№ას-304-292-2012 12 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბანკი “ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – კანონისმიერი ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ბანკმა “ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ. და ნო. გ-ების მიმართ მოპასუხე გ. გ-ისათვის 61727,91 ლარის, მოპასუხე ნო. გ-ისათვის 29316,35 ლარის, ხოლო მოპასუხე ნ. გ-ისათვის 28955,75 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „... ბანკი “ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელში მითითებული თანხის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, აპელანტს დაუბრუნდა ნ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 2469.12 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აღნიშნული განჩინება ჩაბარდა გ. გ-ის დას - ნო. გ-ს 2011 წლის 23 დეკემბერს. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. გ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე და აპელანტს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა აპელანტის შვილს – ნ. გ-ს 2012 წლის 10 იანვარს, რაც სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით, დრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნია, აღნიშნულის გათვალისწინებით კი ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2012 წლის 20 იანვარს. 2012 წლის 23 იანვარს გ. გ-მა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის – 2269.12 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 59-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე მუხლით და განმარტა შემდეგი: ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტის შვილს – ნ. გ-ს ჩაბარდა 2012 წლის 10 იანვარს. ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 11 იანვრიდან და ამოიწურა 2012 წლის 20 იანვარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, არ არსებობდა გ.გ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.გ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად სწორია, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის არსებითი მხარე: აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა, ხოლო ხარვეზის გამოსოწრების თაობაზე განცხადებით მან სასამართლოს მიმართა განსაზღვრული საპროცესო ვადის 2 დღის დარღვევით. გასაჩივრებული განჩინება არსებითად არასწორია,რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის საფუძველი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობაა და არა მისი გადახდის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება, რომელსაც, მართალია, თავისი იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა ფორმალურ ხასიათს ატარებს. განსახილველ შემთხვევაში, გ.გ-მა საპროცესო მოქმედება განახორციელა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის ვადის დარღვევა არაარსებითად უნდა იქნას მიჩნეული. კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება სწორია, თუმცა სასამართლოს მითითება საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე – სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე აპელანტის მიერ შესრულებულია. სასამართლოსადმი მიმართვისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევა საპატიო მიზეზით – ფორსმაჟორითაა განპირობებული, რადგანაც გ.გ-ი ცხოვრობს კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ფლავისმანში, მოსული დიდთოვლობის გამო, მისთვის რთული იყო ქ.გორში მდებარე „ბანკ რესპუბლიკაში“ გამოცხადება, 2012 წის 20 იანვარი იყო პარასკევი და ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეუძლებლობამ გამოიწვია აპელანტის ქ.თბილისში, სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას შეეძლო ფორსმაჟორულ გარემოებაზე მიეთითებინა 2012 წლის 23 იანვარს წარდგენილი განცხადებითაც, რასაც სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებდა კიდეც, თუმცა აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებლობა გამოიწვია მისმა სამართლის არცოდნამ და იურიდიულმა გაუთვითცნობიერებლობამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის 2012 წლის 6 იანვრის განჩინება 2012 წლის 10 იანვარს საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა გ. გ-ის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, შვილს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარებად მიიჩნევა. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით აპელანტს სრულყოფილად განემარტა საპროცესო მოქმედების განხორციელების წესი: განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარდეგინა სახელმწიფო ბაჟის – 2269,12 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. დადგენილია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ბაჟი გ. გ-ის სახელით გადაიხადა ნ. გ-მა 2012 წლის 20 იანვარს. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადედბით კი დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატვების თაობაზე, თუ დაადგენს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა. კანონდებელი აღნიშნული დანაწესების შემოღებით ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობებს და ამ წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, იმპერატიულად ადგენს საჩივრის დაუშვებლად ცნობის აუცილებლობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სწორად გამოთვალა საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და დასასრული, რაც, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 23 იანვარს, საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლო ინფორმირება დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში ფორმალური წინაპირობაა და, რომ აპელანტის მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა საპროცესო მოქმედების სრულყოფილად განხორციელების წინაპირობაა, რადგანაც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ მხარე ვალდებული იყო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება. საკასაციო პალატის აღნიშნული განმარტება დადგენილია უზენაესი სასამართლოს სტაბილური ერთგვაროვანი პრაქტიკითაც, სადაც მსგავსი შემთხვევისას სასამართლომ არ ჩათვალა გამოსწორებულად ხარვეზი, როდესაც მხარემ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა და დაარღვია სასამართლო ინფორმირების ვადა ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას (იხ.სუსგ 2010 წლის 12 აპრილი, საქმე №ას-191-182-2010 ჯაფარიძე). ამასთანავე, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ დიდთოვლობის გამო აპელანტმა ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ მან დიდთოვლობის გამო ვერ შეძლო კონფლიქტის ზონიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება, რაც ფორსმაჟორულ გარემოებას წარმოადგენს, პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესწავლით მითითებულის საწინააღმდეგო დასკვნა შეიძლება იქნა გაკეთებული: ის ფაქტი, რომ 2012 წლის 20 იანვარს მხარემ (მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა) შეძლო ქ.თბილისში, სს „ბანკ რესპუბლიკაში“ გამოცხადება, აღნიშნული არ გამორიცხავდა ამავე ვადაში სასამართლოს თუნდაც ფოსტის მეშვეობით ინფორმირების შესაძლებლობას, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.