გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-439-420(კ-06) 31 ოქტომბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მიწის რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. ზ-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია.
საქმის გარემოებები:
ქ. ბათუმში, ... ქ. ¹50-სა და ... ქ. ¹28-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის თავდაპირველ წილს შეადგენდა 4/14, რაც დასტურდება ბათუმის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით და სასამართლო გადაწყვეტილებით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹50-სა და ... ქ. ¹28-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან მის საკუთრებაში არსებული პრივატიზებული საერთო ფართით ბინის და საერთო სარგებლობაში არსებული 472 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 4/14-ის (134, 8 კვ.მ-ის) საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ტექაღრიცხვის მასალების თანახმად საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთსა და სახლთმფლობელობაზე მოსარჩელის წილი განსაზღვრული იყო 1/6-ით.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
სკ-ის 183-ე, 957.3 1513-ე მუხლების თანახმად, უძრავი ქონება რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრში. ამასთან, არ შეიძლება საერთო სარგებლობის წილზე მიწის უფლების შემცირება მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ამდენად, «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 15.2. მუხლით მოსარჩელის ქონება რეგისტრირებულ უნდა იქნეს 4/14-ის მიხედვით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ... და ... ქ. ¹28-50-ში, პრივატიზებულ ოროთახიან ბინაში. აღნიშნული ბინა 1994წ. 10 მარტამდე, პრივატიზაციამდე, ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის სახელზე, სახლთმფლობელობის 27,55 კვ.მ _ 4/14. ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2005წ. 14 იანვრის ცნობის, მოპასუხის განმარტებების და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის არქივის მასალების თანახმად, ნ. ზ-ის წილი შენობა-ნაგებობასა და საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე განისაზღვრებოდა 1/6-ით. აღნიშნული გარემოების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფლება შემდეგი მოტივით:
სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა არცერთი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა, რაც საპროცესო ნორმების დარღვევას წარმოადგენდა. საჯარო რეესტრში ახალი ჩანაწერის შეტანა ნიშნავს ძველი ჩანაწერის გაუქმებას, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სკ-ის 1513-ე მუხლის მოთხოვნებს. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «მიწის რეგისტრაციის შესახებ» და «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონები.
სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 22 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. რ-ე, შ. ხ-ე და მ. თ-ე.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა არ ცნო ნ. ზ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 3 აპრილის განჩინებით ნ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ბინის პრივატიზაციის 1994წ. 10 მარტის ხელშეკრულებით ნ. ზ-მ საკუთრებაში მიიღო ოროთახიანი ბინა (38,15) კვ.მ, რაც რეგისტრირებულია ტექბიუროში. ბათუმის მერიის ტექბიუროს 2002წ. 1 აპრილის ცნობის თანახმად, ტექაღრიცხვის სამსახურის საარქივო მასალებით ქ. ბათუმში, ... და ... ქ. ¹28/50-ში სახლთმფლობელობა ლიტ «ა» ძირითადი შენობა განლაგებულია ქალაქის მერიის 414 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე. ფაქტობრივად, დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობია 414, 53 კვ.მ. 2001 წლიდან ლიტ. «ა» შენობის საერთო სასარგებლო ფართი გახდა 220,86 კვ.მ, ხოლო წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: შ. თ- ¼-53,7 კვ.მ, ნ. ზ-ე _1/6-38,15კვ.მ, შ. ხილაძე ¼-59,82 კვ.მ და მ. რ-ე 1/3-69,19კვ.მ. ნ. ზ-ის წილი _1/6 აღნიშნული ტექბიუროს მონაცემებსა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 19 სექტემბრის განჩინებაში, რომლებიც უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის განჩინებით.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 17.1., 17.2. სკ-ის 183-ე მუხლები და განმარტა, რომ, ვინაიდან ნ. ზ-ე ფლობდა 1/6-ს წილს, რეგისტრაციას ექვემდებარებოდა მხოლოდ ეს ფართი, ნაცვლად 4/14-ისა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მიზეზი:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არასწორია, რამდენადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიწის წილი დადგენილია 4/14-ის ოდენობით. ამასთან, «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 15.2, 26-ე და სკ-ის 957.3 მუხლების თანახმად, დაუშვებელია საერთო სარგებლობის წილზე უფლების შემცირება მოსარგებლის თანხმობის გარეშე, ხოლო საკუთრების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია საპროცესო კოდექსის 249.4. მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ დაასაბუთა‚ თუ რატომ დაეყრდნო ბათუმის ტექბიუროს მონაცემებს, ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 4/14 კასატორმა მოიპოვა პრივატიზების შედეგად და ამ წილის შემცირება დაუშვებელი იყო.
საკასაციო სასამართლოს 2006წ. 18 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ნ. ზ-ის მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 15.2, 26-ე მუხლების თანახმად, საკუთრების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეც, რაც, კასატორის მითითებით, წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო «მიწის რეგისტრაციის შესახებ» 15.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრატორს უფლება არა აქვს დაუშვას საკუთრების ობიექტის იმგვარი შეცვლა, რომ შეილახოს საკუთრების ობიექტის მიმართ პირების კანონიერი უფლება. ამავე კანონის 26-ე მუხლი ადგენს საკუთრების გადასვლის რეგისტრაციის წესს, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფომ, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძინა მიწა, ან სხვა უძრავი ქონება, დადო საიჯარო ხელშეკრულება, ან დააგირავა იგი კანონის საფუძველზე, ან, როდესაც ასეთი უფლება მოპოვებულია სასამართლოს, ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რეგისტრატორი, რომელიც ეყრდნობა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ ამ აქტებს, ახდენს რეგისტრაციას და ჩაწერს მესაკუთრეს _ სახელმწიფოს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვისზედაც გადავიდა საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407.2 მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ბინის პრივატიზაციის 1994წ. 10 მარტის ხელშეკრულებით ნ. ზ-მ საკუთრებაში მიიღო ოროთახიანი ბინა (38,15 კვ. მ), რაც რეგისტრირებულია ტექბიუროში. ბათუმის მერიის ტექბიუროს 2002წ. 1 აპრილის ცნობის თანახმად, ტექაღრიცხვის სამსახურის საარქივო მასალებით ქ. ბათუმში, ... და ... ქ. ¹28/50-ში სახლთმფლობელობა ლიტ «ა» ძირითადი შენობა განლაგებულია ქალაქის მერიის 414 კვ.მ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე. ფაქტობრივად, დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობია 414, 53 კვ.მ. 2001 წლიდან ლიტ. «ა» შენობის საერთო სასარგებლო ფართი გახდა 220,86 კვ.მ, ხოლო წილები გადანაწილდა შემდეგნაირად: შ. თ-ს ¼_ 53,7 კვ.მ, ნ. ზ-ს _ 1/6-38,15კვ.მ, შ. ხ-ს ¼_ 59,82 კვ.მ და მ. რ-ს _ 1/3-69,19კვ.მ. ნ. ზ-ის წილი _ 1/6 აღნიშნულია ტექბიუროს მონაცემებსა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 19 სექტემბრის განჩინებაში, რომლებიც უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის 17-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ხოლო ამავე კანონის 17.2. მუხლის თანახმად, პირველადი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ პირობებში, როცა საქმის მასალების თანახმად, ნ. ზ-ზე ირიცხებოდა საერთო საკუთრების 1/6, რეგისტრაციას ექვემდებარებოდა სწორედ აღნიშნული ფართი, ნაცვლად მოთხოვნილი 4/14-ისა, რამდენადაც საქმეში მდებარე ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ცნობის თანახმად, ნ. ზ-ის მიერ დაკავებული, საერთო სარგებლობის ფართია 1/6, ანუ 38,15 კვ.მ, რა ფართიც არის მის მიერ პრივატიზებული. ამასთან, აღნიშნული გარემოება ასევე მითითებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 19 სექტემბრის განჩინებაში, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია საპროცესო კოდექსის 249.4. მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ დაეყრდნო ბათუმის ტექბიუროს მონაცემებს, ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 4/14 წილი კასატორმა მოიპოვა პრივატიზების შედეგად და ამ წილის შემცირება დაუშვებელი იყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე ნ. ზ-ს სადავოდ არ გაუხდია სარეგისტრაციო ჩანაწერის, რომლითაც მისი წილი ნაცვლად 4/14-ისა, შეიცვალა 1/6-ით მართლზომიერება, რის გამოც სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს ნ. ზ-ის წილის რაოდენობის შემცირების კანონშესაბამისობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის საგნის არასაკმარისობა ვერ განაპირობებს სარჩელის ნამდვილი მიზნის მიღწევას, რამდენადაც, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია სარეგისტრაციო ჩანაწერი მოახდინოს მხოლოდ დაფიქსირებული წილის ოდენობის შესაბამისად, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული საქმის მასალები და სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეეფარდა სამართლის ნორმა.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა სრულყოფილად, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად ჩათვლის პროცესუალური საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ნ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 38-ე /კანონის 1999წ. რედაქციით/ 53.1. მუხლების შესაბამისად ნ. ზ-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 26I.3; სსკ-ის 257-ე, 372-ე, 386-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 3 აპრილის განჩინება;
3. ნ. ზ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.