№ას-272-263-2012 29 მარტი, 2012 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – 1. ზ. კ-ა (მოსარჩელე) 2. შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – 1. შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ი“ 2. ზ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კონსტანტინე ცისკარიძის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
საქმის განხილვისას, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხის ვინაობა - შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკურ ცენტრ „შ-ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 210 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ვადის გადაცილებისათვის 0,07%-ის დაკისრებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. კ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „შ-ს“ 210 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოსარჩელე ზ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0,07%, 2009 წლის 9 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ა მოწინააღმდეგე მხარის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში მუშაობდა 2009 წლის 18 აგვისტოდან 2009 წლის 8 სექტემბრამდე მზარეულად და მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ყოველდღიურად 10 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ შრომის ანაზღაურება დღეში 60 ლარი უნდა ყოფილიყო და მიუთითა, რომ ზ. კ-ამ სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარუდგინა.
სააპელაციო სასამართლოს პოზიციით, ის გარემოება, რომ ზ. კ-ა სადავოდ ხდის ხელფასის ოდენობას, არ ნიშნავდა მისი მხრიდან ანაზღაურების მიღებაზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ ზ. კ-ას უნდა წარედგინა მენიუში მითითებული კერძებისთვის ზ. კ-ას მიერ გახარჯული პროდუქტების ჩამონათვალი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „შ-ს“ არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, 210 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ამგვარი პირობის, კერძოდ, იმის, რომ ყოველდღიური ანაზღაურების მიღება დამოკიდებული იყო ზ. კ-ას მიერ მომზადებული კერძებისთვის გახარჯული პროდუქტების ჩამონათვალის წარდგენაზე, მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით არ დასტურდება, ხოლო ცალმხრივად 2009 წლის 17 აგვისტოს ბრძანებაში ამ პირობის დაფიქსირება, მეორე მხარის ხელმოწერის და შესაბამისი ნების გამოვლენის გარეშე, ხელშეკრულების პირობად ვერ ჩაითვლება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
ზ. კ-ამ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის 2009 წლის 17 აგვისტოს ბრძანება. ეს ბრძანება მოპასუხემ ცალმხრივად გამოსცა და მისთვის არ გაუცნია. სასამართლომ ამ მოტივით ბრძანების სხვა დებულებები არ გაიზიარა, ხოლო იმ ნაწილში, რომ ზ. კ-ას ანაზღაურება ყოველდღიურად 10 ლარი უნდა ყოფილიყო, გაიზიარა. სასამართლოს არ გამოუკვლევია ბრძანების ნამდვილობა. არც ის გარემოებაა დადასტურებული, რომ ეს ბრძანება ნამდვილად 2009 წლის 17 აგვისტოს გამოიცა და არა მოგვიანებით, ძველი თარიღით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საგადასახადოდან შპს ,,შ-ის“ დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ, რაც ნათელს მოჰფენდა არსებულ დავას. სასამართლომ ასევე არ მოითხოვა ხარჯთაღრიცხვა.
შპს „შ-მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების დაკისრების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 2009 წლის 17 აგვისტოს ბრძანება, ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზ. კ-ას ანაზღაურება მხოლოდ გახარჯული პროდუქტების ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიეცემოდა, რაც მას არ შეუსრულებია. სააპელაციო სასამართლომ არც იმ ფაქტობრივ გარემოებას მიაქცია ყურადღება, რომ შპს „შ-ი“ მზად იყო გადაეხადა 210 ლარი მოსარჩელისათვის, რაზედაც იგი უარს აცხადებდა და ამ ნაწილში ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ მოსარჩელის ორაზროვანი განმარტების საფუძველზე დაადგინა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. კ-ასა და შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრ „შ-ის“ საკასაციო საჩივრები დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ შპს „შ-ს“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. კ-ას სასარგებლოდ 210 ლარის დაკისრების თაობაზე სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს, ასევე დაუშვებელია საკასაციო საჩივარი ადვოკატის ხარჯების განაწილების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მიხედვით, დამატებითი გადაწყვეტილება ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187ე- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „შ-ის“ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს.
რაც შეეხება ზ. კ-ას სასარგებლოდ, ანაზღაურების დაყოვნების გამო, 210 ლარის 0,07% პროცენტის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შპს „შ-ის“ საკასაციო საჩივარი, ისევე როგორც ზ. კ-ას საკასაციო საჩივარი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ზ. კ-ასა და შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრ „შ-ის“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „შ-ს“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 261-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. კ-ას (პირადი N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრ „შ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...), საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრ „შ-ს“ დაუბრუნდეს ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900 ანგარიშზე (სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - №300773150) 2011 წლის 30 დეკემბრის N423 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% -210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.