№ას-294-283-2012 28 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ,,ა-ი“, შპს ,,მ. და უ. ქონება“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ. მ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,გ. მ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ა-ისა“ და შპს ,,მ. და უ. ქონების“ მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, ხოლო შპს ,,ა-მა“ და შპს ,,მ. და უ. ქონებამ“ შეგებებული სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,,გ. მ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,გ. მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შპს ,,ა-ისა“ და შპს ,,მ. და უ. ქონების“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ა-მა“ და შპს ,,მ. და უ. ქონებამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ა-ისა“ და შპს ,,მ. და უ. ქონების“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ა-მა“ და შპს ,,მ. და უ. ქონებამ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს ,,ა-სა“ და შპს ,,მ. და უ. ქონებას“ მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის განჩინებით შპს ,,ა-სა“ და შპს ,,მ. და უ. ქონებას“ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-ისა“ და შპს ,,მ. და უ. ქონების“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ა-სა“ და შპს ,,მ. და უ. ქონებას“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის განჩინებით გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, კერძოდ, მათ მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელ ზ. შ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 6 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 7 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 12 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-ისა“ და შპს ,,მ. და უ. ქონების“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,ა-ისა“ და შპს ,,მ. და უ. ქონების“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.