Facebook Twitter

ბს-440-421(კ-06) 29 ნოემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. გ-ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ც-ძე (მოსარჩელე)

მოპასუხე სარჩელში _ ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ბათუმის სააღსრულებო ბიუროსა და სუსანა გოგიბერიძე-სახიევას მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. გ-ძე-სახიევას სარჩელი შპს “---ს” მიმართ 23677 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით განხილვის შემდეგ უცვლელად დარჩა და შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში. აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში ი. ც-ის ყოფილი მეუღლის _ ე. ც-ის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ ი. ც-სათვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და მის საფუძველზე 2000 წლის 13 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ჩამატებული იყო სიტყვები _ “--- ი. ც-ეს” და ხელოვნურად იყო შეცვლილი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი. სადავო თანხის გადახდა რომ ნამდვილად იურიდიულ პირს _ შპს “---ს” დაეკისრა, დასტურდებოდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარის შეკითხვაზე მოსამართლე ა. ფ-ას 2003 წლის 1 მაისის ¹-- წერილიდან.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” პუნქტი _ სააღსრულებო ფურცელში არ იყო აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ნამდვილი შინაარსი, კერძოდ, შპს “---ს” ნაცვლად მითითებული იყო შპს “---ს” დირექტორზე, მაშინ, როდესაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალებზე თვითონ შპს აგებდა პასუხს თავისი ქონებით და არა ფიზიკური პირი.

სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ ზემოაღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში განხორციელებული ჩამატების შედეგად ყადაღა დაედო არა შპს “---ს”, არამედ ი. ც-ის ქონებას, რითაც დაირღვა მისი საკუთრების უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 მარტის სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და თავის სახელზე რიცხული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 13 მარტის ¹-- სააღსრულებო ფურცელი შპს “---ს” --- ი. ც-სთვის მოსარჩელე სუსანა გოგიბერიძე-სახიევას სასარგებლოდ 23677 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, როგორც უკანონო; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სუსანა გოგიბერიძე-სახიევამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის განჩინებით სუსანა გოგიბერიძე-სახიევას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე იყო არა ფიზიკური პირი _ ი. ც-ძე, არამედ იურიდიული პირი _ შპს “ჩაო”, ამიტომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-2 და მე-20 მუხლების თანახმად, სააღსრულებო ფურცელიც აღნიშნულ იურიდიულ პირზე უნდა გაცემულიყო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულ პირს წარმოადგენდა არა ფიზიკური პირი _ ი. ც-ძე, არამედ იურიდიული პირი _ შპს “---”, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სწორად გააუქმა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტ ს. გ-ას გაეგზავნა სასამართლო უწყება, მაგრამ ამავე სასამართლოში შევიდა შეტყობინება, რომ ხსენებულ უწყებაში მითითებულ ქუჩაზე არ იყო ამავე უწყებაში აღნიშნული ნომრის შესაბამისი სახლი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო უწყება აპელანტისთვის ჩაბარებულად ითვლებოდა, რადგან იგი ვალდებული იყო ეცნობებინა სასამართლოსთვის, თუ მას შეცვლილი ჰქონდა მისამართი და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო განეხილა და გადაეწყვიტა საქმე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა დაკმაყოფილებულ ნაწილშიც.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით კასატორის სასარგებლოდ 23677 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა იურიდიულ პირს _ შპს “---ს”. კასატორის მტკიცებით, მას შესაბამისი ხელშეკრულება დადებული ჰქონდა პირადად ი. ც-სთან და სწორედ ი. ც-ძე, როგორც შპს “---ს” ---ი, წარმოადგენდა მოპასუხეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა გარემოება იმის შესახებ, რომ სუსანა გოგიბერიძე-სახიევამ მისამართი შეიცვალა და შესაბამის სასამართლო უწყებაში მითითებულ ქუჩაზე არ იყო ამავე უწყებაში აღნიშნული ნომრის შესაბამისი სახლი. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და იგი კვლავ იმავე მისამართზე ცხოვრობს, კერძოდ, მისი მისამართია _ ქ. ბათუმი, ---ს ქ. ¹36, ბინა ¹--.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-2 და მე-20 მუხლები, აგრეთვე, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 7 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 18 ოქტომბრამდე.

ი. ც-ის წარმომადგენელმა დ. კ-ემ უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება ს. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ს. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 29 ნოემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ს. გ-ამ მისამართი შეიცვალა და სასამართლო უწყებაში მითითებულ ქუჩაზე არ იყო ამავე უწყებაში აღნიშნული ნომრის შესაბამისი სახლი, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და იგი კვლავ იმავე მისამართზე ცხოვრობს, კერძოდ, მისი მისამართია _ ქ. ბათუმი, ---ს ქ. ¹36, ბინა ¹--.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, ს. გ-ამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2005 წლის 3 ივნისს წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში შპს “---ს” შესახებ ბათუმის საგადასახადო ინსპექციიდან კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე განცხადებაში თავის მისამართად მიუთითა ქ. ბათუმი, ---ს ქ. ¹36, ბინა ¹--. საქმეში წარმოდგენილია აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მიმართვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმი აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოცემული საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქვემდებარეობისამებრ გადაგზავნის თაობაზე. ხსენებულ მიმართვაში მითითებულია, რომ ამ მიმართვის ასლი გადაეგზავნა ასევე ს. გ-ას შემდეგ მისამართზე _ ქ. ბათუმი, ---ს ქ. ¹7, ბინა --/--. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ას სააპელაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 6 მარტს, 13.00 საათზე. სააპელაციო სასამართლომ ს. გ-ას გაუგზავნა სასამართლო უწყება და მიიწვია ამავე სასამართლოში 2006 წლის 6 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, ამასთან, ს. გ-ას მისამართად მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმი აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მიმართვაში აღნიშნული ს. გ-ას მისამართი _ ქ. ბათუმი, ---ს ქ. ¹7, ბინა --/--. საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებიდან (ს.ფ. 54) ირკვევა, რომ ს. გ-ას არ ჩაჰბარდა ზემოაღნიშნული სასამართლო უწყება (იმ მოტივით, რომ მასში მითითებულ ქუჩაზე მსგავსი ნომრის სახლი საერთოდ არ იყო), რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სასამართლო სხდომა გადადო 2006 წლის 31 მარტს, 14.00 საათისთვის და სასამართლო უწყება გააგზავნა იმავე მისამართზე _ ქ. ბათუმი, ---ს ქ. ¹7, ბინა --/--. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 31 მარტის სხდომაზე მიიჩნია, რომ მხარეები (მათ შორის, ს. გ-აც) გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, განიხილა ს. გ-ას სააპელაციო საჩივარი და მიიღო განჩინება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ს. გ-ას სააპელაციო საჩივარში მითითებული მისამართი, დაეყრდნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმი აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მიმართვაში არასწორად მითითებულ ს. გ-ას მისამართს და, შესაბამისად, არასწორ მისამართზე გაუგზავნა მას სასამართლო უწყებები, ანუ ისე განიხილა ს. გ-ას სააპელაციო საჩივარი, რომ ს. გ-ას საერთოდ არ მიუღია შესაბამისი სასამართლო შეტყობინება კანონით დადგენილი წესით და მისთვის ცნობილი არ იყო სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ი. ც-ემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. გ-ას სარჩელი შპს “---ს” მიმართ 23677 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით განხილვის შემდეგ უცვლელად დარჩა და შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო შემდეგ ი. ც-სათვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და მის საფუძველზე 2000 წლის 13 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ჩამატებული იყო სიტყვები _ “---ს ი. ც-ეს” და ხელოვნურად იყო შეცვლილი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის რეალური შინაარსი და 2000 წლის 13 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისობა ხსენებულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილთან, სააპელაციო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან არ გამოუთხოვია ს. გ-ას სარჩელთან დაკავშირებული სამოქალაქო საქმე, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოცემულ საქმეში საერთოდ არ არის წარმოდგენილი ს. გ-ას ხსენებული სარჩელი. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული საქმის გამოთხოვა აუცილებელი იყო საქმის ნამდვილ ვითარებაში გარკვევისათვის და, შესაბამისად, ი. ც-ის სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მსჯელობისა და მოცემულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის მიხედვით _ თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ ყოველმხრივ არ გამოიკვლია და სრულყოფილად არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის, კერძოდ, აპელანტის _ ს. გ-ას დაუსწრებლად, დაარღვია აღნიშნული კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საქმის მხარეთა სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი და, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” და “ე1” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძვლები.

ამდენად, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვოს ს. გ-ას სარჩელთან დაკავშირებული სამოქალაქო საქმე, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, იმსჯელოს, როგორც ს. გ-ას სააპელაციო საჩივრის, ისე ი. ც-ის სარჩელის საფუძვლიანობაზე და მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მარტის განჩინება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.