალ მტკიცებულებებს, შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, მათი შესწავლა და შეფასება მოეხდინა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით. სააპელაციო სასამართლოში დაყენებულ იქნა შუამდგომლობა სს „... ბანკიდან“ წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. შესაფასებელია ის გარემოება რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ სს „... ბანკიდან“ გამოითხოვა მტკიცებულებები, რაზედაც მითითებული იყო ნ.დ-ის 2010 წლის 4 ნოემბრის დაკითხვის ოქმში და რომელი მტკიცებულების გამოთხოვაზეც სააპელაციო სასამართლოსაგან ეთქვათ უარი. გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს დ.ქ-ემ ჩარიცხა ნ.დ-ის ანგარიშზე მხოლოდ 320 000 აშშ დოლარი, რომელიც, როგორც სესხი, უკან დაბრუნდა 2008 წლის 8 იანვარს. სააპელაციო სასამართლომ სრულიად უკანონოდ მიიჩნია დამტკიცებულად 448 000 აშშ დოლარის სესხის სახით გადაცემის ფაქტი, რომლის გაქარწყლებაც შესაძლებელი იყო კომერციული ბანკიდან გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულებით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ნ.დ-ის მითითებით, დ.ქ-ის მიერ ჩარიცხულ იქნა შპს „ნ-+-ის“ ანგარიშზე, რომლის ერთადერთ დამფუძნებელ პარტნიორსაც ნ.დ-ი წარმოადგენდა, ხოლო 2008 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100000 აშშ დოლარი ნაღდი ფულის სახით მიიღო ხელშეკრულების გაფორმებამდე. აღნიშნული თანხა საერთოდ არ მიუღია ნ.დ-ს. სასამართლოს დასაბუთება ამ ნაწილში უკანონოა. ვინაიდან, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გამოუკვლევია სააპელაციო სასამართლოს, აღნიშნული იძლევა აბსოლუტურ საფუძველს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს „ო-ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა შპს „ო-ის“ განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც შპს „ო-ის“ შუამდგომლობა სს „... ბანკიდან“ ნ. დ-სა და დ. ქ-ეს შორის არსებული ფულადი თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე დარჩა განუხილველი იმ მიზეზით, რომ აპელანტმა უარი განაცხადა შუამდგომლობის განხილვაზე. პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც შპს „ო-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად და ამ განჩინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ იყო განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტთ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და განმარტა, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ორი ძირითადი პირობის არსებობისას, კერძოდ, ახალად აღმოჩენილი გარემოება (მტკიცებულება) არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი არ იყო და მეორე, განმცხადებლისათვის ამ ფაქტის თაობაზე მოგვიანებით გახდა ცნობილი და მას ბრალის გარეშე საქმის სასამართლოში განხილვის დროს არ შეეძლო, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გასაჩივრება მისი იურიდიულად დაუსაბუთებლობის ან სამართლებრივად არასწორად გადაწყვეტის მოტივით დაუშვებელია. პალატის განმარტებით, ვინაიდან სს „... ბანკში“ ნ. დ-სა და დ. ქ-ეს შორის არსებული ფულადი თანხის გადარიცხვის თაობაზე განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების არსებობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე და სააპელაციო პალატამ იმსჯელა კიდეც ამ თანხის გადარიცხვის დოკუმენტთან დაკავშირებულ საკითხზე, რასაც ადასტურებს 2011 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინება, განმცხადებლის მიერ მითითებული მტკიცებულება ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. სააპელაციო პალატამ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ასევე არ მიიჩნია განმცხადებლის მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობის თაობაზე,
სასამართლომ მიუთითა შპს „ო-ის“ მოთხოვნაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე და აღნიშნა შემდეგი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის, საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად პალატამ განცხადება მიიჩნია დაუსაბუთებლად, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნასთან მიმართბით სასამართლომ განმარტა შემდეგი: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის, 425-ე მუხლისა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგანაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის აღსრულებასთან დაკავშირებული (მათ შორის აღსრულების შეჩერების თაობაზე) საკითხები ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსახილველია და აღნიშნული მოთხოვნის განხილვაზე სააპელაციო სასამართლო არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს, შპს „ო-ის“ განცხადება ამ ნაწილში დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ო-ის“ წარმომადგენელმა ფ.ბ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „ო-ის“ განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე არასწორად არ დააკმაყოფილა განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე. მოცემულ საქმესთან მიმართებაში ახალ გარემოებას საბანკო ამონაწერები წარმოადგენს, რომლითაც დასტურდება, რომ სესხი 320 000 აშშ დოლარი იყო და ეს თანხა დაბრუნებულია, ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება 480 000 აშშ დოლარის სესხად გაცემის თაობაზე არასწორია. ახლად აღმოჩენილი ზემოაღნიშნული გარემოება ცვლის როგორც ძირითადი თანხის, ისე პროცენტის დაკისრების ვალდებულებას, ადასტურებს სესხის ხელშეკრულების ფიქტიურობას და სწორედ ეს გარემოება გახდა შეგებებული სარჩელის აღძვრის წინაპირობა. განმცხადებელმა მიუთითა „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ განჩინების მიხედვით, განმცხადებლისათვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე ზემოაღნიშნული გარემოების თაობაზე, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის სხდომაზე საუბარიც არ ყოფილა სადავო საკითხზე, ამასთანავე მხარე კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებდა და მისთვის ამ მტკიცებულებათა შესახებ ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ.დ-ის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე, რადგანაც საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში, საქმის წარმოება უნდა დაიწყოს თავიდან, გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში კი უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ასეთ შემთხვევაში კი, საქმის ხელახლა განხილვა და სხვა გადაწყვეტილების მიღება დაკარგავს აზრს.
სააპელაციო პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ო-ის“ წარმომადგენელმა რ.ფ-ემაც, რომელმაც დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მონაწილეობას ნ.დ-ი არ იღებდა, ის სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ იქნა 2010 წლის 11 აგვისტოს და მისი, როგორც ბრალდებულის, დაკითხვის ოქმი, საქმის მასალებში იმ დროს ვერ იქნებოდა წარდგენილი, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილდა შპს „ო-ის“ შუამდგომლობა სს „... ბანკიდან“ მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, პალატამ არ გამოიკვლია საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეტანილ განცხადებაში მითითებული ყველა გარემოება, კერძოდ, არ შეაფასა ნ.დ-ის, დ.ქ-ისა მისი მეუღლის – ჯ.შ-ის დაკითხვის ოქმები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ო-ის“ წარმომადგენლების: ფ.ბ-ასა და რ.ფ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს შემდეგს: სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად აღსრულებაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი მისთვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებმდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში, ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ თვლის საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი).
მოცემული საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის სხდომაზე შპს „ო-ის“ წარმომადგენელმა ი. ა-ემ მიუთითა სასამართლო კანცელარიის მეშვეობით წარდგენილ შუამდგომლობაზე, რომლითაც შპს „ო-ი“ მოითხოვდა სს „... ბანკიდან“ დოკუმენტაციის გამოთხოვას „რომელიც ეხება ნ. დ-სა და დ. ქ-ეს შორის არსებული ფულადი თანხების გადარიცხვას, რომლითაც ასევე დასტურდება, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობები ჰქონდათ მხარეებს 2007 წლის 12 დეკემბრამდე. აღნიშნული მასალების გამოთხოვის გარეშე შეუძლებელია საქმეზე ჭეშმარიტი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება... აღნიშნული შუამდგომლობა ჩვენ დაყენებული გვქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ უარი გვითხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში ...“ ამავე სხდომის ოქმით დასტურდება, რომ შპს „ო-ის“ წარმომადგენელმა რ. ფ-ემ შუამდგომლობის განხილვაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ნ. დ-ი არ მონაწილეობდა და მისი ახსნა-განმარტების მოსმენის შემდგომ, შესაძლოა ამ შუამდგომლობის დაყენება საჭირო აღარ იყოს. რ.ფ-ის ამ მოსაზრებას დაეთანხმნენ შპს „ო-ის“ დირექტორი და სხვა წარმომადგენლები, რის გამოც, სასამართლომ საოქმო განჩინებით უარი თქვა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე (იხ. ტ.V, ს.ფ.10-11). საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოების ანალიზიდან გამომდინარე, იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სს „... ბანკიდან“ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გამოთხოვილი მასალები ახლად აღმოჩენილს არ წარმოადგენს სამოქალაქო საქმის მიმართ, რადგანაც საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მხარისათვის ზუსტად იყო ცნობილი როგორც ფაქტის – საბანკო გადარიცხვების, ისე მათი მოპოვების წესის თაობაზე, რაც გამორიცხავს შპს „ო-ის“ მოსაზრების გაზიარებას, რომ მისთვის ეს გარემოება იყო უცნობი და „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით ვერ მიიღებდა ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის ავტორმავე განაცხადა უარი მათ განხილვაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე მისი ცალსახა უფლებაა. ის ფაქტი უდავოს ხდის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სადავო ფაქტების ახლად აღმოჩენილ გარემოებად არმიჩნევის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, მითითებული ნორმის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი სასამართლოს მიერ მითითებულ ნორმათა არასწორი განმარტების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე უსაფუძვლოა.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება შპს „ო-ის“ კერძო საჩივარის იმ არგუმენტს, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის მასალები არ გამოიკვლია და დასაბუთებული პასუხი არ გასცა განცხადებაში მითითებულ გარემოებებს. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმზე, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 215-ე მუხლების საფუძველზე საქმეს დაერთო სისხლის სამართლის მასალები, აღნიშნული მასალები გამოკვლეული და შეფასებულია სააპელაციო პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაში და მათი გამოკვლევის სისწორე, მხარის საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის არგუმენტი სისხლის სამართლის მასალების შეუფასებლობის თაობაზე, ამასთანავე, ამ პრეტენზიის სამართლებრივი ანალიზით დასტურდება, რომ მხარე სადავოდ გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას ხდის, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 კარის მიზნებს არ ემსახურება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მითითებას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულს და თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. დასახელებული ნორმით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს განცხადების საფუძვლიანობით, ანუ სასამართლო აფასებს განცხადების დასაბუთებულობას და მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს მოთხოვნას, თუ გადაწყვეტილების აღსრულების შეუჩერებლობით შეილახება მხარის პატივსადები ინტერესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს ეტყვის მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე. ამავე ნორმით დადგენილია ისიც, რომ საქმის წარმოების შეჩერების მომთხოვნმა პირმა შუამდგომლობა შესაბამისი გარანტიის წარდგენით უნდა გაამყაროს, რითაც დაცული იქნება იმ მხარის ინტერესი, რომლის სასარგებლოდაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ განმცხადებელი მოითხოვდა რა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, შუამდგომლობას ამყარებდა მხოლოდ საკუთარ მოსაზრებაზე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, რაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე, არაა საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის განხილვა მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რადგანაც, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
დასახელებული ნორმით რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც ზემდგომი სასამართლო ნაწილობრივ გააუქმებს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაუქმებული ნაწილის მიმართ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, თუ მხარე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების მთლიანად (და არა მისი იმ ნაწილის რომელიც ზემდგომი ან ქვემდგომი სასამართლოს მიერაა გამოტანილი) გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ზემდგომი სასამართლო. ამდენად, რადგანაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილშიც საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება სააპელაციო პალატის განსჯად საკითხს წარმოადგენდა, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების ამ ნაწილის აღსრულების შეჩერების საკითხიც სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. ამასთანავე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადად ვალდებულების უზრუნველყოფის ნაწილში იქნა დატოვებული უცვლელად და რადგანაც ვალდებულების შესრულების ნაწილში (სესხის დაკისრება) არ არსებობდა დასაბუთებული შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა იქნებოდა დაკმაყოფილებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდიონარე, პალატა თვლის, რომ შპს „ო-ის“ წარმომადგენლების: ფ.ბ-ასა და რ.ფ-ის კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლებს, ხოლო სააპელაციო პალატის განჩინება სწორია და არ არსებობს საქმის წარმოების განახლების მხარის მიერ მითითებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ო-ის“ წარმომადგენლების: რ.ფ-ისა და ფ.ბ-ას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.