Facebook Twitter
saqarTvelos uzenaesi sasamarTlo

№ას-32-32-2012 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ინდივიდუალური მეწარმე „ს. ი-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კომპანია ბ. გ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს საფასურის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდივიდუალურმა მეწარმე „ს. ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. გ-ის“ მიმართ 2009 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს საფასურის 21 050 ლარის გადახდისა და ზიანის – 6 921 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ინდივიდუალური მეწარმე „ს. ი-ის“ სარჩელი შპს ,,კომპანია ბ. გ-ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 4 ივლისს შპს ,,კომპანია ბ. გ-სა” და ინდივიდუალურ მეწარმე „ს. ი-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ფეკალური ნარჩენების გატანაზე.

2010 წლის 28 მაისს მოსარჩელე ს. ი-მა სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს „კომპანია ბ. გ-ის” მიმართ 2009 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხდელი თანხის – 21 050 ლარისა და ზიანის – 3 003 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2011 წლის 23 ივნისს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ინდივიდუალურმა მეწარმე „ს. ი-მა“ მოპასუხე შპს „კომპანია ბ. გ-ის“ მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 4 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს საფასურის – 21 050 ლარის გადახდა და ზიანის – 6921 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან არსებობს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება მიღებულია ფიზიკური პირის – ს. ი-ის მიმართ, ხოლო განსახილველი სარჩელი აღძრულია ინდივიდუალურ მეწარმე „ს. ი-ის“ მიერ, ამიტომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გამოტანილია სხვა მხარის მიმართ.

აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობას ასრულებას, როგორც ფიზიკური პირი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ინდივიდუალურმა მეწარმე „ს. ი-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტი, რომლის ძალითაც ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი.

აღნიშნული განმარტება კონკრეტული ურთიერთობიდან გამომდინარე უკანონოა, ვინაიდან 2009 წელს შპს „კომპანია ბ. გ-სა“ და ინდივიდუალურ მეწარმე „ს. ი-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება. ორ სამეწარმეო სუბიექტეს შორის შესრულებული სამუშაოს თაობაზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები. შესრულებული სამუშაოს შესაბამისად იმ დროს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტმა წარადგინა საგადასახადო ორგანოში წლიური დეკლარაცია. შესაბამისად, მხარე სახელშეკრულებო ურთიერთობაში მეწარმე სუბიექტია, რომელიც არ ყოფილა მოსარჩელე 2010 წელს აღძრულ სარჩელზე.

სასამართლომ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლების დაკმაყოფილებაზე მხარეს უარი უთხრა იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ შეუძლებლად ჩათვალა ინდივიდუალურ მეწარმე „ს. ი-ის“ მიერ შრომითი ურთიერთობის შესრულების შესაძლებლობა და ასეთი გარიგება მეწარმე სუბიექტებს შორის ბათილ გარიგებას წარმოადგენდა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტით ინდივიდუალური მეწარმე აღიარებულია უფლებავალდებულ სუბიექტად იმ დროიდან, როდესაც იგი რეგისტრაციას გაივლის. თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფიზიკურ პირთან გაიგივებული მეწარმე პირი რეგისტრაციამდე რაიმე ქმედებას განახორციელებს მეწარმის სახელით, იგი, როგორც ფიზიკური პირი (და არა როგორც მეწარმე) პასუხს აგებს პერსონალურად და არ დაეკისრება ვალდებულება ინდივიდუალურ საწარმოს, შესაბამისად, ფიზიკური პირი ვერ წარადგენს მოთხოვნას საწარმოს სახელით. მითითებული ვალდებულება და უფლებაც, ძალაში რჩება საწარმოს რეგისტრაციის შემდგომაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ინდივიდუალური მეწარმე სამართალურთიერთობის მხარეა. ანუ, მოსარჩელე, როგორც სამართალურთიერთობის მხარე, ინდივიდუალური საწარმო „ს. ი-ია“, რადგან მან დადო ხელშეკრულება შპს „კომპანია ბ. გ-თან“ და არა ფიზიკურ პირ ს. ი-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ მეწარმე „ს. ი-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო არ განიხილავს საქმეს და შეწყვეტს მის წარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით ერთხელ უკვე გადაწყდა დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგნითა და იმავე საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ინდივიდუალურ მეწარმე „ს. ი-ის“ სარჩელი შპს „ბლქე სი გ-ის“ მიმართ შესრულებული საუშაოს საფასურისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

საქმეში წარმოდგენილია ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული №2/55-10 გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ი-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ბ. გ-ის“ მიმართ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხდელი თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გადაწყვეტილებით შეუსრულებელი ვალდებულების გამო ყოველი გადაცდენილი დღისათვის თანხის მოთხოვნა ტრანსფორმირდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული დავები წარიმართა ერთსა და იმავე მხარეებს შორის, იდენტურ საგანზე და იმავე საფუძვლებით.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ 2010 წელს განხილულ დავაში მონაწილეობდა ფიზიკური პირი ს. ი-ი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეა ინდივიდუალური მეწარმე „ს. ი-ი“, რის გამოც სადავო ორ საქმეზე მოსარჩელეები სხვადასხვაა.

სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა და განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტი, რომლის მიხედვით ამ კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. შესაბამისად, ფიზიკურ პირ ს. იგითაინი და ინდივიდუალური მეწარმე „ს. ი-ი“ ერთი და იგივე სამართალსუბიექტია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძვლის არსებობა მხარემ ვერ დაასაბუთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდივიდუალურ მეწარმე „ს. ი-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;