№ას-299-287-2012 22 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების აღწერისა და დაყადეღების აქტიდან ქონების ამორიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. გ-ის მიმართ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2011 წლის 15 ივნისის აქტიდან ქონების ამორიცხვის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2010 წლის 21 დეკემბერს გაიცა №2-16-2009 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელის ძმა გ. გ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 2721,57 ლარის გადახდა. 2011 წლის 15 ივნისს შედგა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი და ყადაღა დაედო შემდეგ ქონებას: დივანი ორი სავარძლით, მაცივარი „ვესტელი“, გამათბობელი „კარმა“, სარეცხი მანქანა „სამსუნგი“, ჟურნალების მაგიდა, კომპიუტერი „პენტიუმ 4“ მონიტორით, კლავიატურით, პროცესორითა და მაუსით. აქტის მიხედვით ნივთები შეფასებული არ არის, ისინი მოსარჩელის საკუთრებაა და არ ეკუთვნის მოვალე გ. გ-ს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელის არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოპასუხის განმარტებით, ის წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგანაც მიაჩნია, რომ სარჩელზე პასუხი მან არ უნდა აგოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხემ მოითხოვა სათანადო მხარით შეცვლა.
მოპასუხე გიოგი გ-მა კი სარჩელი ცნო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლაშა შუბითიძის 2011 წლის 15 ივნისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა სარეცხი მანქანა „სამსუნგი“ 1 ცალი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სწესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ.გ-მაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც კანონიერ ძალაში შევიდა საკასაციო პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ნაწილობრივ (კომპიუტერის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხვაზე უარის თქმის ნაწილში) და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლელ ლაშა შუბითიძის 2011 წლის 15 ივნისის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა კომპიუტერი მეორადი მონიტორით, კლავიატურით, პროცესორით, მაუსით – „პენტიუმ 4“, დანარჩენ ნაწილში ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ს, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2 721,57 ლარის გადახდა, რაზედაც ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2010 წლის 21 დეკემბერს გაიცა №2/16-2009 სააღსრულებლო ფურცელი. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2011 წლის 15 ივნისის აქტის მიხედვით, აღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლაშა შუბითიძის მიერ, აღწერილი და დაყადაღებულ იქნა ქ.ხაშურში, თ. ქ.№40-ში მდებარე შემდეგი ნივთები: დივანი და ორი სავარძელი; მაცივარი „ვესტელი“; გამათბობელი – „კარმა“; სარეცხი მანქანა „სამსუნგი“; ჟურნალების მაგიდა, კომპიუტერი მონიტორით, პროცესორით, მაუსით – „პენტიუმ 4“. გ. გ-ი არის მოსარჩელე ნ. გ-ის ძმა. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მესამე პირის ვალდებულებას წარმოადგენს ამტკიცოს, რომ გააჩნია აღსრულების საგანზე უფლება. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა შემდეგი: სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 15 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №7 ხელშეკრულებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ხაშურის მუნიციპალიტეტის „საბიბლიოთეკო გაერთიანების“ 2011 წლის 25 ივლისის №67 ცნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს კომპიუტერი მეორადი მონიტორით, კლავიატურით, პროცესორით, მაუსით – „პენტიუმ 4“. რაც შეეხება ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ დანარჩენ ნივთებს: დივანი და ორი სავარძელი; მაცივარი „ვესტელი“; გამათბობელი – „კარმა“ და ჟურნალების მაგიდა, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა დასახელებული ნივთების მისადმი კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, სადავო გარემოების დასადასტურებლად არ იქნა მიჩნეული საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელშიც განთავსებულია სადავო ნივთები, საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. მითითებული გარემოება არ აბათილებს ამ ბინაში აღწერილ და დაყადაღებულ ნივთებზე გ. გ-ის საკუთრების ვარაუდს, იქიდან გამომდინარე, რომ უძრავი ქონების მფლობელები არიან როგორც ნ. გ-ი, ისე მისი ძმა – გ. გ-ი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, დავის გადაწყვეტას არასწორი სამართლებრივი შეფასება დაედო საფუძვლად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლზე და ქონების დაყადარების აქტში მითითებული „პენტიუმ 4-ის“ მარკის კომპიუტერის მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენილად მიჩნევის გამო ჩათვალა, რომ ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში აპელანტმა ვერ გააბათილა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
მოცემულ დავაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, არასათანადო მოპასუხეა, რასაც ადასტურებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლი, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხედ ფინანსთა სამინისტრო, რის გამოც სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. კასატორის ზემოაღნიშნული პოზიცია შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასაც. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, რადგანაც სასამართლომ, ერთი მხრივ, დაარღვია კანონი, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიტანა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და გამოკლისებით. დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია, გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის მიერ საქმის გახილვა-გადაწყვეტისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (საკასაციო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამრთლებრივი შედეგი – საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 ლის 19 ივლისის გადაწყვეტილება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ამორიცხვის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ 264.1 „ა“), რადგანაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული მოსაზრება გაზიარებულ იქნა საკასაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი, ამასთანავე, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში, მოიაზრებს საკასაციო განაცხადის მხოლოდ კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნას. ამდენად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ამორიცხვის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილის მიმართ საკასაციო საჩივრის წარდგენას არ ითვალისწინებს, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო განაცხადი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო პრეტენზიას ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მითითებულ ნაწილში საკასაციო საცივრის დასასვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან სარეცხი მანქანა „სამსუნგის“ ამორიცხვაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნას დაუშვებლად. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.