№ას-353-337-2012 12 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ნ-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ნ-ის“ სარჩელის გამო, ჯ. მ-ისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ თანხის დაკსირების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ნ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს განჩინება დათარიღებულია 2011 წლის 14 დეკემბრით, კასატორი საკასაციო საჩივარშიც უთითებს, რომ ასაჩივრებს 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებას, მაგრამ სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა, ამდენად, მოცემული საკასაციო საჩივრით 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება უნდა მივიჩნიოთ გასაჩივრებულად. შპს „ნ-ის“ წარმომადგენელ გ. წ-ისათვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (ტ.IV, ს.ფ. 133).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2012 წლის 4 იანვარი, ხოლო 30-ე დღე _ ამავე წლის 14 იანვარი. ამდენად მხარის წარმომადგენელს შეეძლო მისულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და დასაბუთებული განჩინება ჩაებარებინა 2012 წლის 4 იანვრიდან 2012 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ნ-ის“ წარმომადგენელმა გ. წ-ემ (იხ.რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.101) სააპელაციო სასამრთლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება ჩაიბარა 2012 წლის 10 თებერვალს, ვადის დარღვევით (ტ.IV, ს.ფ. 157). გამომდინარე აქედან გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 14 იანვრიდან, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლსი 14 იანვარს და დასრულდა 2012 წლის 3 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ შპს „ნ-ის“ წარმომადგენელმა გ. წ-ემ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 13 თებერვალს (აღნიშნული გარემოება დასტურდება საკასაციო საჩივარზე დართული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ კონვერტზე დასმული შტამპით, ტ.IV, ს.ფ. 169), ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღადაც 2012 წლის 13 თებერვალია მითითეული, რაც უტყუარად ადსტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: შპს „ნ-ის“ მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 14 იანვრიდან, ამ დროისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).
შპს „ნ-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 13 თებერვალს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი 1990 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ნ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. კასატორ შპს „ნ-ს“ (საიდენტიფიკაციო ...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან (ს.ს. ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №GE79 BR00 0000 0033 0500 01.) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №... საგადახდო დავალებით 2012 წლის 13 თებერვალს გადახდილი 1990 ლარი. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.