№ას-314-300-2012 30 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-ის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 411-ე და 414-ე მუხლების საფუძველზე და მოითხოვა სწავლის საფასურის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
რ. მ-ე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2002 წლის 26 აგვისტოს №94 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ხოლო ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 66-ე მუხლით სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს სწავლის საფასურის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გადაუხდელობისას.
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტუდენტი ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში ვალდებულია სწავლის საფასური გადაიხადოს სემესტრულად და შესაბამისად ორ ეტაპად, სწავლის საფასურის 50% პირველი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე, ხოლო მეორე სემესტრისათვის სწავლის წლიური საფასურის 50% მეორე სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. პირველ სასწავლო წელს სტუდენტი იხდის წინასწარ, სწავლის დაწყებამდე მთელი წლის საფასურის 100%-ის ოდენობით.
რ. მ-ის მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული წესები, რის გამოც მას რექტორის 2008 წლის 1 დეკემბრის №3-651 ბრძანებით შეუწყდა რსუ-ს სტუდენტის სტატუსი.
მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლიდან რ. მ-ე სამართლებრივად ითვლებოდა სტუდენტად, მასზე ირიცხებოდა სწავლის საფასური რომელმაც შეადგინა 880 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე უნივერსიტეტმა მოითხოვა აღნიშნული თანხის რ.მ-ისათვის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მისი უსაფუძვლობის გამო და განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, გამომდინარე აქედან, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მოპასუხე მხარეს გაეგზავნა წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება და საკასაციო საჩივრის ასლი.
2012 წლის 26 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ლია გაბაიძემ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. მოპასუხე 2012 წლის 29 მარტს შემოსული განცხადებით აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა (ტ.I, ს.ფ.163).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათ გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა, რომელსაც მოპასუხე რ. მ-ეც ეთანხმება. ამდენად არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ლია გაბაიძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად, ამასთან, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარი.
s a r e z o l u c i o n a w i l i:
sakasacio sasamarTlom ixelmZRvanela saqarTvelos samoqalaqo saproceso kodeqsis 831, 284-e muxlebiT da
d a a d g i n a:
1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი დარჩეს განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
3. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საიდენთიფიკაციო ...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან (ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE79 BR00 0000 0033 0500 01.) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №... საგადასახადო დავალებით 2012 წლის 2 თებერვალს გადახდილი 150 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.