Facebook Twitter

№ას-315-301-2012 30 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე - ო. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. თ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

2012 წლის 12 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ლია გაბაიძემ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე. მოპასუხე ო. თ-ე აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა (იხ. 2012 წლის 21 მარტის სატელეფონო აქტი ტ.I, ს.ფ.171).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათ გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის გამოხმობისათვის აუცილებელია მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა, რომელსაც მოპასუხე ო. თ-ე ეთანხმება. ამდენად არ არსებობს კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელ ლია გაბაიძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად, ამასთან, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი დარჩეს განუხილველად სარჩელის გამოხმობის გამო.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საიდენთიფიკაციო ...) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი (2012 წლის 2 თბერვალი, საგადახდო დავალება №203 ) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.