№ას-296-285-2012 2 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ., მ. და ნ. ც-ები (მოპასუხეები)
წარმომადგენელი – ი. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო ქონებიდან წილის ნატურით გამოყოფა და საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების – გ., მ. და ნ. ც-ების მიმართ დაბა წყნეთში, რ-ის ქ. №20ში მდებარე ბინის 1/4-ის მესაკუთრედ ცნობის, სამკვიდრო ქონებიდან წილის ნატურით გამოყოფისა და საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მირებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. კ. მ-ის სარჩელი გ., მ. და ნ. ც-ების მიმართ დაკმაყოფილდა. კ. მ-ე ცნობილ იქნა დაბა წყნეთში, რ-ის ქ. №20-ში მდებარე უძრავი ქონების (სახლმფლობელობის ფართი 297,58კვ.მ; მიწის ნაკვეთის ფართი 1096კვ.მ) 1/6-ის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ., მ. და ნ. ც-ების წარმომადგენელმა ი. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა გ., მ. და ნ. ც-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტების – გ., მ. და ნ. ც-ების წარმომადგენელი ი. ჯ-ი (ს.ფ.68-69). ასეთ შემთხვევაში კასატორი ვალდებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართა არა უგვიანეს 2012 წლის 21 იანვრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 21 იანვარს და ამოიწურა 2012 წლის 13 თებერვალს, ვინაიდან 11 თებერვალი იყო არასამუშაო დღე-შაბათი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2012 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი გ., მ. და ნ. ც-ების წარმომადგენელმა ი. ჯ-მა ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 14 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორების წარმომადგენელმა ი. ჯ-მა საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა 2012 წლის 14 თებერვალს (იხ. საკასაციო საჩივარი ს.ფ.86-96), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2011 წლის 22 დეკემბერს მოქმედი რედაქციის შესაბამისად განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ სააპელაციო პალატის განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად ჩაბარების დროისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ., მ. და ნ. ც-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.