Facebook Twitter
საქმე №ას-288-277-2012 12 მარტი, 2012 წელი

№ას-288-277-2012 12 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ი. ს-ა, ი. წ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. და თ. ს-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ს-ამ და ი. წ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შ. და თ. ს-ების მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის უსაფუძვლო გამდიდრების გზით მიღებული თანხის ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ, ი. ს-ამ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 52200 ლარის დაკისრება, საიდანაც 22500 ლარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ თანხას წარმოადგენს, ხოლო 29700 ლარი – მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც მოსარჩელე კუთვნილი ფულადი სახსრების გამოყენების შედეგად მიიღებდა, ხოლო ი. წ-ამ მოითხოვა მოპასუხეებისათვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული 40000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის – 52000 აშშ დოლარის დაკისრება.

შ. ს-ამ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად თანხის მიღების ფაქტი, მოპასუხე თ. ს-ას სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ასა და ი. წ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ს-ას ი. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა 52200 ლარი, ხოლო ი. წ-ას სასარგებლოდ - 92200 აშშ დოლარი, ი. ს-ასა და ი. წ-ას მოთხოვნა შ. ს-ას მიმართ არ დაკმაყოფილდა. თ. ს-ას ასევე დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ მათ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ს-ამ და ი. წ-ამ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შ. ს-ას მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში და მათი სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, თ. და შ. ს-ებისათვის, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის, ი. ს-ას სასარგებლოდ 52200 ლარის, ხოლო ი. წ-ას სასარგებლოდ – 92200 აშშ დოლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის დაკისრება, ასევე მოთხოვნილ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით აპელანტების: ი. ს-ასა და ი. წ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ი. ს-ასა და ი. წ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, აპელანტ ი. ს-ას დაუბრუნდა ი. წ-ას მიერ 2012 წლის 13 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 1044 ლარი, ხოლო ი. წ-ას – მის მიერ 2012 წლის 13 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2500 ლარი შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ი. ს-ას დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 2088 ლარის, ხოლო ი. წ-ას - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2012 წლის 16 იანვარს სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა ე. ჯ-ემ, ნაწილობრივ შეავსო 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი (წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები ი.ს-ას სააპელაციო საჩივარზე 1044 ლარისა და ი.წ-ას სააპელაციო საჩივარზე 2500 ლარის ოდენობით) და მიუთითა, რომ აპელანტებს არ ეკუთვნით სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა, რადგან სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება არა სრულად, არამედ ნაწილობრივ არის გასაჩივრებული. განმცხადებლის მითითებით, აპელანტები გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ ნაწილობრივ და მოითხოვენ, მხოლოდ ცვლილების შეტანას გადაწყვეტილებაში, კერძოდ, სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესრულების დაკისრებას არა მარტო თ. ს-ას არამედ, მის მეუღლის – შ. ს-ასათვისაც, როგორც სოლიდარული მოვალისათვის, შესაბამისად, მათ მიერ გადახდილია ბაჟის ნახევარი, რაც, აპელანტების წარმომადგენლის განმარტებით, შეესაბამება მათ მოთხოვნას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ 2012 წლის 3 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზების შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით. 2012 წლის 27 იანვარს სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით აპელანტების წარმომადგენელმა და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის გადავადება იმ საფუძვლებით, რომ აპელანტები არიან აფხაზეთიდან დევნილები, უმუშევრები და მათ შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ დევნილის შემწეობა, ამასთან, გამცხადებელმა აღნიშნა, რომ მართალია, აპელანტებს გააჩნიათ გარკვეული სახის ქონება და დანაზოგები, მაგრამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხის ქმედებებით აპელანტებს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც ანაზღაურებული ჯერ არ არის და, შესაბამისად, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში სრული სახით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებიათ. წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და ი. ს-ასა და ი. წ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით და განმარტა, რომ სასამართლო ხარჯების გადავადების ან შემცირების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის შეფასება. მხარემ უნდა დაასაბუთოს და ამასთანავე, უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. სასამართლოს განმარტებით, შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომ აპელანტები არიან აფხაზეთიდან დევნილები, უმუშევრები და მათ შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ დევნილის შემწეობა, რაც, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა შუამდგომლობის დასაბუთებულად მიჩნევისა და მისი დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, აღნიშნულის გათვალისწინებით კი, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტებს 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით დადგენილ 5-დღიან საპროცესო ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებიათ. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 374-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ს-ასა და ი. წ-ას წარმომადგენელმა ე. ჯ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს, მის მიერ დადგენილი 5-დღიანი ვადის დაცვით აპელანტებმა განუმარტეს, რომ მათ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, რაც მათ მიაჩნდათ კანონიერად, ვინაიდან მხარეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ ნაწილობრივ ასაჩივრებდნენ. მათთვის გასაგებია სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობით გადახდის ვალდებულება, მით უფრო, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესახებ, 2012 წლის 23 იანვრის განჩინების პასუხად აპელანტებმა დეტალურად მიუთითეს იმ ობიექტურ გარემოებებზე, რომლებიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულებას, იმ იმედით, რომ სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აპელანტებს კვლავ გაუგრძელდებოდათ ვადა ხარვეზის სრულყოფილად გამოსწორებისათვის, რაც სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებებზე, რაც შესაძლოა მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამ გამოიწვიოს, კერძოდ, მოსარჩელეები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეძლებენ, რადგანაც მოვალე ვალაუვალია, ის სასჯელს იხდის მოსკოვში და არ გააჩნია რაიმე ქონება, ამასთან, მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღა მოპასუხე შ. ს-ას კუთვნილ უძრავ ქონებაზე გაუქმდება და მოსარჩელეებს წაერთმევათ ყველანაირი შანსი, დაიკმაყოფილონ მოთხოვნა ქონებიდან, რომელიც მოპასუხეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ი.ს-ა და ი.წ-ა შეძლებენ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის სრულყოფილად ანაზღაურებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ი. ს-ასა და ი. წ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით აპელანტთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ი. ს-ა და ი. წ-ა მოცემულ შუამდგომლობას ამყარებდნენ მხოლოდ ზეპირ მითითებას, რომ მათ პირველ ინსტანციაში საქმის წარმოებისას სახელმწიფო ბაჟი სრული ოდენობით ჰქონდათ გადახდილი და სააპელაციო წარმოების ეტაპზე, უმუშევრობის გამო, მათ შესაძლებლობას აღემატებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ 2012 წლის 16 იანვარს აპელანტთა წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა სასამართლოს მსჯელობას, სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობით დაკისრების თაობაზე, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყეტილება ნაწილობრივ იყო გასაჩივრებული, რის შედეგადაც სააპელაციო პალატამ მხარეს გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის სრულყოფილად გამოსწორებისათვის. საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივარის ავტორი ხდის სადავოდ, რომ 2012 წლის 27 იანვარს აპელანტთა წარმომადგენელმა ე.ჯ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, მიუთითა აპელანტთა ქონებრივ მდგომარეობაზე, წარადგინა ი. ს-ასა და ი. წ-ას დევნილის მოწმობები, ასევე ალექსანდრე ოძელაშვილის დაბადების მოწმობის ასლი და სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში მხარეთა მიმართ საპროცესო შეღავათის გამოყენების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტები, ერთ შემთხვევაში, მოითხოვდნენ რა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, მისი გადახდის გადავადებას, მათი შუამდგომლობის სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი იყო, რომლის დისპოზიციაც, როგორც უკვე ითქვა, სავალდებულოდ ითვალისწინებს მხარის მიერ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების აუცილებლობას, აღნიშნული კი საქმის მასალებით არ დგინდება, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტების შუამდგომობები.

დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ აპელანტებს არ მიაჩნდათ საფუძვლიანად დავის საგნის ღირებულების სრული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა, რადგანაც ისინი გადაწყვეტილებას მხოლოდ ნაწილობრივ ასაჩივრებდნენ. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ, პროცესუალურად, მოცემული დავის საგანი თანხის გადახდის შესახებ სარჩელია. სადავო არაა ისიც, რომ სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა ფულადი ვალდებულების შესრულების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დადგენილია რომ ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება გადასახდელი თანხით. მოცემული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და მისი გამოყენება დასაშვებია როგორც პირველი, ისე სააპელაციო და საკასაციო წარმოების ეტაპზე, ზემდგომი სასამართლოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამასთან, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, მიუხედავად პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გასაჩივრებისა, სოლიდარული ვალდებულების არსიდან გამომდინარე, მატერიალური ნორმის – სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 465-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ სწორად დააკისრა აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სოლიდარულად შესასრულებელი ვალდებულების საგნის ღირებულებიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო პალატამ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა მხარეს საკუთარი ინიციატივით ერთხელ უკვე გაუგრძელა 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით და ნათლად განუმარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების სრულყოფილად განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარემ არ განახორციელა სასამართლოს მიერ დაკისრებული მოქმედება, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, სავსებით მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხივლელად. ამ მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დისპოზიციაზე, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს საპროცესო ვადა თუ აღნიშნული კანონით აკრძალული არაა, ამასთან, სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, რომელსაც პროცესის წარმოების გაჭიანურებით შეიძლება მიადგეს ზიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, აპელანტებისათვის კვლავ გაეგრძელებინა საპროცესო ვადა.

რაც შეეხება მოცემული დავის მორალურ მხარესა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის საკითხს, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული განსახილველი სამოქალაქო საქმის არსებითი დეტალებია, რომელთა საფუძვლიანობისა თუ ნამდვილობის შემოწმების უფლება საკასაციო პალატას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ გააჩნია, ამასთანავე, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილითაც დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, რომელთაც სააპელაციო საჩივარი უნდა პასუხობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მხარეს მისცემს გონივრულ ვადას, რათა მან სათანადოდ უზრუნველყოს ხარვეზის გამოსწორება, სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა კი, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.

ზეოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას არ დაურღვევია კანონი, ხოლო კერძო საჩივარში მითითებული გარემოებანი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ წინაპირობებს.

რაც შეეხება ი. ს-ასა და ი. წ-ას მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა აღნიშნულთან მიმართებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიღებული და გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, გასაჩივრებული განჩინება, საფოსტო ქვითრის ასლი, ქ.მოსკოვის პრესნენსკის სახალხო სასამართლოსადმი მიმართვის ასლი, თ. ს-ას პასპორტისა და ი. წ-ას პირადობის მოწმობის ასლი (ტ.II, ს.ფ.43-47; 50-59), სულ 15 ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ს-ასა და ი. წ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორებს დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 15 ფურცლად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.