Facebook Twitter

№ას-341-326-2012 30 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ა-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე – ნ. ა-ის სარჩელის გამო, შპს „ს. ს. ი-ის“, ზ. ზ-ის, ლ. ლ-ის, ვ. კ-ის, შპს „ა-ეს“, ნოტარიუს მ. ჟ-ას, ნოტარიუს მ. ბ-ის, ა. ბ-ის, დ. ს-ის, გ. ხ-ის, ო. ტ-ის, თ. ბ-ის, ა. გ-ისა და მ. ყ-ის მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობის, სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ცვლილებების ბათიალდ ცნობის, საზოგადოების წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებისა და სანოტარო აქტების ბატილად ცნობის თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით, ნ. ა-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება მხარე გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და პირადად ჩაბრდა 2012 წლის 17 მარტს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 18 მარტს და დასრულდა ამავე წლის 20 მარტს. აღნიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. ა-ს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ა-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.