Facebook Twitter
საქმე №ას-283-272-2012 26 მარტი, 2012 წელი

№ას-283-272-2012 26 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ე-კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ-ის №2 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრისა და 27 იანვრის განჩინებების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსატვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჯ-ე-კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ-ის №2 საჯარო სკოლის მიმართ ბ-ის №2 საჯარო სკოლის 2011 წლის 1 ოქტომბრის №2-29 ბრძანების ბათილად ცნობის, ქიმიის მასწავლებლის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და ამ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის, ასევე იძულებითი განაცდურის – 207 ლარის სამუშაოზე აღდგენამდე ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ე-კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. ჯ-ე-კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლის პირველსა და მეორე ნაწილებზე, 372-ე მუხლზე, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 იანვრის განჩინებით მ. ჯ-ე-კ-ს ხარვეზის შესავსებად დაუწესდა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. 2012 წლის 5 იანვრის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტ მ. ჯ-ე-კ-ს და გადასაცემად ჩაბარდა მის დას – რ. ჯ-ეს 2012 წლის 11 იანვარს. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 71-ე მუხლის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გზავნილი აპელანტ მ. ჯ-ე-კ-ისათვის გადასაცემად ჩაბარდა მის დას, რ. ჯ-ეს 2012 წლის 11 იანვარს, აპელანტს სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი შეეძლო გამოესწორებინა 2012 წლის 16 იანვრის ჩათვლით. პალატის განამარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა და არც რაიმე შუამდგომლობა ყოფილა წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ მ. ჯ-ე-კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ჯ-ე-კ-მა, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრისა და ამავე პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 5 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნათაგან მხოლოდ ერთი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გაუქმებას ექვემდებარება როგორც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, ისე მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რადგანაც სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა. კანონდებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ათავისუფლებს მხარეს ხელფასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნისათვის, რომლებიც გამომდინარებს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. სასამართლომ კი, არასწორად მიიჩნია, რომ გათავისუფლებას მხოლოდ ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა ექვემდებარებოდა. საწინააღმდეგო მოსაზრების დაშვების შემთხვევაშიც კი, ნორმის სასამართლოსეული განმარტება არასწორია, რადგანაც განაცდურის ანაზღაურება ორგანულადაა დაკავშირებული სამუშაოდან დათხოვნის კანონიერებასთან და ბრძანების კანონიერების გამორკვევის გარეშე, შეუძლებელი იქნება განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილება. ასეთ შემთხვევაში კი, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათი არარეალიზებადია. ხელფასთან დაკავშირებული მოთხოვნები ყოველთვის დამსაქმებლის ქმედებაზეა ორიენტირებული და ნორმის ვიწროდ განმარტებით კანონმდებლის მიზანი მიუღწეველი რჩება. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტს სააპელაციო საჩივრის მთლიანად მიღებაზე განუცხადა უარი, შესაბამისად, მხარემ ვერ ისარგებლა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით, მეორე მხრივ, სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმით მისი განმარტების საწინააღმდეგო დასკვნა გააკეთა. კანონის ზემოაღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს ტელეოლოგიური განვრცობის მეთოდით, რადგანაც დასაქმებული განსაკუთრებულ დაცვას დაქვემდებარებული პირია, საწინააღმდეგო განმარტება დასაშვები იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ბრძანების გაუქმების გარეშე განაცდურის ანაზღაურება რეალიზებადი მოთხოვნა იქნებოდა, ამასთანავე, კანონის ტექსტში პირდაპირი ჩანაწერი იარსებებდა ზემოაღნიშნულზე. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებითი განაცდურის სახით თვეში 207 ლარის ანაზღაურება, აღნიშნულმა თანხამ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 5 იანვრამდე შეადგინა 621 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრძანების ბათილად ცნობის, როგორც არაქონებრივი მოთხოვნის გამო, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარს შეადგენს, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია დავის საგნის ფასის განსაზღვრა უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნიდან, შესაბამისად, თუ 100 ლარის გადახდა დაეკისრება მხარეს, აღნიშნული თანხა მისი ქონებრივი მოთხოვნის – 621 ლარის 16,5% იქნება, აღნიშნული კი ადასტურებს, რომ კანონმდებელი მხარეს, ერთი მხრივ ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, მას მოთხოვნის ღირებულების 16,5%-ის გადახდას აკისრებს, რაც არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, მ. ჯ-ე-კ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ჯ-ე-კ-ის სასარჩელო მოთხოვნები იყო: ა) ბ-ის №2 საჯარო სკოლის 2011 წლის 1 ოქტომბრის №2-29 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) ქიმიის მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენა და ამ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა; გ) იძულებითი განაცდურის – 207 ლარის სამუშაოზე აღდგენამდე ანაზღაურება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნათაგან არც ერთი და მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც სწორედ მოსარჩელის ზემოაღნიშნული 3 პრეტენზიის მართებულობა იყო.

საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო პალატის 2012 წლის 5 იანვრის განჩინების თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება ხელფასის ანაზღაურება და, რადგანაც აპელანტი სხვა მოთხოვნებსაც აყენებს, ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ვერ იქნება გათავისუფლებული.

საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობის. დასახელებული ნორმით კანონმდებელმა ზუსტად და ამომწურავად განმარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება მხარის ის შრომითი მოთხოვნა, რომელიც მიმართულია ხელფასის გადახდის ან შრომის ნებისმიერი სხვა ანაზღაურებისაკენ. ნორმის დისპოზიციით განსაზღვრულია მისი მიზანი – შრომის ანაზღაურება, შესაბამისად, კერძო საჩივრის არგუმენტები, რომ ნორმა განმარტებულ უნდა იქნას ვრცლად და ის მოიაზრებს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნას, არასწორია, რადგანაც ნორმის მოქმედების არეალი ასახვას ჰპოვებს მის მიზანში და არა სარჩელის ამა თუ იმ საფუძველში (ანაზღაურების მართებულობა მხოლოდ ბრძანების კანონიერებით უნდა გაირკვეს), თავის მხრივ, სარჩელსა და სააპელაციო საჩივრში მითითებული მოთხოვნები არ შეიძლება იქნა გაგებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ურთიერთობის მსგავსად, რადგანაც თითოეული მოთხოვნის არსებობა მხარის დისპოზიციური ნების გამოხატულებაა და შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლადაც ისე, რომ რომელიმე მოთხოვნიდან ერთ-ერთის არარსებობა სარჩელის საფუძვლიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. კერძო საჩივრის იმ მოსაზრების საპირისპიროდ, რომ მხოლოდ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებითა და დანარჩენ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებით მას მოუწევს უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის 16,5%-ის გადახდა, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილზე, სადაც განმარტებულია, რომ თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. განსახილველ შემთხვევაში, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარე გათავისუფლებულია, მისი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება კვლავ ეკისრება, რომელიც არაქონებრივი ხასიათისაა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართალწარმოების თითოეული ინსტანციისათვის განისაზღვრება 100-150 და 300 ლარით.

განსახილველი კერძო საჩივრის ანალიზით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლად მხარე მიუთითებს მხოლოდ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის არასწორ განმარტებაზე, ისე, რომ მას სასამართლოს დასკვნები ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების აპელანტის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარებისა და საპროცესო ვადის მხარის მიერ გაშვების თაობაზე სადავოდ არ გაუხდია. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას და თვლის, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში მ. ჯ-ე-კ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ იძულებითი ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად, რადგანაც სააპელაციო პრეტენზიის ამ ნაწილში მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან იყო გათავისუფლებული, რაც შეეხება ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას, საკასაციო პალატის აზრით ამ ნაწილში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წარმოდგენილი კერძო საჩივრის მე-2 მოთხოვნაზე, რომლითაც მ. ჯ-ე-კ-ი ხარვეზის დადგენის შესახებ 2012 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმებასაც მოითხოვს. აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებაში პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმით იმპერატიულადაა განსაზღვრული იმ საკითხთა წრე, რომელთა მიმართაც დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს რა ის გარემოება, რომ 2012 წლის 5 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ამ განჩინების მიმართ კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მოთხოვნის ამ ნაწილში მ.ჯ-ე-კ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჯ-ე-კ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად. მ. ჯ-ე-კ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე მ.ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმებისათვის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.