Facebook Twitter
№ას-295-284-2012

№ას-306-293-2012 5 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - სს „... ბანკის“ სარჩელის გამო, მოპასუხეები ზ. და ნ. ჯ-ეების მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან ნათელია, რომ ნ. ჯ-ე და მისი წარმომადგენელი ც. ფ-ე ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (ტ.II ს.ფ. 43-44).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 11 იანვარი, ხოლო 30-ე დღე – 21 იანვარი, ამდენად კასატორს შეეძლო, მისულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2012 წლის 11 იანვრიდან 2012 წლის 21 იანვრამდე.

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ ნ. ჯ-ე სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 26 იანვარს (ტ.II, ს.ფ.58). გამომდინარე აქედან საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 22 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ სწორედ ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან - 2012 წლის 22 იანვრიდან უნდა დაიწყოს საკასაციო საჩივრის შეტანის 21 - დღიანი ვადის ათვლა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ ნ. ჯ-ემ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 16 თებერვალს (აღნიშნული გარემოება დასტურდება საკასაციო საჩივარზე დასმული სასამართლო კანცელარიის შტამპით, ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი საჩივრის შევსების თარიღად უთითებს სწორედ 2012 წლის 16 თებერვლას, იხ. საკასაციო საჩივარი (ტ.II, ს.ფ.59-65), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ჯ-ის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის (ამ საპროცესო მოქმედების შესრულების) მომენტისათვის მოქმედებდა გასაჩივრების 21 – დღიანი ვადა, რაც მიუთითებს ამ ნორმის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.

გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხის შეფასება სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი პრეზუმფციების მეშვეობითაც. საპროცესო კანონის ცოდნის პრეზუმფცია გულისხმობს კანონის გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის შემდეგ საზოგადოების ნებისმიერი ფენის მიერ მისი ცოდნის ვარაუდს. კანონის ცოდნის პრეზუმფცია ვრცელდება ნებისმიერ გამოქვეყნებულ კანონებზე. პრეზუმფციის ეს სახე გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ძველი რომის სამართლში. ცნობილია, ასეთი სახის გამონათქვამები – ,,არავინ არ ითვლება კანონის არმცოდნედ’’, ,,კანონის არცოდნა, რომელთა ცოდნაც სავარაუდოა, არ გამოიყენება იმ პირის საპატიებლად, რომელმაც დაარღვია კანონი.’’ მგავსი დებულება მოცემულია დღეისათვის მოქმედ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმად, კანონის არცოდნა არ ითვლება პასუხიმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობად. საპროცესო კანონის ცოდნის პრეზუმფცია არ არის კანონში მოცემული პრეზუმფცია, მაგრამ იგი გამოიყენება პრაქტიკაში. საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ან არასწორად შესრულება საპატიოდ არ მიიჩნევა კანონის არცოდნის მიზეზით. ეს განსაკუთრებით ეხება საკასაციო და სააპელაციო ინსტანციებს, სადაც მხარის წარმომადგენლად მონაწილეობის უფლება მხოლოდ ადვოკატებს აქვთ. მათი აპელირება კანონის არცოდნაზე გაუმართლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას ანუ გასაჩივრების მომენტისათვის მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა, ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.