Facebook Twitter
საქმე №ას-319-305-2012

№ას-319-305-2012 2 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას სარჩელის გამო, გ. ქ-ისა და პ. ნ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო ზ. მ-ის საკასაციო საჩივარს ხარვეზი უნდა დაუდგინდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას წარმომადგენელი ბ. ბ-ი ( ტ.II, ს.ფ.61, რწმუნებულებები იხ. ტ.I, ს.ფ. 38-42). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2012 წლის 10 იანვარი, ხოლო 30-ე დღე – 20 იანვარი. გამომდინარე აქედან კასატორებს ან მათ წარმომადგენელს შეეძლოთ გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინათ 2012 წლის 10 იანვრიდან 2012 წლსი 20 იანვრამდე. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ბ. ბ-მა დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა ვადის დარღვევით – 2012 წლის 24 იანვარს (ტ.II,ს.ფ. 76).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 20 იანვარს და დასრულდა 2012 წლის 9 თებერვალს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მხარის წარმომადგენელმა ბ. ბ-მა საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 20 თებერვალს (აღნიშნული გარემოება დასტურდება საკასაციო საჩივარზე დართული ფოსტაში ჩაბარების დამდასტურებელი დოკუმნეტით, ტ.II, ს.ფ. 85), ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე 2012 წლის 20 თებერვალია მითითებული (ტ. II, ს.ფ. 84), რაც უტყუარად ადსტურებს კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა კასატორებს დარღვეული აქვთ ბ.ბ-ის მიერ დასაბუთებული განჩინების ჩაბარების დღიდანაც.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: მართალი გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2011 წლის 21 დეკემბერს მოქმედი რედაქციის შესაბამისად განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, თუმცა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დაწყების დროისათვის – 2012 წლის 20 იანვრისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).

რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, ზ. მ-ის პრეტენზიის ნაწილში, პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს მის მიერ ბ. ბ-ის სახელზე გაცემულ რწმუნებულებას ვადა ჰქონდა გასული, ამასთან მხარისათვის არ იყო ცნობილი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ ზ. მ-ეზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი და საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაცულად უნდა ჩაეთვალოს.

ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივარს ზ. მ-ის პრეტენზიის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს დაევალოს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარით. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება 76376.53 ლარითაა განსაზღვრული, რომლის 5 % – 3818.82 ლარია. ამდენად ზ. მ-ის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 3818.82 ლარს.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. განსახილველი საკასაციო საჩივარი შემოტანილია ბ. ბ-ის მიერ, მაგრამ საქმეში არსებულ, ზ. მ-ის მიერ გაცემულ მინდობილობას ვადა აქვს გასული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ზ. მ-ეს უნდა დაევალოს 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 3818.82 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, ბ. ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივარს ზ. მ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს 3818.82 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE79 BR00 0000 0033 0500 01, დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.

4. წარმოადგინოს მის მიერ ბ. ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა.

5. თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაშიდა განუხილველად დარჩება.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.